ტექნოლოგიები

თურქეთში Twitter–ი დაბლოკეს

21 მარტი, 2014 •
თურქეთში Twitter–ი დაბლოკეს

როდესაც მომხმარებლები ცდილობენ Twitter.com–ზე შესვლას, მათი გადამისამართება ავტომატურად ხდება თურქეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებლის ვებგვერდზე, სადაც განცხადებაა განთავსებული იმის თაობაზე, რომ სოციალური ქსელი დაბლოკილია.

 

Twitter–ის დაბლოკვის მიზეზი თურქეთის პრემიერ–მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრძანება გახდა. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და დოკუმენტები კორუფციული სქემის შესახებ, რომელშიც პრემიერ–მინისტრიც იყო დადანაშაულებული.

 

“მე სრულებით არ მაინტერესებს რას იტყვის საერთაშორისო საზოგადოება. ყველა დაინახავს თურქეთის რესპუბლიკის ძალას”, – როგორც BBC იუწყება, ამის შესახებ ერდოღანმა განაცხადა.

 

engadget.com-ის ინფორმაციით, თურქეთის მოსახლეობას ჯერ კიდევ შეუძლია შეტყობინებები sms-ების მეშვეობით გამოაქვეყნოს Twitter–ზე.

 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი თურქეთის პრემიერ–მინისტრის განცხადებას Twitter–ზე გამოეხმაურა:

 

“Twitter–ის დაბლოკვით თურქეთის პრემიერი ზიანს აყენებს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ საკუთარ ერს”, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი.

 

თურქეთში Twitter–ს დაახლოებით 10 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, alexa.com–ის მონაცემებით, twitter-ი ქვეყნის რეიტინგში 2014 წლის მარტში  მე–8 ადგილზეა.

 

Twitter–ს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

 

Freedome House-ის მონაცემებით თურქეთში 30 000–მდე საიტია დაბლოკილი.  უფლებადამცველმა ორგანიზაციამ თურქეთი ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით 2013 წელს ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში შიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი