ტექნოლოგიები

ბელორუსის ხელისუფლებამ სოციალური ქსელები დაბლოკა

3 ივლისი, 2011 • • 1546
ბელორუსის ხელისუფლებამ სოციალური ქსელები დაბლოკა

ბელორუსი ოპოზიციონერების დაკავება. ფოტო: lenta.ru
ბელორუსი ოპოზიციონერების დაკავება. ფოტო: lenta.ru

დამოუკიდებლობის დღე, 3 ივლისი, ბელორუსის ხელისუფლებამ ოპოზიციონერი აქტივისტების დაკავებითა და სოციალური ქსელების  ბლოკირებით აღნიშა.

ბელორუსმა შაბათს, დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, ქვეყანაში სხვადასხვა სოციალური ქსელები, მათ შორის ყვეალზე პოპულარული vkontakte.ru დაბლოკა. ბელორუსი ოპოზიციონერები სწორედ ამ ქსელის მეშვეობით ახდენდნენ ფართომასშტაბიანი, მდუმარე საპროტესტო აქციების ორგანიზებას. სოციალურ ქსელში გახსნილი იყო სპეციალური ჯგუფი სახელწოდებით “რევოლუცია სოციალური ქსელებით.” ბელორუსი ოპოზიციონერები ბოლო დროს მდუმარე აქციებს რეგულარულად აწყობენ, სადაც პლაკატებიც კი არა აქვთ გამოტანილი. ისინი პროტესტის ნიშნად მხოლოდ ტაშს უკრავენ. თითოეული აქცია პოლიციის მიერ დაშლითა და აქტივისტების დაკავებით სრულდება.

საპროტესტო აქციების კომენტირებისას ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ  ქვეყანაში არ დაუშვებს უწესრიგობას და ქვეყნის პრობლემებს “ბღავილი” და “ხელების პარტყუნი” ვერ უშველის.

“ესოშიეითიდ პრესის” ინფორმაციით, ბელორუსის კგბ–მ ასობით ოპოზიციონერი საკუთარ უწყებებში დაიბარა  და  მკაცრად გააფრთხილა. იგივე სააგენტო წერს, რომ ბელორუსში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს და ხელისუფლება მასშტაბური პროტრსტის აღკვეთას ყველანაირად ცდილობს..

ოპოზიციური პორტალი “ქარტია 97” იუწყება, რომ 2 ივლისს, საღამოს, ვილნიუსიდან მინსკში მატარებლით მომავალი,  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ბელორუსის პირველი ლიდერი, სტანისლავ შუშკევიჩი ბელორუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზევე დაკავეს მატარებელში მყოფ ათობით სტუდენტთან ერთად. სტანისლავ შუშკევიჩი სამშობლოში ლიტვიდან ბრუნდებოდა, სადაც დემოკრატიის შესახებ ფორუმს დაესწრო და აშშ–ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსაც შეხვდა. პოლიტიკოსს მესაზღვრეებმა პასპორტი ჩამოართვეს და  ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაპატიმრებული. მატარებლიდან ჩამოსვლის ნება არ მისცეს შუშკევიჩის თანაშემწეს, რომელსაც თან ჰქონდა ბელორუსის პირველი ლიდერის ფული და მატარებლის ბილეთი ქვეყნის დედაქალაქმდე. “ქარტია 97–ის” ინფორმაციით, განთავისუფლებული პოლიტიკოსისთვის ბილეთის ყიდვა  სამართალდამცავებს მოუწიათ.

“აღსანიშნავია, რომ ლიტვაში სრული იურიდიული იმუნიტეტით სარგებლობს სეიმის ყველა დეპუტატი, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო ამ გზით გამოხატავს მადლიერებას მათი ისტორიული როლის გამო. ბელორუსში კი რესპუბლიკის პირველი პარლამენტის თავმჯდომარე შუშკევიჩს არა მარტო პენსია ჩამოართვეს, არამედ საზღვარზე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცედურულ პრობლემებს უქმნიან,” – წერია “ქარტია 97–ის” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი