ტექნოლოგიები

საჯარო რეესტრი წლის საუკეთესო IT სააგენტოდ დასახელდა

12 ნოემბერი, 2010 • 1322
საჯარო რეესტრი წლის საუკეთესო IT სააგენტოდ დასახელდა

დღეს სასტუმროში “შერატონ მეტეხი პალასი” საერთაშორისო კონფერენცია – ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და კიბერუსაფრთხოება GITI 2010 ოფიციალურად დასრულდა. 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, სადაც 15 ნომინაციაში დაჯილდოვდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში წლის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო IT პროექტების ავტორები.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მთავარი პრიზი მოიპოვა და წლის საუკეთესო IT სააგენტოდ დასახელდა.

საჯარო რეესტრმა ჯილდო წლის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო IT პროექტებისთვის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დანერგილი ინოვაციებისთვის  დაიმსახურა.

მთავარი პრიზის გარდა, სააგენტომ ჯილდო კიდევ 3  ნომინაციაში მიიღო _ საუკეთესო IT  მენეჯმენტი, ყველაზე პოპულარული ელექტრონული სერვისები და საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტი.   

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრმა წლის საუკეთესო IT სააგენტოს  პრიზი  2008 წელსაც დაიმსახურა.  2009 წელს კი სააგენტო  წლის საუკეთესო IT მენეჯმენტისთვის და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისთვის  2 პრიზის  მფლობელი გახდა.

სახელმწიფო და ბიზნესის სტრუქტურებში მოქმედი საუკეთესო სააგენტოები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიური ეკონომიკის დარგის ექსპერტების, ბიზნესის და განათლების სფეროს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ – სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, სახელმწიფო პოლიტიკის მწარმოებლები, დონორი ორგანიზაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

სამდღიანი კონფერენცია GITI 2010 საქართველოში 2007 წლიდან იმართება.  მასში 20 ქვეყნის 250-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.  ღონისძიება საქართველოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

„პარტნიორობა ინოვაციების, კონკურენტუნარიანობისა და კიბერ უსაფრთხოებისთვის” – ეს არის წლევნდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი, რომელიც კონკრეტულად ასახავს დღევანდელი სწრაფად ცვალებადი მსოფლიოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებს.

“მივესალმები მსგავსი ფორმატის და ასეთი მასშტაბის კონფერენციის საქართველოში გამართვას.  ეს უდავოდ წაადგება საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და კიბერ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას, რაც, თავის მხრივ, სხვა დადებით ფაქტორებთან ერთად, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ ინვესტორებს ბიზნესის განვითარებისთვის. დღეისათვის საქართელო პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, როგორც საჯარო, ისე კერძო  სექტორის მიმართულებით.  ასევე მნიშვნელოვანია კიბერ უსაფრთხოების მაღალი ხარისხიც, რაც დღევანდელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია.  მსგავსი სახის კონფერენციები ყოველთვის კარგი საშუალებაა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო განვითარებისთვის,” – განაცხადა ნიკოლოზ გილაურმა კონფერენციის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას.

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მთავრობები და კერძო სექტორის წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.  საქართველო, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი, ფეხდაფეხ მიჰყვება საინფორმაციო ტექნოლოგიების გლობალური განვითარების პარალელურად მიმდინარე პროცესებს.
„კონფერენციას, რომელიც დღეს დაიწყო, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის ქვეყნებში, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მხარდასაჭერად.  მსგავსი სახის ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, ნათლად დავინახოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით ამ მეტად საჭირო მიმართულების განვითარების მხრივ, ასევე გავიზიაროთ უცხოელი კოლეგების გამოცდილებაც.  მოხარული ვარ, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ახალი სტრუქტურა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომლის უშუალო ფუნქციებშიც შედის ელექტრონული მმართველობის დანერგვის კოორდინაცია, უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და ასევე ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, არის  მეტად მნიშვნელოვანი,” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ.

კონფერერენციის მხარდამჭერები და უშუალო მონაწილეები არიან ისეთი ცნობილი ტრანსნაციონალური კორპორაციები, როგორებიცაა: HP, Microsoft, Oracle, Freebalance და სხვა.  კონფერენცია 12 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი