ტექნოლოგიები

საიტების გათიშვის მიზეზი და ალტერნატიული გამოძიება

4 ოქტომბერი, 2010 • 2115
საიტების გათიშვის მიზეზი და ალტერნატიული გამოძიება
Hacked By The KabuS
Hacked By The KabuS

ჟურნალისტთა ნაწილი, რომლების მედია–ორგანიზაციების საიტებიც გუშინ რამდენიმე საათით გაითიშა, ალტერნატიულ გამოძიებას გეგმავს. კავკასუსი, თავის მხრივ, ოთხი ინტერნეტ საიტის გათიშვის მიზეზებს ადგენს. ამავე პროცესში სამართალდამცავებიც არიან ჩართულნი და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გუშინ, დღის სამი საათისთვის, 4 ინტერნეტ საიტი გაითიშა, მათ შორის– ლიბერალი, ცხელი შოკოლადი, 7 დღე და ფორეინ პრესი.

აქედან სამმა საიტმა მუშაობა გუშინვე, საღამოს 8 საათისთვის, აღადგინა, ცხელი შოკოლადის ინტერნეტ გვერდი კი დღეს, შუადღისთვის, ჩაირთო.

ჯერ კიდევ არ სახელდება საიტების დროებითი გათიშვის ოფიციალური მიზეზი. კავკასუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნუცა კაპანაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ ტექნიკური ჯგუფები  და მიზეზის დადგენისთანავე ინფორმაციას გაავრცელებენ.

გუშინვე ლიბერალმა თავისსავე საიტზე სახეშეცვლილი მთავარი გვერდი გამოაქვეყნა, რომელიც საიტის ჩართვის შემდეგ დახვდათ.

hacked by kabuS”, – ეს წარწერა, რომელმაც ოთხივე საიტის მთავარი გვერდი ჩაანაცვლა, დღეს უკვე აღარ არსებობს.

კონსტანტინ სტალინსკი, 7 დღის ინტერნეტ გვერდის ავტორი და ფორეინ პრესის კონსულტანტი ამბობს, რომ ეს  “პოპულარული” ჰაკერის ხელწერაა. მისი თქმით, კაბუშს (თურქულად ‘კოშმარს’ ნიშნავს) კიბერ-სივრცეში 100-ზე მეტი გვერდი აქვს გატეხილი. კაბუში, ხელწერასთან ერთად, სადაც მითითებული აქვს, რომ ის თურქია, საიტის მთავარ გვერდზე, შავ ფონზე ამონათებულ თურქეთის დროშას, ან ქელმალის და ათათურქის გამოსახულებას ტოვებს – ეს მისი “საფირმო ნიშანია”.

სტალინსკი ამბობს, რომ უშუალოდ საიტები კი არ გატეხილა, გატყდა კავკასუსის სერვერი, სადაც აღნიშნული საიტები იყო განთავსებული.

– ”გუშინ ჰაკერს კონკრეტული საიტები არ გაუტეხავს. იგი დაეუფლა კავკასუსის ფასიანი ჰოსტინგის სერვერს, რომლებზეც განთავსებულია კომპანიის კლიენტების საიტები”, – აცხადებს სტალინსკი.

მისივი თქმით, იყო მცდელობა გაეტეხათ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ნაკლებად რეიტინგული ვებ-გვერდიც – “ჰაკერი აშკარად ვერ ხვდებოდა, თუ ვის გვერდებს ტეხავდა კონკრეტულად”.

გუშინვე მედიის ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ საიტების გატეხვა მიზანმიმართული იყო.  7 დღის დამფუძნებელი ლია ტოკლიკიშვილი ფიქრობს, რომ საიტების გატეხვის მიზეზი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოზე მიზანმიმართული შეტევა იყო.

– ”რახან ოთხივე  საიტი სოროსის ფონდის მიერ არის დაფინანსებულია, ვიფიქრეთ, ხომ არ არის ეს ამ სოლიდური ფონდის წინააღმდეგ მიმართული კიბერ შეტევაა”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას ტოკლიკიშვილი.

სწორედ ლია ტოკლიკიშვილი დაუკავშირდა სამართალდამცავებს საიტებიი გათიშვის შემდეგ.

“7 დღის” რედაქტორი ამბობს, რომ მთელი დღის მანძილზე ცდილობდა კავკასუსთან დაკავშირებას, თუმცა მათთან საუბარი ვერაფრით შეძლო.

– ”ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რომ კავკასუსი არის ჩვენი პროვაიდერი და ვისაც არ უნდა გაეკეთებინა ეს და რაც უნდა მომხდარიყო, პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ ევალებოდათ, რომ ჰქონოდათ რაღაც რეაქცია, ელემენტარული სატელეფონო ზარი და წუხილის გამოთქმა, მათგან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა”, – ამბობს ტოკლიკიშვილი.

კითხვები კავკასუსს ლიბერალის და შოკოლადის წარმომადგენლებმაც გაუგზავნეს.

ნინო ჯაფიაშვილი, ლიბერალის ინტერნეტ გვერდის რედაქტორი ამბობს, რომ მათ მიერ გაგზავნილი კითხვების გრძელ სიაზე მათ მხოლოდ ერთი მოკლე პასუხი მიიღეს.

– ”კავკასუს ონლაინმა მოგვწერა, რომ კავკასუსის ერთ-ერთ ჰოსტინგ სერვისზე პროგრამულ უზრუნველყოფას ჰქონდა ხარვეზები და ამის გამო დაზიანდა სერვერზე განთავსებული ვებ გვერდები, ეს არის ის მცირე რამ, რაც მოგვწერეს”, – ამბობს ჯაფიაშვილი.

არ არის გამორიცხული, რომ მომხდარის გამო მედიების ნაწილმა ფინანსური კომპენსაცია მოითხოვოს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ლია ტოკლიკიშვილმა აცნობა. ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, თუ ვინ იდგა მომხდარის უკან, ისინი კომპენსაციას მოითხოვენ, რადგან იმ დროის განმავლობაში, რაც საიტი გათიშული იყო,  ”მკითხველი გააწბილეს” და ამით მათი ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსს ზიანი მიადგა.

გამოსავალს ეძებს ლიბერალიც. ჯაფიაშვილი ამბობს, რომ, პირველ რიგში, კავკასუსიდან უნდა მოისმინონ პასუხი კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია საიტის გატეხვა. კითხვაზე, გეგმავენ თუ არა ისინი სხვა სერვერზე გადასვლას, ჯაფიაშვილმა გვითხრა, რომ მათ, პირველ რიგში, კავკასუსისგან ჭირდებათ გარანტია, იქნება თუ არა საიტი მსგავსი ფაქტებისგან მომავალში დაცული.

კონსტანტინ სტალინკი ამბობს, რომ, ძირითადად, იტეხება ისეთი საიტები, რომლებიც  პოპულარულები არიან და ამავდროულად მათი დაცვის სისტემა სუსტია. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყნებში ნაკლებად იციან, თუ რომელი საიტებია პოპულარული, ჰაკერები ასეთი პრინციპით ეძებენ: რამდენად ხშირად არის მოხსენიებული კონკრეტული საიტი სხვა საიტებზე.

ის ამბობს, რომ ისეთი საიტები, როგორც Сivil.ge და netgazeti.ge უცხოურ, კვალიფიცირებული პერსონალით გამართულ სერვერებს იყენებენ და ამით უფრო მეტად არიან დაცულნი, ვიდრე ის გატეხილი ქართული საიტები, რომლებიც გუშინ ვიხილეთ.

ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავების და კავკასუსის პარალელურად, ისინი ჟურნალისტურ გამოძიებას გეგმავენ. იურისტი ლია მუხაშავრია მათი კონსულტანტი იქნება. “7 დღის” რედაქტორი ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დაემთხვევა სამართალდამცავებისა და ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგენილი ფაქტები.
Nino jafiashvili-saitebze1 by netgazeti.ge-1

მასალების გადაბეჭდვის წესი