სამხრეთ კავკასიის ამბები

კალაძე: არსებობს საშიშროება, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ

12 თებერვალი, 2016 • 1243
კალაძე: არსებობს საშიშროება, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბილისმა ვეღარ შეძლოს. მინისტრის თქმით, პრობლემის შესახებ აფხაზეთის მხარე ინფორმირებულია და მის გადაჭრაზე ერთობლივად მუშაობენ.

“დაახლოებით ორი კვირის მარაგი ელექტროენერგიისა, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და საშიშროებაა იმისა, რომ ვერ შევლოთ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ეს ინფორმაცია მათ იციან და ვმუშაობთ ერთობლივად, რომ  ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული, რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩნენ”,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მოქმედებს, რაც 15 აპრილამდე  ელექტოენერგიის განრიგით მიწოდებას გულისხმობს. “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს აუცილებელი ზომა იყო, რადგან ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე რეკორდულად დაეცა. ტექნიკურ საკითხებში “ენგურჰესის” დირექტორი გია ხუბუა ამბობს, რომ არსებული შეზღუდვა საკმარისი არაა, რადგან  ბოლო ერთი წელია აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მკვეთრად მოიმატა, მაგალითად, მიმდინარე ზამთრის მანძილზე ელექტროენერგიის მოხმარებამ დღეში 800 მილიონ კილოვატსაათს მიაღწია. ხუბუას განმარტებით, ეს თითქმის 100%-იანი მოხმარებაა.

11 თებერვალს ბიოლის ფონდის მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას არ გეგმავს.

“სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს აბსოლუტურად ჩაქვრებიან. არ ვაპირებთ ელექტროენერგიის შემოტანას ჩვენი აქეთა მომხმარებელების ხარჯზე. მათ თბილისზე მეტი ყოველდღიური მოხმარება აქვთ. მილიონნახევრიან ქალაქზე მეტი მოხმარება აქვს აფხაზეთს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ბაზები და მათი ოჯახები აქედან ვამარაგოთ? ბოდიში, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება. მათ მოუწევთ იმ რესურსში ჩაკეტვა, რომელიც დღეს გააჩნიათ”, –  განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი