ინფორმაციის ვირტუალური საცავი ინტერნეტის მომხარებლებისთვის

მათთვის, ვისაც ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა სურს, კომპანია Google-მა ახალი სერვისი Google drive შექმნა. ეს არის ვირტუალური მეხსიერების ბარათი, იგივე ”ფლეშკა”, რომელზეც 5 გბ ინფორმაციის შენახვა შეგიძლიათ.

მათთვის, ვისაც ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა სურთ, კომპანია Google-მა ახალი სერვისი Google drive შექმნა. ეს არის ვირტუალური მეხსიერების ბარათი, იგივე ”ფლეშკა”, რომელზეც 5 გბ ინფორმაციის შენახვა შეგიძლიათ.

Google drive-ის სერვისი სულ რამდენიმე დღის წინ, 24 აპრილს გამოჩნდა ონლაინ სივრცეში და მისი გამოყენება ნებისმიერს შეეძლება, ვინც Google-ის ელ. ფოსტით – Gmail-ით სარგებლობს. ჯერჯერობით,  Google drive Gmail-ის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მისით სარგებლობა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი.

Google drive-ით სარგებლობისთვის საჭიროა, მასზე წვდომის მინიჭების შემდგომ ჩამოტვირთოთ და კომპიუტერში დააყენოთ აპლიკაცია, რომელიც კომპიუტერში გამოჩნდება საქაღალდის ფორმით. აღნიშნულ საქაღალდეში ნებისმიერი ფაილის ჩაგდება საკმარისია, რომ ის ავტომატურად აიტვირთოს თქვენს ონლაინ საცავში. გარდა ამისა, ამ აპლიკაციის დაყენება შესაძლებელი იქნება თქვენს სხვა კომპიუტერსა და ანდროიდის სისტემის ტელეფონში. იქ ატვირთული ფაილები თქვენს ონლაინ მეხსიერების ბარათზე ინახება და მასზე წვდომა ნებისმიერი ადგილიდან, ინტერნეტში ჩართული მოწყობილობიდან იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, თქვენ შეძლებთ, Google drive-ზე არსებული ფაილები გაუზიაროთ თქვენთვის სასურველ ადამიანს.

 Google drive-ზე შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი ფოტოები, ვიდეოები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, პრეზენტაციები – ყველაფერი ის, რასაც აქამდე ჩვეულებრივი მეხსიერების ბარათით-”ფლეშკით” ატარებდით.  Google drive-ზე თითოეულ მომხმარებელს 5გბ უფასო სივრცე აქვს გამოყოფილი, თუმცა, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში, დამატებითი სივრცის ყიდვასაც შეძლებთ.

სანამ  Google drive-ზე Gmail-ის ყველა მომხმარებელს ექნება წვდომა, მანამ მსგავსი, ანალოგიური სერვისით – Dropbox-ითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. Google drive სწორედ Dropbox-ის მსგავსი პრინციპით მუშაობს. Dropbox-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს თავდაპირველად 2 გბ უფასო სივრცე აქვს, თუმცა, თუ მეგობრებს სპეციალური ბმულით მოიწვევთ, უფასო სივრცის გაზრდა 16 გბ-მდეა შესაძლებელი. Dropbox თითოეულ მოწვეულ მომხმარებელზე დამატებით 500 მბ-ით დაგასაჩუქრებთ.

ორივე სერვისის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერვისის შემომთავაზებელი კომპანიები არიან, თუმცა თქვენც უნდა იზრუნოთ, რომ თქვენი ელ. ფოსტის პაროლი სხვა პირისთვის არ გახდეს ხელმისაწვდომი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაილების დაკარაგვას ვერავის დააბრალებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი