ტექნოლოგიები

თვითორგანიზებული მოხალისეების ორგანიზებას ონლაინ სივრცეში მთავრობა იბარებს

20 ივნისი, 2015 • • 1283
თვითორგანიზებული მოხალისეების ორგანიზებას ონლაინ სივრცეში მთავრობა იბარებს

“ფეისბუკის” ჯგუფი “13 ივნისი – მოხალისეთა გაერთიანება” კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა, მოხალისეთა საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, ისინი საორგანიზაციო საკითხებს აღარ წყვეტენ და აქტივობას ჩამოშორდნენ.

 

მოხალისეთა მიერ შექმნილი გვერდი 13ivnisi.ge
მოხალისეთა მიერ შექმნილი გვერდი 13ivnisi.ge

 

”ჯგუფი აღდგა, მაგრამ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და არ არის დაზუსტებული ვინ, როგორ და რა გააკეთა, ჯერ არ ვიცით. ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი აღარ არის ჩართული საორგანიზაციო საკითხებში, რადგან, ასე ვთქვათ, მთავრობამ გადაიბარა ეს პროცესი. იმ ჯგუფის სახელით, რომელიც არსებობდა თავიდან, აღარ ხდება არაფერი, უბრალოდ, ცალკეული ადამიანები, მათ შორის ის ძველი ადმინები, ყველანი ეხმარებიან, მაგრამ უკვე სხვადასხვა გზებით, საორგანიზაციო საკითხები ჩვენ აღარ გვაქვს გადმობარებული,” – ამბობს მოხალისეთა გაერთიანების საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თევდორე მაყაშვილი.

 

მოხალისეებმა ფეისბუკის ჯგუფის გარდა, შექმნეს საიტი www.13ivnisi.ge, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს. ამის მიუხედავად, მოგვიანებით შეიქმნა საიტი 13.ge, რომელიც საქართველოს კანცელარიის ანგარიშზე დარეგისტრირებული გვერდია. საიტზე გამოქვეყნებული მიმართვის მიხედვით, ის მოხალისეთა შექმნილი საიტის მსგავსად მოხალისეების მობილიზაციას ისახავს მიზნად და ქმნის მოხალისეთა ბაზას. როგორც საიტზეა ნათქვამი, რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოხალისეები აღირიცხებიან საერთო ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდება მათი მობილიზაცია. პრემიერის პრესსამსახურში კი არ ფლობენ ინფორმაციას საიტის მიზნებისა და შექმნის მიზეზებზე.

 

”ვადასტურებთ, რომ საიტი კანცელარიის ანგარიშითაა გახსნილი, მაგრამ ვერ გეტყვით ახლა ვინ აქვეყნებს სიახლეებს გვერდზე, ან რატომ შეიქმნა,”- განაცხადა პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, მანანა თოქმაჯიშვილმა.

 

13.ge - მთავრობის მიერ შექმნილი გვერდი მოხალისეთა ბაზის საწარმოებლად
13.ge – მთავრობის მიერ შექმნილი გვერდი მოხალისეთა ბაზის საწარმოებლად

 

 

18 ივნისს, “ფეისბუკის” ჯგუფი “13 ივნისი – მოხალისეთა გაერთიანება” ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით სოციალური ქსელის საძიებო სისტემიდან გაქრა. გაქრა ასევე ჯგუფის ადმინების პირადი ანგარიშებიც. მომხდარს ამჟამად შსს იძიებს.

 

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა წერტილში გაწმენდით სამუშაოებში არიან ჩართულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი