სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

28 თებერვალი, 2016 • 1901
ცხინვალში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. მუშებმა შენობის სახურავის დაშლა უკვე დაიწყეს, მოგვიანებით კი ძველი შენობის დამწვარი ნაწილის და მთლიანი კორპუსის დაშლაც იგეგმება.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა 2008 წლის აგვისტოში დაიწვა. ახალი შენობის მშენებლობა სამხრეთ ოსეთის სოც-ეკონომიკური განვითარების 2015-17 წლის საინვესტიციო პროგრამითაა გათვალისწინებული და შენობის აღდგენისთვის საჭირო თანხა 2016 წლის ბიუჯეტში გაწერილია.

“პროექტის თანახმად, ძველი კორპუსების ადგილზე ერთიანი სასწავლო კორპუსი აშენდება. ამას გარდა, სამსართულიანი სასწავლო კორპუსის კაპიტალური რემონტი იგეგმება, რომელიც მთავარ შენობის უკან მდებარეობს. აქ აუდიტორიები და ლაბორატორიები განთავსდება”,- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ვადიმ ტადეევმა 25 თებერვალს.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესი ამჟამად უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მიმდინარეობს. sputnik-ossetia-ს ცნობით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სპორტული დარბაზის, ბიბლიოთეკის და სასადილო ოთახის მოწყობა იგეგმება, ხოლო მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ამჟამად უნივერსიტეტში 2 500 სტუდენტამდე სწავლობს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი