ტექნოლოგიები

პორტაბელური ნომრები საქართველოში

6 აგვისტო, 2010 • 1444
პორტაბელური ნომრები საქართველოში

2011 წლიდან მოქალაქეებს უკვე საქართველოშიც შეეძლებათ, მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის გარეშე, სხვა ოპერატორის მომსახურებით ისარგებლონ. თუკი მოქალაქე ბილაინის აბონენტია და სურს ისარგებლოს მაგთის ტარიფებით, ამისათვის საჭირო აღარ იქნება ნომრის და ოპერატორის შეცვლა. ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მოქალაქეს, განცხადების საფუძველზე, 24 საათის განმავლობაში ავტომატურად ჩაერთვება სხვა ოპერატორის სერვისები, ისე, რომ ძველი ნომერი შეუნარჩუნდება.

 საქართველოს პარლამენტის დავალებით და კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ივნისში ,,პორტაბელური ნომრების სისტემის შესახებ” დადგენილება მიიღო.

 საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ განმარტავს, რომ აბონენტს (მომხმარებელს) აქვს არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი და მიიღოს სხვა საკომუნიკაციო ქსელის მომსახურება.

 პორტაბელური ნომრების სისტემაში მობილური ოპერატორები 2011 წლის თებერვლიდან გაერთიანდებიან, ხოლო ლოკალური ქსელები ამავე წლის ოქტომბრიდან.

 ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს  და ლოკალურ ქსელებს უფლება არ ექნებათ, შეზღუდონ მომხმარებელი -შეცვალოს ოპერატორი.

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომუნიკაციის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი მიიჩნევს, რომ პორტაბელური ნომრების სისტემის შემოღებას ორი პლუსი აქვს – მომხმარებელს გაცილებით თავისუფალი არჩევანი ექნება და საკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება. გაზრდილი კონკურენციის პირობებში კავშირგაბმულობის კომპანიებს მოუწევთ ტარიფების შემცირება, რაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

 ,, საკმარისია, ერთმა ოპერატორმა ბაზარზე ფასები დაწიოს, ავტომატურად ადეკვატური იქნება კონკურენტების პასუხი იმავე ბაზარზე”. – ამბობს ყურაშვილი.

 როგორც ყურაშვილი ამბობს, მსგავსი პრაქტიკა უკვე დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, აშშ-ში, ჩინეთში, ინდოეთში.

 აღნიშნული დადგენილება ,,პორტაბელური ნომრების სიტემის” შესახებ ძალაში 2011 წლიდან შევა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი