ტექნოლოგიები

google map-ზე თბილისის მონაცემების გადატანა დასრულდა

24 ივნისი, 2015 • • 5320
google map-ზე თბილისის მონაცემების გადატანა დასრულდა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული მონაცემები დაახლოებით 3500 კილომეტრის სიგრძის  გზათა ქსელს და 160 ათას შენობა-ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც შესაბამისი სამისამართო ნუმერაციითაა დანომრილი.

 

ამიერიდან ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, Google-ს რუკაზე  მოიძიოს თბილისში არსებული ნებისმიერი შენობა, მათ შორის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება: საჯარო და კერძო სკოლები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, აცხადებს საჯარო რეესტრი.

 

მომდევნო ქალაქი, რომლის მონაცემების ასახვასაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო Google map-ზე დაიწყებს, გორი იქნება. 2015 წელს რუსთავის, მცხეთისა და ფოთის შესახებ ინფორმაციის განთავსებაცაა დაგეგმილი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე მესამე წელია სივრცით მონაცემებს აგროვებს, რათა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული.

 

რუკას თანდათან ემატება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის შესახებ, აცხადებს საჯარო რეესტრი.

 

Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი