გლამურული პრემიერა
სიტყვა “გლამურზე” სამარადისო ალერგია მაქვს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რომელიმე ქართველი კოსმიური სხეული (“ვარსკვლავად” წოდებული) ხელოვნური ღიმილითა თუ მოჩვენებითი სიხალასით კამერის წინ დგას და “აი, ძაან მაგარია”–ს ამბობს. თუმცა, ცოტა ხნის წინ “თბილისი LIVE”-ს ეგიდით ისეთი დაჯილდოვება გაიმართა, მხოლოდ მე კი არა, “ოსკარის” ქანდაკებაც საკუთარი მახვილით ჰარაკირის გაკეთებას აპირებდა თურმე და ძლივს გადააფიქრებინეს. “შენა გგვანან მაჯლაჯუნები” სწორედ ამ დაჯილდოვების შემდგომ დაწერილი პოსტია, სადაც კალო ტელეკომპანია “იმედსა” და ზეპურ საზოგადოებას აკრიტიკებს: “ტაში დავუკრათ ჩვენს პატივცემულ “ბომონდს”, მოვისმინოთ სიმღერების პრემიერები პოპ “ძივებისგან” ექსკლუზიურად ამ გადაცემისთვის (გადაცემებში სიმღერების პრემიერები და “აღსარებების” ექსკლუზივები ხომ ძალიან პოპულარული გახდა ჩვენს ტელეარხებზე), გავაკეთოთ პროგნოზები, ბოლოს და ბოლოს გამოექანება და დაახტება თუ არა “ელიტის” ერთი დაფასებული წევრი მეორეს და ბოლოს, ვიდარდოთ იმაზე, ექნება თუ არა თბილისი ლაივის წამყვანს სექსი დღეს საღამოს, კონცერტის შემდეგ”
“მოგესალმებიიიიით, ახლა ვიმყოფები თბილისის ყვეეეეეეეელაზე გლამურულ ივენთზე, სადაც უკვე შეიკრიბნენ ქართველი სელებრითებიიიიიიი… აქ უკვე ძაააააან მაგარი აურაააა და მე გადავინაცვლებ დიჯეისთან, რათა გავიგო რას შემოგვთავაზებს იგი დღეეეეს…” – თიკო სადუნიშვილის ეს ჭეშმარიტად ქართული სიტყვები კი ცინიკას ბლოგზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. “თბილისური გლამური და F–ეშენი” ძველი პოსტია, მაგრამ “სიბზინვარე” (იხ. “თიკურ–ქართული ლექსიკონი”) დღემდე არ დაუკარგავს და წერის ირონიული სტილიდან გამომდინარე, თიკოს ავტორისეული პორტრეტი ნამდვილად კარგი წასაკითხია.
პოპულარულ საიტს გვპირდებიან “ქართველი ანონიმებიც”, რომლებიც მათივე თქმით “ცნობილი ტიპები” არიან და ვინაობის დაფარვის გზით “ციხის შიგნიდან გატეხვასაც” აპირებენ. მართალია, სატელევიზიო შოუ “კოდი”–ს გაშიფვრის (რომლის გამარჯვებული თურმე წინასწარ იყო ცნობილი) შემდეგ, ანონიმებმა “სეზონის” გადაღების პროცესის შესახებ კულუარული ინფორმაციაც გამოაქვეყნეს, მაგრამ “მძიმე დილემა”, შეესაბამება თუ არა მათი მონაყოლი სინამდვილეს, უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
ვეტერანები VS “ვერანები”
ვეტერანების აქციის დაშლაზე ბევრი ითქვა, იგინა და დაიწერა. “მიმიფურთხებია ქვეყნის მთავარსარდალო” კი ამ გინების ნათელი მაგალითია, სადაც სოლიტერი “სიტყვის თავისუფლების ხარისხს ამოწმებს” და ვეტერანების აქციის დარბევის გამო ქვეყნის პრეზიდენტს (და არამხოლოდ მას) მიმართავს: “ყველაზე მეტად მომიფურთხებია შენთვის, უბადრუკი ქვეყნისუბადრუკო პრეზიდენტო და მთავარსარდალო, იმიტომ, რომ მატყუებ! მერე მატყუებ რომ არ მატყუებ, და მერე ისევ მატყუებ, რომ არ მატყუებ. მომიფურთხებია იმიტომ, რომ ენა გიჭრის და საჭირო დროს საჭირო რიხით აფერისტულად და წარბშეჭმუხნული იხმობ ყველას, ვინც იმწუთას გჭირდება. ხოლო არასაჭირო დროს მზად ხარ ყველანაირი კანონის დარღვევის საფასურად, მთელი ძალით ჩააჭირო ძალოვანი სტრუქტურებით გამაგრებული წიხლი “შენს ხალხს”, რომელსაც 2008–ში ტრაკაცახცახებული უხმობდი იმ საქმისთვის, რომელსაც “სამშობლო და უფალი არ დაივიწყებდა”
პრეზიდენტისთვის სასიამოვნო წასაკითხი არც მაინცდამაინც სოლომონ თერნალელის ბლოგი უნდა აღმოჩნდეს, რადგან “ლაჩრების შური” კომპლიმენტად (კურდღლის წელიწადის მიუხედავად) მაინც ძნელად თუ ჩაითვლება: “სააკაშვილი ოცნებობს იმ დროზე, როცა არცერთი აფხაზეთის ომის ვეტერანი არ იქნება ცოცხალი, როცა არც ერთი 2008 წლის ომის ვეტერანი არ იქნება ცოცხალი, როცა გორის გარბენის არცერთი მხილველი არ იქნება ცოცხალი და როცა ის ყველას ამაყად და შვებით მოუყვება, როგორ მოიგო ასწლიანი ომი რუსეთთან, როგორ დახოცა მტრის მთელი დივიზია, როგორ უძღოდა ტანკებს თეთრი ფორმულა–3–ის მანქანით (ან რეაქტიული გამანადგურებლის შტურვალთან), როგორ იღებდა სევასტოპოლს და ვლადივოსტოკს! როგორ მარტოდმარტომ შეანგრია კრემლის კედელი თავით… მიუნჰაუზენობას ხომ საზღვარი არ აქვს…”
კარგი პოსტის აღმოჩენა შეგიძლიათ ბლოგზე ლიტერატორისა, რომელიც “ერი გულადი, პურადი”–ს ა(ღა)რარსებობიდან გამომდინარე, უკვე სხვა საქართველოს ძიებაზეა გადასული: “სხვა საქართველო ბათუმშია. კარერასი ბათუმშია, დომინგო ბათუმშია, ბოჩელი ბათუმშია, რიოს საზამთრო კარნავალიც ბათუმშია, რკინის შერწყმადი სხეულებიც ბათუმშია, თვალებში შესაყრელი ნაცარიც ბათუმშია…”
მცი(ნა)რე გადახვევა
(შენიშვნა: სანამ ამ პუნქტის კითხვას შეუდგებოდეთ, სასურველია, რომ ცივი წყალი მოიმარაგოთ)
ჩვენ ყველანი “wordpress”–ის შვილები ვართ. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ პანდორას ყუთს გავხსნით, სოციალური ცხოველის მიერ პაროდირებულ რეიტინგულ პოსტებს წავიკითხავთ და მათ შორის “საქვეყნოდ ცნობილ დიად ბლოგერებსაც” აღმოვაჩენთ. პაროდიული რუბრიკა შეგვხვდება ლაშარელას ბლოგზეც, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ორი: სახე–განთქმული და სიტყვათა ინკვიზიტორი ბლოგერია გაშარჟებული.
“C’est la vie”
“ბიტლზი” იმდენი ხანი არ მყავდა ნახსენები, რომ სინდისი უკვე დამუნათებას მიწყებდა. თუმცა, ბედად, სოფი გოლდენს ქალაქ ჰალეში სპონტანური გასვლა და “ბიტლზების” მუზეუმის დათვალიერება მოუწია: “დიახ, ზუსტად იმ “ბითლზისა”, რომელიც არასოდეს ყოფილა ამ ქალაქში, მაგრამ ფანებმა მაინც გახსნეს მათი მუზეუმი… შედიხარ და მაშინვე სხვანაირი სუნი დგას, 60–იანებიდან იწყება და 90–იანებით მთავრდება… ფოტოები არ გადამიღია, ამ ბოლო დროს მგონია, რომ დრო არ უნდა დავკარგო. ჩემზე კარგ სურათებს სხვები იღებენ და გუგლში ყველაფრის ნახვა შეიძლება, მე კიდევ – მხოლოდ შეგრძნებები მინდა შევაგროვო და შთაბეჭდილებები ადამიანის თუ ადგილების შესახებ”
ღმერთისადმი თბილ და გულწრფელ მიმართვას (სადაც, გაგიკვირდებათ და მას მღვდლების ჯიპების გამო პასუხისგებას არავინ სთხოვს) ხისსუნიან ბლოგზე შეგიძლიათ გაეცნოთ. თუმცა, ამ “საყვედრებელ თემას” (“ბოჩელი ვჭამოთ?” პათოსით) გვერდს ვერც ის უვლის: “მეოთხე ამბობს, რომ არ უნდა დადიოდნენ მღვდლები ჯიპებით და ამ დროს ვიღაცები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ და მეკითხება სად არის ამ დროს ჩემი ღმერთი. მე ვიბნები და ვპასუხობ, რომ მხოლოდ მღვდლები არ დადიან ჯიპებით და მშიერ სიკვდილზე მხოლოდ ისინი არ არიან პასუხისმგებელნი. არ ვიცი, რამდენად სწორი პასუხია, მაგრამ ლოგიკური უნდა იყოს, მგონი”
ხელოვნების მახეში გაბმის შემთხვევაში კი, კარგი იქნება, “თავის დახსნამდე” მის თაროებს თუ ესტუმრებით და “სულშთაბერილ” წიგნებს ახალ მისამართზე (გ.დოჩანას #13) მოინახულებთ. ისეთი პოსტია, ადვილად მიგახვედრებთ, რომ ადამიანს წიგნები ნამდვილად უყვარს და მათზე მხოლოდ იმიტომ არ წერს, ხალხის თვალში “კარგ ტიპად” რომ გამოჩნდეს: “ზოგიერთიც, შენი დაუდევრობით ისეთი გაცვეთილი და დაფურცლულია, ფიქრობ, ახალი წიგნის შეძენაზეც, ოღონდ კი ძველი არაფრის დიდებით გადააგდო! ეს მკვლელობის ტოლფასი იქნება! უბრალოდ, როდესაც ვინმე გთხოვს, ესა და ეს წიგნი მათხოვეო, იმ ახალს ათხოვებ, ძველი კი შენთან დარჩება”
ბოლოს, თავისუფალი სიტყვის ბლოგზეც გირჩევთ შეიხედოთ და დარწმუნდეთ, რომ “სიტყვის საშუალებით ადამიანის მოკვლის” ანდაზა რეალობისგან არცთი ისე შორს იმყოფება. “რატომ არის კურიერი ჯანმრთელობისათვის საშიში?” ერთ კონკრეტულ მაგალითს ეხება, თუმცა, მისი განზოგადება (მედიის საუბედუროდ) ძნელი საქმე სულაც არ არის.
ისე, ეგ იმდენად არაფერი, მთავარია გლამური და სიბზინვარე არ მოგვაკლოს ღმერთმა!