ტექნოლოგიები

ონლაინ მეკობრეობისთვის Megaupload-ის ხელმძღვანელები დაკავეს

20 იანვარი, 2012 • • 1248
ონლაინ მეკობრეობისთვის Megaupload-ის ხელმძღვანელები დაკავეს

აშშ-ის შტატ ვირჯინიის მიერ გაცემული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, საავტორო უფლებბების დარღვევისთვის, ახალ ზელანდიაში ფაილების გაცვლის ერთ-ერთი უდიდესი სისტემის – Megaupload.com-ის ხელმძღვანელი პირები დააკავეს.  Megaupload ცოტა ხნის წინ შეურთდა საპროტესტო კამპანიას ანტიმეკობრული კანონების – PIPA-სა და  SOPA-ს  – წინააღმდეგ.

Megaupload-ის ხელმძღვანელი პირები დაკავებულნი არიან სხვისი საკუთრების დანაშაულებრივი მიტაცების, საავტორო უფლებების ჯგუფური დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. მათ მიმართ წაყენებული სამი ბრალდება, შესაბამისად, მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს 20, 5 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთას. აშშ-მა ძებნა გამოაცხადა კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებზე, მათ შორის Megaupload-ის გენერალურ დირექტორზე.

ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გათიშულია ვებგვერდიც. სამართალდამცავების გათვლით, Megaupload-ის  მიერ სხვადასხვა კომპანიებისთვის მიყენებულმა ზარალამა საერთო ჯამში მინიმუმ 500$ მილიონს მიაღწია.

Megaupload.com ფაილების გაცვლის პოპულარული სისტემა იყო. საიტზე ფილმების, მუსიკების, ელ. წიგნებისა და სხვა პროდუქციის ატვირთვა და ჩამოტვირთვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო.

Megaupload სულ ცოტა ხნის წინ შეურთდა აშშ-ის კონგრესში განსახილველად წარდგენილი ორი კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო კამპანიას. ”ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა(PIPA)” და “ონლაინ მეკობრეობის შეწყვეტის აქტის(SOPA)” განხილვა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში ახლა მიმდინაროებს.

PIPA-სა და SOPA-ს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ჩართულები არიან კომპანიები Google, Yahoo, Facebook, Zynga, Wikipedia და ა.შ. აღნიშნული კომპანიები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები ბოლოს მოუღებენ თავისუფალ ინტერნეტ–სივრცეს.

რაც შეეხება PIPA-სა და SOPA-ს  ინიციატორებს, მათი ­მთავარი მიზანი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ინტერნეტ– მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაა. კანონპროექტს ლობირებენ აშშ-ის სავაჭრო პალატა, ასევე აშშ-ის კინოსა და სამუსიკო ინდუსტრიის გიგანტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი