ტექნოლოგიები

საქართველოში ინერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 49%-ით გაიზარდა

2 ივნისი, 2012 • 1281
საქართველოში ინერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 49%-ით გაიზარდა

2011 წლის მონაცემებით, ინტერნეტს საქართველოში 1 637 905 აბონენტი მოიხმარს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სადენიანი ფართოზოლოვანი ქსელების ინტერნეტ-აბონენტების რაოდენობა, კერძოდ:

 

47%-ით გაიზარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინტერნეტ-აბონენტების რაოდენობა (2010 წელს იყო 85 609 აბონენტი, ხოლო 2011 წლის მონაცემებით, გაზრდილია 125 686 აბონენტამდე), 23%-ით მოიმატა DSL ტექნოლოგიების აბონენტების რაოდენობამ (165 862-დან 204 074 აბონენტამდე გაიზარდა).

 

უსადენო ფართოზოლოვანი ტექნოლოგიებიდან (მობილურის გარდა) საქართველოში, ძირითადად, EVDO, WiMax და WiFi ტექნოლოგიებია დანერგილი. 2011 წლის მონაცემებით, EVDO აბონენტების რაოდენობამ შეადგინა 40 991 (2010 წელს იყო 29 752), WiMax აბონენტების რაოდენობა 4 918-დან 7 229-მდე გაიზარდა, ხოლო WiFi აბონენტების – 284-დან – 4 468-მდე.

 

DSL ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით, 2011 წლის ბოლოს, სს „სილქნეტის“ საბაზრო წილი 76%-ს იყო. DSL აბონენტების ნახევარი თბილისშია. მას მოსდევს ბათუმი და ქუთაისი –დაახლოებით 10-10%-ით და რუსთავი– 4%-ით.

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინტერნეტ აბონენტების თვალსაზრისით, შპს „კავკასუს ონლაინი“ აბონენტების 76%-ს ფლობს. მას მოსდევს სს „სილქნეტი“ (15%) და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ (8%). 

 

ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით ინტერნეტის მიწოდება ბოლო მომხმარებლისთვის თბილისში და რუსთავში ხდება. სხვა დასახლებულ პუნქტებში იგი პრაქტიკულად არაა გავრცელებული.

 

EVDO ინტერნეტის ბაზარზე ორი მოთამაშეა – შპს „მაგთიკომი“ და სს „სილქნეტი“. შპს „მაგთიკომი“ ბაზარს პრაქტიკულად სრულად ფლობს. სს „სილქნეტს“ 2011 წლის დეკემბერში მხოლოდ 81 აბონენტი ჰყავდა.

 

WiMax ტექნოლოგიის ბაზარზე შპს „ვიტელ ჯორჯიას“ ყველაზე მეტი აბონენტი ჰყავდა. მას მოსდევდა შპს „სერვისლაინი“, სხვა ოპერატორებს კი ბაზრის უმნიშვნელო წილი ეკავათ.

 

WiFi ბაზარზე 2011 წლის ბოლოსთვის 33 პატარა კომპანია ოპერირებდა და მათ შორის გამოკვეთილი ლიდერები არ იყვნენ.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2011 წელს მობილური ინტერნეტ-მომსახურების მიმართ აბონენტების განსაკუთრებულად მზარდი ინტერესი დაფიქსირდა. თუ 2010 წლის ბოლო კვარტალში მობილური ინტერნეტით 800 ათას აბონენტამდე სარგებლობდა, 2011 წლის ბოლო კვარტალში იგივე მაჩვენებელმა 1.2 მილიონ აბონენტს გადააჭარბა (50%-ით მეტი).

 

ასევე, გაიზარდა აბონენტების მიერ მოხმარებული ინტერნეტის ტრაფიკის ოდენობა: თუ 2010 წელს მოხმარებული ტრაფიკი 180 ტერა ბაიტს შეადგენდა, იგივე მაჩვენებელმა 2011 წელს 370 ტერა ბაიტი შეადგინა. ტრაფიკი 2-ჯერ გაიზარდა.

 

შპს „მაგთიკომი“ და შპს „ჯეოსელი“ თავიანთ აბონენტებს სთავაზობენ ფართოზოლოვან მობილურ (მესამე თაობის) მომსახურებას, შპს „მობიტელი“ და სს „სილქნეტი“ კი –მხოლოდ ვიწროზოლოვან მომსახურებას. შპს „მაგთიკომს“ და შპს „ჯეოსელს“ ასევე დანერგილი აქვთ 3.5G ტექნოლოგიაც.

 

2011 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა. წლის ბოლოს, აბონენტების თვალსაზრისით, შპს „ჯეოსელი“ ბაზრის 39.8%-ს, შპს „მაგთიკომი“ – 32.2%-ს, შპს „მობიტელი“ კი 28.0%-ს ფლობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი