ტექნოლოგიები

როგორი იქნება iPhone 6? – ინტერნეტში საეჭვო ფოტომასალა ვრცელდება

13 აგვისტო, 2014 • • 1654
როგორი იქნება iPhone 6? – ინტერნეტში საეჭვო ფოტომასალა ვრცელდება

კომპანია “Apple” ჯერჯერობით iPhone 6-ის გამოსვლის თარიღს არ ასახელებს. თუმცა ვებ-გვერდი techradar.com თარიღს აკონკრეტებს და აცხადებს, რომ სმარტფონი 9 სექტემბერს იხილავს დღის სინათლეს.

techradar.com-ის ფოტო, რომელზეც თითქოს iPhone 6-ია გამოსახული
techradar.com-ის ფოტო, რომელზეც თითქოს iPhone 6-ია გამოსახული

 

techradar-ი აღნიშნავს, რომ ფოტოებზე ასახული სმარტფონი  Apple beta tester- ია, რაც პროდუქციის ოფიციალურ გამოსვლამდე კომპანიის მიერ რამდენიმე მომხმარებლისთვის სატესტო მაგალითის წარდგენას გულისხმობს. გამოცემა წერს, რომ გავრცელებული ფოტოები არაა უმაღლესი ხარისხის, თუმცა ჩანს, რომ ისინი სინამდვილეს ასახავს.

 

გამოცემა “გარდიანი” ფოტოზე ასახული სმარტფონის ზოგიერთ ნაწილს  საეჭვოდ მიიჩნევს. გამოცემა წერს, რომ გავრცელებულ ფოტოებზე პროდუქცია საცალო შეფუთვაშია წარმოდგენილი. ამ დრომდე გავრცელებული არც ერთი სმარტფონი ბაზარზე გამოსვლამდე მსგავსი სახით არ ყოფილა წარმოდგენილი. ამ და სხვა რამდენიმე დეტალის გამო, გამოცემა წერს, რომ შესაძლებელია, მონაცემები სიმართლეს არც შეესაბამება.

 

ტელეფონი iPhone 5S-ის მსგავსია, თუმცა შედარებით უფრო დიდი ზომისაა და გვერდებიც უფრო მომრგვალებული აქვს. ყუთიც iPhone 5S-ის შეფუთვის იდენტურია. არსებობს აშკარა შეუსაბამობები ყუთის გაფორმებასა და თავად ტელეფონს შორის. ყუთზე ტელეფონი ოქროსფრადაა გამოსახული, მაშინ, როცა თავად ტელეფონი ვერცხლისფერია, წერს guardian-ი.

 

პროდუქციის გამოშვებამდე დაზუსტებული ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ არ ვრცელდება. თუმცა ავსტრალიერი ბლოგერი საკუთარ ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აქვეყნებდა ინფორმაციას iPhone 6-ის შესახებ, სადაც წერდა, რომ ახალი პროდუქციის ეკრანი წინამორბედებთან შედარებით გაცილებით დიდი ზომის იქნებოდა, დიზაინი კი iPad Air-სა და iPod Touch-ის შუალედურ ვერსიას წარმოადგენდა.

ახალი iPhone, სავარაუდოდ, 2 ზომის იქნება. ერთ-ერთი მათგანის ეკრანის ზომა 12 სანტიმეტრს, მეორის კი 14 სანტიმეტრს შეადგენს. მათი ეკრანები, სავარაუდოდ, საფირონის შემადგენლობის იქნება. ეს კიდევ უფრო დაიცავს მის ზედაპირს დაზიანებისაგან, ვიდრე – წინა მოდელებს, წერს როიტერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი