ტექნოლოგიები

Google Earth-ზე აღმაშენებლის გამზირი 3D ფორმატში განთავსდება

19 აპრილი, 2012 •
Google Earth-ზე აღმაშენებლის გამზირი 3D ფორმატში განთავსდება

საჯარო რეესტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, მალე საძიებო სისტემა Google Earth-ზე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებისა და ნაგებობების 3D ფორმატში ნახვა, ასევე ქუჩებისა და მოედნების პანორამული დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

როგორც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი აცხადებს, პროექტი ძირითადად ტურისტების მოსაზიდადაა მნიშვნელოვანი:

“ტურისტებს საშუალება ექნებათ, დატკბნენ თბილისის სილამაზით, ჩვენ გავაგრძელებთ ამ სამუშაოებს მერიის სამუშაოების პარალელურად და შევეცდებით, რომ არა მარტო აღმაშენებლის გამზირი, სხვა მიდამოებიც იყოს განთავსებული საძიებო პროგრამაში.”

Google Earth-ზე ფოტოების დასატანად საჯარო რეესტრის სპეციალური ჯგუფი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იღებდა პანორამულ ფოტოებს. საჯარო რეესტრის რეგისტრაციისა და კადასტრის სამსახურის ასისტენტის, ქეთევან ტაბატაძის თქმით, აღმაშენებლის გამზირის ნაწილის ფოტოები საძიებო სისტემაში უკვე განთავსებულია:

“ამჟამად გაკეთებული გვაქვს აღმაშენებლის გამზირის ნახევარი, დაახლოებით საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობამდე, რომლის ნახვაც უკვე შეიძლება ინტერნეტში. სავარაუდოდ, თვის ბოლოს ან მაისის შუა რიცხვებში დასრულდება აღმაშენებლის განთავსება და გადავალთ ძველი თბილისის ტერიტორიაზე, ამის შემდეგ კი ტურისტულად ცხელ რეგიონებს განვათავსებთ, გავაკეთებთ, სავარაუდოდ, სიღნაღს, მესტიას, ბათუმს და ა.შ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი