ტექნოლოგიები

რევოლუციური სიახლეები Apple-სგან მხოლოდ მომხარებელთა ნაწილისთვის

11 ივნისი, 2013 • • 1936
რევოლუციური სიახლეები Apple-სგან მხოლოდ მომხარებელთა ნაწილისთვის

დახვეწილი, მარტივი და მოსახერხებელი დიზაინის გარდა, iOS 7–ს ბევრი ახალი ფუნქცია აქვს. როგორც Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა კალიფორნიაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, iOS 7 არის ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებული ოპერაციული სისტემა მას შემდეგ, რაც iOS შეიქმნა.

 

iOS 7–ში იქნება კონტროლის ცენტრი, შეტყობინებების ცენტრი, რამდენიმე პროგრამის ერთდროულად მუშაობის გაუმჯობესებული ფუნქცია, AirDrop, განახლებული Safari და Siri, გაუმჯობესებული ფოტოები, უფასო ინტერნეტ რადიო, ასევე, iTunes Radio და ა.შ.

კონტროლის ცენტრი iOS 7–ის ახალი ფუნქციაა, რომელიც მომხმარებელს ეკრანზე ხელის ქვემოდან ზემოთ მხოლოდ ერთხელ შესრულებული მოძრაობით აძლევს საშუალებას მოწყობილობა გადაიყვანოს სხვადასხვა რეჟიმზე(თვითმფრინავის რეჟიმი, ოფლაინი, არ შემაწუხო), აკონტროლოს wifi, ბლუთუსი, დაარეგულიროს ეკრანის განათება, დააპაუზოს, ან გადავიდეს შემდეგი მუსიკის მოსმენაზე. კონტროლის ცენტრის საშუალებით მომხმარებელს შეეძლება ხელის ერთი მოძრაობით წვდომა ჰქონდეს საათზე, კამერაზე, კალკულატორსა და განათებაზე.

ახალი შეტყობინებების ცენტრი კი საშუალებას იძლევა ხელის ერთი მოძრაობით ნახოთ ყველა ახალი შეტყობინება, დაგეგმილი ღონისძიებები და შეხვედრები, ამინდი და საგზაო მოძრაობა.

iOS 7–ში ასევე შესაძლებელია რამდენიმე აპლიკაცის ერთდროულად ჩართვა და ნავიგაცია პროგრამებს შორის ვიზუალურადაც უფრო მოსახერხებელია. მაგალითად, თუ იუთუბის აპლიკაციით უსმენთ მუსიკას, შესაძლებელია, რომ გადახვიდეთ ბრაუზერში ან რომელიმე სოციალურ ქსელში ისე, რომ არ შეწყვიტოთ მუსიკის მოსმენა. iOS 7–მდე არსებულ ყველა ოპერაციულ სისტემაში ამის გაკეთება წარმოუდგენელი იყო.

iOS 7–ის ახალი ფუნქცია AirDrop მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მარტივად გაუზიაროს სასურველ ადამიანებს ფოტოები, ვიდეოები და მუსიკები. ამ საშუალებით გადაცემული მონაცემები სხვებისთვის დაფარულია და ის მოწყობილობაში ხელმისაწვდომი იქნება ყოველთვის და ყველგან, მიუხედავად იმისა, მოწყობილობა მიერთებულია ინტერნეტთან და ჩართულია თუ არა ქსელში.

iOS 7–ში გათვალისწინებულია კამერის ახალი აპლიკაცია ფოტოეფექტების ახალი ფილტრებით, რომელიც იძლევა საშუალებას, ფოტოებს დაადო სხვადასხვა ეფექტი.

ახალ ოპერაციულ სისტემაში განახლებულია საძიებო პროგრამა Safari, გარდა ამისა, გაცილებით გამარტივებულია პორნოსაიტებზე წვდომის შეზღუდვა და ა.შ.

გარდა ამისა, iOS 7–ს კიდევ ათეულობით ახალი ფუნქცია აქვს, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო მოხერხებულ ხდის Apple-ის მოწყობილობით სარგებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მომხმარებლები მსოფლიო მასშტაბით დიდი მოლოდინით შეყურებდნენ iOS 7-ის პრეზენტაციას, მათ გარკვეულ ნაწილს იმედები გაუცრუვდა.

iOS 7 ხელმისაწვდომი არ იქნება iPhone 1, 2, 3 და 3s–ისთვის, ასევე, პირველი თაობის iPad– სთვის და iPod–ის ძველი ვერსიებისთვის.

 

iOS 7
iOS 7

iOS 7-ის დაყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემდეგ მოწყობილობებზე: iPhone 4, iPhone 4s, iPhone 5, iPod touch 16 gb, iPod touch 32 gb, iPad 2, iPad with retina display, iPad mini.

iPhone 4s–ისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება iOS 7-ის ყველა ფუნქცია, მათ შორის ფოტოკამერის ახალი ეფექტების ფილტრები, თუმცა ის იქნება მის წინამორბედ iPhone 4–ში.

iPad 2–ში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ განახლებული Siri და iTunes Radio. ფოტოფილტრები კი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ iPad 3–ში. ახალი ფილტრები არ ექნება iPad 4-ისა iPad mini–ს კამერის აპლიკაციებს.

iOS 7, ჯერჯერობით, მხოლოდ დეველოპერებისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც შეეხება რიგით მომხმარებლებს, ისინი თავიანთ მოწყობილობებში iOS 7–ის ჩაწერას შემოდგომაზე შეძლებენ.

10 ივნისს კალიფორნიაში გამართულ პრეზენტაციაზე ასევე გაიმართა Apple-ის კომპიტერების ახალი ოპერაციული სისტემის Mac OS X Mavericks-ის წარდგენა, რომელიც წინამორბედთან შედარებით მნიშვნელოვნადაა განახლებული. გარდა ამისა, წლის ბოლოს Apple გამოუშვებს ინოვაციურ, აქამდე არსებული ყველა მაგიდის კომპიუტერისგან განსხვავებულ კომპიუტერს, რომლის ნახვაც შეგიძლიათ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი