ცხინვალის გადაწყვეტილებით, ახალგორი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების ყოველთვიური გადასახადი გაორმაგდა და 720 რუბლის [დაახლოებით, 24 ლარი] ნაცვლად მძღოლებს ახლა უკვე 1440 რუბლის [48 ლარი] გადახდა უწევთ. პროტესტის ნიშნად მძღოლები, რომლებიც აღნიშნულ ხაზზე მუშაობენ, გაიფიცნენ.
ნეტგაზეთთან საუბარში ახალგორი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი თემურ სოლაევი ამბობს, რომ მგზავრთა ნაკლებობის გამო არსებული შემოსავალი არ იძლევა საშუალებას, გაორმაგებული გადასახადი გადაიხადონ.
“ხალხი [მგზავრები] მაინც რომ იყოს, შევძლებდით გადახდას. ახლა არ გვიღირს”,- ამბობს სოლაევი.
გარდა ამისა, ყოველდღიურად მძღოლები ახალგორის სადგურში 50 რუბლს [1.70 ლარი] იხდიდნენ. გადასახადი ამ შემთხვევაშიც გაორმაგდა და 100 რუბლამდე [3.40 ლარი] გაიზარდა. დაახლოებით იმავე ოდენობის გადახდა უწევთ თბილისში, ე.წ. დიდუბის ავტოსადგურში შესვლის დროსაც.
ახალგორი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულება 3.50 ლარია. აქამდე რეისები ყოველდღიურად სრულდებოდა.
როდის შეწყვეტენ მძღოლები გაფიცვას, ცნობილი არაა.
“ვაპირებთ ცხინვალში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას. დაველოდებით, რა გადაწყდება”, – ამბობს სალოევი.
ახალგორი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით ის ადამიანები მგზავრობენ, რომელთათვისაც ცხინვალში ქართულ კონტროლირებად მხარეს გადმოსასვლელად ე.წ. პროპუსკები – საშვები გასცეს.
ახალგორის რაიონზე თბილისმა კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა.