Xiaomi – ყველაზე მზარდი ჩინური ბრენდი სმარტფონების ბაზარზე

მსოფლიოს რიგით მესამე ბრენდი ჩინური Xiaomi (იკითხება, როგორც “შიაომი”), შესაძლოა, დასავლეთში არც ისე ნაცნობი სახელია, თუმცა ის ჩინეთში Apple-სა და Sumsung-ზე მეტ სმარტფონს ყიდის. კომპანია 2010 წელს დაარსდა და ადგილობრივ ბაზარზე უკვე დიდ წარმატებას მიაღწია.

2014 წელს Xiaomi-ის გაყიდვები 227%-ით გაიზარდა, რამაც ბრენდი მსოფლიოში ყველაზე მზარდ მობილურ კომპანიად აქცია. წელს ის უკვე ამერიკულ ბაზარზეც გამოჩნდა მილიარდიანი ინვესტიციით.

 

გასულ წელს კომპანიამ 60.8 მილიონი სმარტფონი გაყიდა და საერთო ბაზრის 15% დაიკავა. თუმცა კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ევროპისა და ამერიკის ბაზრების სრულუფლებიან წევრობამდე რამდენიმე წელი კიდევ აშორებთ.  

 

კომპანიას ბრალს დებენ Apple-ის მიბაძვაში, რადგან მათი პრესკონფერენციები და პროდუქციის პრეზენტაციებიც კი ერთმანეთს ჰგავს. მათი მიერ შექმნილი მოდელი Xiaomi Mi4, რომელიც გასული წლის აგვისტოში გამოვიდა, ერთი შეხედვით  iPhone 5s-ს მოგაგონებთ, მაგრამ ის დღეს ყველაზე ძლიერ ანდროიდ სმარტფონად სახელდება.

 

ფოტო: google.com/images - www.oppomart.com
ფოტო: google.com/images – www.oppomart.com

 

პორტალი knowyourmobile.com Xiaomi Mi4-ს iPhone-ის “ურცხვ კოპირებასაც” კი უწოდებს. სმარტფონი  iPhone 4-ისა და iPhone 5s-ის ინტერფეისის კომბინაციაა. თუმცა მისი შიდა სისტემის, რომელიც გარეგნულად ასევე მოგაგონებთ iOS 8-ს, მუშაობის ხარისხი ფასთან შედარებით მაღალი დონისაა.

 

მობილურის მეხსიერება 16GB-ია და მასში დამატებითი მეხსიერების ჩიპის მოთავსება არ არის შესაძლებელი; აქვს 3080mAh ბატარეა და 13MP კამერა.

 

ბრენდის უკანასკნელი პროდუქციაც, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ შედგა, მცირე მეხსიერების გამო დაიწუნეს, თუმცა მყარი პლასტმასისაგან შექმნილი Mi 4i დეველოპერებსა და ტექნიკის მოყვარულებზე დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. მათი თქმით, კომპანია უფრო დიდ დროს გარეგნულ მახასიათებლებს უთმობს, ვიდრე შიდას. მობილური ამჟამად 250$ ღირს.

Xiaomi-ის შეძენა საქართველოშიცაა შესაძლებელი.

 

ფოტო: google.com/images - androidauthority.net
ფოტო: google.com/images – androidauthority.net

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი