“კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების” პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომლითაც შეირჩევიან კომპიუტერული ცენტრების თანამშრომლები.
კომპიუტერული ცენტრები პირველ ეტაპზე საქართველოს 300 სოფელში უნდა გაიხსნას. აღნიშნული ცენტრების შექმნის მიზანია: საგანმანათლებლო საქმიანობა (კომპიუტერის ცოდნის გავრცელება), კომპიუტერისა და ინტერნეტის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების პოპულარიზაცია, კერძო და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
კონკურსის საფუძველზე 300 კომპიუტერული ცენტრისთვის 600 თანამშრომელი შეირჩევა. კანდიდატების შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების გადარჩევა ანკეტების საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე – კომპიუტერის ცოდნის მინიმალური უნარ–ჩვევების გადამოწმების საფუძველზე.
შერჩეულ კანდიდატებს კომპიუტერული ცენტრის ფუნქციონირებისთვის უფასოდ გადაეცემათ 3 კომპიუტერი და დამხმარე ტექნიკური საშუალებები, ექნებათ უფასო ტექნიკური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში, ჩაუტარდებათ ტრენინგები და კონსულტაცია ბიზნესის წარმოების, შესათავაზებელი სერვისებისა და სხვა საკითხების შესახებ. ასევე, კომპიუტერული ცენტრისთვის შერჩეული კანდიდატი ვალდებული იქნება, შერჩევის ეტაპის დასრულებამდე შეაგროვოს სოფლის მცხოვრებთა საკონტაქტო მონაცემები და მოახდინოს მათი ინფორმირებულობა პროექტის შესახებ.
კომპიუტერული ცენტრის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი 15 ივნისამდე გასტანს.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება” ხელისუფლების მიერ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 10 მაისს დაფუძნდა, რითაც სიმბოლური პარალელი იქნა გავლებული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან”, რომელიც ილია ჭავჭავაძის თაოსნობით 1879 წელს დაფუძნდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რომელიც კურირებს სოფლებში კომპიუტერული ცენტრების გახსნის პროექტს, უახლოეს მომავალში საქართველოს სოფლების 80% ინტერნეტიზირებული იქნება, თბილისი და ბათუმი კი მთლიანად დაიფარება უკაბელო ინტერნეტით – WI-FI სისტემით.