რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქის” ფოსტაზე საინტერესო წერილი მივიღე. ერთ-ერთმა ბლოგერმა ნეტგაზეთის ყოველკვირეული ბლოგების მიმოხილვის შესახებ საინტერესო შენიშვნები გამიზიარა და წერილის ბოლოს მისაყვედურა, რატომ არ არის ბლოგების მიმოხილვა უფრო კრიტიკულიო, მისი აზრით, რუბრიკა ასე უფრო საინტერესო იქნებოდა.
რასაკვირველია, ყველა ბლოგი ერთნაირად საინტერესო არ არის, მაგრამ ნეტგაზეთის ყოველკვირეული მიმოხილვის მთავარი მიზანი, პირველ რიგში, ბლოგების პოპულარიზაციაა. ეს არ არის სვეტი მხოლოდ ბლოგერებისთვის, მთავარი „სამიზნე“ ის ადამიანებია, ვინც ცოტა რამ იცის ბლოგოსფეროს შესახებ. ასეთი ადამიანების რაოდენობა დიდია და ბევრი მათგანი, შესაძლოა, ძალიან კარგი ბლოგერიც გახდეს, თუ ექნებათ საშუალება, გაიგონ, რა არის ბლოგი და როგორ შეიძლება მისი საშუალებით ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო გახდეს არა მარტო მათთვის, არამედ მათი ბლოგის მკითხველთათვისაც. თითოეული ბლოგის უკან ხომ მინიმუმ სამი ადამიანი დგას, ბლოგერი და მისი ორი მეგობარი მაინც. და ბლოგს აქვს ერთი შესანიშნავი საგანმანათლებლო თვისებაც. ნახეთ ქართული ბლოგები და დარწმუნდებით, რომ ბლოგერების უმრავლესობა განვითარებასა და განათლებაზე ორიენტირებული ადამიანები არიან. ამიტომ, რაც მეტი, მით უკეთესი.
ახლა გასული კვირის პოსტებს გადავხედოთ.
ვინც ბლოგებს აქტიურად კითხულობს, ალბათ, დამეთანხმება, ეს კვირა განსაკუთრებული იყო. ბევრი კარგი პოსტი დაიწერა. განსაკუთრებით მომწონს ტენდენცია, როცა ერთი და იგივე თემა რამდენიმე ბლოგზე ერთდროულად ჩნდება. გასულ კვირას ქართულ ბლოგებზე განსაკუთრებით ორი თემა იყო საინტერესო: მოახლოებული არჩევნები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ეს ორი თემა პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა, საკითხი ამ ჭრილში განხილული არ ყოფილა.
რატომ გვაშინებს სიტყვა -„ინვალიდი“ და ვინ უნდა გადაწყვიტოს ამ ტერმინის ბედი? – ლიშთოთას ბლოგზე საინტერესო დისკუსიაა ამ თემაზე. ტერმინის კორექტულობას ნაკლებად ეხება, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებებსა და საჭიროებებზე წერს Agasfer პოსტში „ერთი მომაკვდინებელი სტერეოტიპის შესახებ“. პოსტი გალიეგოს ციტირებით, forum.ge -დან მოყვანილი გამოკითხვის შედეგებით თემაზე – „რა უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორისათვის“, კიდევ უფრო საინტერესო საკითხავი ხდება. დასასრულს კი გიორგი გვიშიანის ახალი ფილმის, „როგორ ინგრევა კედელი“ გადმოწერაც შეგიძლიათ, რომელიც იმ ადამიანების ისტორიას გვიამბობს, რომლებმაც, მიუხედავად სტერეოტიპებისა, თვითრეალიზაცია შეძლეს.
ორივე ბლოგზე ამ პოსტებს საკმაოდ ბევრი კომენტარი მოჰყვა. საინტერესოა, ექნება თუ არა გაგრძელება თემას სხვა ბლოგებზეც.
მანამდე კი მოახლოებულმა არჩევნებმა და მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიამ ბლოგერებსაც მისცა ფიქრისა და წერის საბაბი.
„მზე გამოვიდა. აჭიკჭიკდნენ მერობის კანდიდატები და ხალხს ენთუზიაზმი შეეპარა. გოგოებმა გამოაჩინეს კანჭები, ბიჭებს შავ მაისურებში დასცხათ, თვითმკვლელებმა სუიციდი წვიმიანი დღისთვის გადადეს, ხეები სხვანაირად შრიალებენ, მანქანები მხიარული ჭყლოპინით გვესალმებიან. მოკლედ, ჟრიამულია და გულავი (?)
და აბა რატომ, თუ მიხვდებით?
დღეს თბილისის ცას ემსახურება გიგი უგულავა, რომელმაც თავი, ამჯერად, მზის ამპლუაში მოსინჯა.“- წერს ანინა თავის ბლოგზე, სხვები კი უფრო შორს წავიდნენ და მერის სავარძელზე წარმოიდგინეს თავი.
საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე პირველად ლანდიშამ წამოაყენა, „ყველაზე ახალგაზდა, ყველაზე ზარმაცი, ყველაზე მონდომებული (მომავალი) პოლიტიკური ფიგურა ვარ და, რაც მთავარია, 7 ნოემბერს არაფერი დამიშავებია, 14 დეკემბერს დავაშავე, რომ დავიბადეო“ -განაცხადა, თუმცა ქართული ბლოგოსფერო ერთ კანდიდატზე არ შეჩერებულა. ლანდიშას კონკურენტი მალე გამოუჩნდა Tomushka -ს სახით. „მე ღრმად მწამს, ლანდიშები ლარნაკში უნდა იყვნენ და არა მერის სავარძელზეო“ და Tomushka თავგანწირვით ჩაება წინასაარჩევნო მარათონში. უფასო ელექტროენერგია, წყალი და გაზი – ასე გამოიყურება მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამა.
სანამ ახლადგამომცხვარი კანდიდატები ხმებს იყოფდნენ, ზურიუსმა გვამცნო, რომ ნუცუბიძის მე-3 პლატოზე 2012 წელი უკვე დადგა. რატომ გასკდა მიწა სკვერში და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ამის შესახებ ზურიუსის ბლოგზე ფოტო და ვიდეომასალასაც ნახავთ.
იმედია, ქვეყნიერების აღსასრულამდე შორია, მანამდე ათას წვრილმან-მსხვილმანს უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის, შიმშილს, ინფორმაციულ შიმშილს. ასე ჰქვია დვორსკის პოსტს, თუმცა, მგონი, „ინფორმაციული ნაყროვანება“ უფრო მოუხდებოდა სათაურად. „როგორ ვერევით ამდენ ინფორმაციას? სამსახურიდან გამოსულს ერთი სული გაქვს, სახლში მიხვიდე და ტელევიზორი ან კომპი ჩართო – ისევ ინფორმაციის წყურვილი გამოძრავებს. ინფორმაცია, ალბათ, მარილიანი წყალივითაა – სვამ, წყურვილს არ გიკლავს (და, საერთოდ, ორგანიზმს ავნებს), მაგრამ მალევე ისევ გინდება.“ კარგი პოსტია, დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ ამ თემაზე და გადაამოწმეთ,აბა, რამდენად ემთხვევა თქვენი და დვორსკის აზრი ერთმანეთს.
დათო ტურაშვილი, უფრო სწორედ, „ჯინსების თაობა“ ამ კვირაშიც გამოჩნდა ქართულ ბლოგოსფეროში. ბლოგზე – „გიყვარდეთ ჩემნაერები“, „თვითმფრინავის ბიჭების“ გმირებად შერაცხვის მიზეზად ვასასი ასახელებს ტურაშვილის „ჯინსების თაობას“, დოიაშვილის იმავე სახელწოდების სპექტაკლს და საზოგადოების შეკვეთას.
ქართულ ბლოგებზე სულ უფრო ხშირად ჩნდება პოსტები, რომლებიც ქართულ ბლოგოსფეროს და ახალ, საინტერესო ბლოგებს მიმოიხილავს. გასული კვირის ბოლოს ბლოგმა, დარიჩინის სურნელით, თავისი საუკეთესო აღმოჩენა-ბლოგები დაასახელა. საინტერესო ბლოგებია. მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც თბილისური ჩაცმის სტილს ეხება, პირველად ვნახე, სხვებიც დაათვალიერეთ.
ძალიან სასარგებლო ინტერნეტ რესურსია www.blogging.ge, რომელზეც ერთადაა თავმოყრილი სასარგებლო რჩევები ბლოგინგის შესახებ. ეს პირველი ქართული ბლოგია, რომელიც კონკრეტულად ბლოგოსფეროს შესახებ წერს.
მომავალ კვირას კრიტიკაზე ვისაუბროთ, ვნახოთ ბლოგები, რომლებიც თამამად აკრიტიკებენ სხვა ბლოგერებს და, ასევე, გავიგოთ, კონკრეტულად რა ხდება კრიტიკის საგანი.
მანამდე კი cartveli -ის პოსტს დაგიტოვებთ მსოფლიოში ყველაზე მავნე ლეგენდის შესახებ, და დაანებეთ ბავშვებს თავი!