კომპანია Apple–ის აქციების საბაზრო ღირებულებამ 500 მილიარდი დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა.
ამ ნიშნულის გადალახვა თავის დროზე ექვსმა ამერიკულმა კომპანიამ შეძლო. 2007 წელს ნავთობის მაგნატის Exxon–ის აქციების ღირებულებამ 500 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2000 წელს კომპანია Microsoft–მა თამასა 600 მილიარდ დოლარამდე ასწია. CiscoSystems, Intel და GeneralElectric–მაც შეძლეს აქციების ფასის ამ ნიშნულამდე აწევა.
Apple–ის აქციების გაძვირება კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქციის პოპულარობამ განაპირობა. აიფონის მობილური ტელეფონები და აიპედის პლანშეტური კომპიუტერები დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ანალიტიკოსების პროგნოზით, Apple–ის შემოსავლები 2012 წელს 40 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ნასდაკის ბირჟაზე 29 თებერვალს გამართულ ვაჭრობაზე Apple–ის აქციის ფასი 542,44 დოლარამდე გაიზარდა. 1997 წელს კომპანიის აქციების ფასი 3,19 დოლარს შეადგენდა და Apple გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამ დროისათვის კომპანიის რეზერვი 100 მილიარდი დოლარია. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ 2012 წელს ამ თანხის ნაწილი აქციონერებისათვის დივიდენდების გადახდაზე დაიხარჯება. არ არის გამორიცხული, რომ კომპანიამ აქციები გამოისყიდოს.
7 მარტს კომპანია აიპედის ახალი ვერსიის პრეზენტაციას გეგმავს. ბოლო დროს მობილური ტელეფონების ბაზარზე Apple–ის კონკურენტი მხოლოდ Samsung–ია.