სამხრეთ კავკასიის ამბები

ინტერნეტის ერთადერთი პროვაიდერი და უკმაყოფილო მომხმარებელი სამხრეთ ოსეთში

30 იანვარი, 2016 •
ინტერნეტის ერთადერთი პროვაიდერი და უკმაყოფილო მომხმარებელი სამხრეთ ოსეთში

სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ერთადერთი მობილური ოპერატორისგან “ოსტელეკომი” ტარიფების შემცირება და აბონენტთა უკეთესი ხარისხით მომსახურება მოითხოვა.

პარლამენტის მოთხოვნა დაფუძნებული იყო “ოსტელეკომის” მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდით.

დეპუტატები კომპანიის გენერალურ დირექტორს, ოლეგ სავჩუკს შეხვდნენ და კითხვები კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის ხარისხზე, ტარიფების გამართლებულობაზე და მოდემების ფასებზე დაუსვეს.

სამი წლის წინ “ოსტელეკომის” ყოფილ ხელმძღვანელს, ვიქტორ სალამოვსაც იმავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია. თუმცა კითხვებს მაშინ ჟურნალისტები სვამდნენ. პასუხებიც მსგავსი იყო. სალამოვის მაშინდელი განცხადებით, მომხმარებლის კრიტიკას იღებენ და ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობენ.

“რა თქმა უნდა, ინტერნეტის სიჩქარე იდეალური არ არის, მაგრამ კავშირგაბმულობის ხარისხი არაცალსახა გაგებაა”, – აცხადებდა ის.

“ჩვენ გვაქვს პრობლემური ზონები და ჩვენს დაპირებებს ამ მხრივ ნელ- ნელა ვასრულებთ. სწრაფად აშენება ქსელის, რომელიც რესპუბლიკის მთელ ტერიტორიას მოიცავდა – უბრალოდ არარეალურია. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია”, – განმარტავდა სალამოვი ჯერ კიდევ 2012 წელს.

როგორც ჩანს, საბაზო სადგურების მშენებლობების პროცესი ძალიან ხანგრძლივი აღმოჩნდა.

პარლამენტის ბოლო სხდომის დროს დეპუტატებმა ახალ ხელმძღვანელს ბევრი კითხვა დაუსვეს, მათ შორის აქტუალური იყო ერთი საკითხი – რატომ დაგვჭირდა თავის დროზე 928 კოდიდან 929-ზე გადასვლა, თუკი როუმინგთან დაკავშირებით პრობლემები ისევ დარჩებოდა, კავშირგაბმულობის მომსახურება გაძვირდებოდა და “აბონენტები უფრო კომფორტულად გრძობდნენ თავს რუსული “მეგაფონის” მომსახურებით”.

დღეს კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის ფასები სამხრეთ ოსეთში ორჯერ მეტია, ვიდრე რუსეთში. მაგალითად, 30 GB-იანი ინტერნეტის პაკეტი სამხრეთ ოსეთში 2100 რუბლი [26 აშშ დოლარი] ღირს, ვლადიკავკაზში 28 GB-იანი ინტერნეტის პაკეტი – 490 რუბლი [6,08 აშშ დოლარი]. 4G მოდემი ვლადიკავკაზსა და კრასნოდარში 799 რუბლი [9,92 აშშ დოლარი] ღირს, სამხრეთ ოსეთში – 1990 რუბლი [24,70 აშშ დოლარი]. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსეთში როუმინგში საუბარი 49 რუბლი [0,61 აშშ დოლარი] ღირს ერთ წუთში, საქართველოსთან უფრო ნაკლები – 33 რუბლი [0,41 აშშ დოლარი].

გარდა ამისა, ინტერნეტის მომხმარებელთა თქმით, თუ ერთ თვეში შეძენილი პაკეტის ამოწურვას ვერ ასწრებ, ფული იკარგება, თუ ვადაზე ადრე ამოწურავ, სიჩქარე იკლებს და ინტერნეტით სარგებლობა შეუძლებელია. იმავე სიჩქარეზე დასაბრუნებლად კი 190 რუბლის გადახდა იქნება საჭირო.

პარლამენტის სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმა “ოსტელეკომის” ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბაზო სადგურების ათჯერ გაზრდის მიუხედავად, კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის ხარისხი არ გაუმჯობესებულა – სადგურები აშენდა, მაგრამ კავშირი ისევ ცუდია.

“ოსტელკომის” პროვაიდერის მომხმარებელები, რომლებმაც 4G-ს ძვირადღირებული მოდემები შეიძინეს, ხშირად ჩივიან ფეისბუკზეც, რომ სიჩქარის გამო ფოტოებსაც ვერ ტვირთავენ. მათივე მტკიცებით, არის შემთხვევები, როდესაც ბალანსის შევსების შემთხვევაში, ფული მაშინვე ქრება.

“ოსტელეკომმა” სამხრეთ ოსეთში საქმიანობა 2004 წელს დაიწყო.

“ოსტელეკომი” რუსული “მეგაფონის” შვილობილი კომპანიაა. მისი აქციების 75% სწორედ “მეგაფონს” ეკუთვნის. დღეისთვის კომპანია 53 ათას აბონენტს ემსახურება. ოფიციალური ინფორმაციით, მისი შემოსავალი ერთი აბონენტისგან საშუალოდ 570 რუბლია [7,07 აშშ დოლარი]. შემოსავლების 10% კი სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში დღგ-ს სახით შედის.

ოლეგ სავჩუკის, კომპანიის ამჟამინდელი დირექტორის თქმით, მომსახურების ფასის პერიოდულად გაზრდა ოპერატორს საშუალებას აძლევს, რესპუბლიკაში ახალი თაობის ქსელები განავითაროს და ახალი სადგურები დამონტაჟდეს. მისი განმარტებით, ტარიფების შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კომპანია დღგ-ს არ გადაიხდის.

ინფორმაციისა და ბეჭდვის ყოფილმა მინისტრმა, დმიტრი ივაკომ “ოსტელეკომთან” დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო რამ თქვა ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში.

“2010 წელს 928-დან 929 კოდზე გადასვლა იყო მხოლოდ საბაბი, მოსახლეობისთვის დაესაბუთებინათ, რატომ იზრდება ტარიფები. სრულიად არ არის მნიშვნელოვანი, რა ციფრებია იქ, 929, 928, 999, 900 თუ სხვა”, – ამბობს ივაკო ჩემი ბლოგისთვის მოცემულ ინტერვიუში.

საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ “ოსტელეკომი” მაინც ყოველთვის “მეგაფონის” ბრენდის ქვეშ მუშაობდა.

სამი თვის წინ ეხო კავკაზაზე ახალი ამბავი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია SkyLink, რომელიც რუსეთში მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტსა და ხმოვან კავშირს უზრუნველყოფს, სამხრეთ ოსეთში მუშაობას გეგმავს.

გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთში რუსული «МТС»-ს და «Билайн»-საც ჰქონდა ფილიალების გახსნის სურვილი, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, “ოსტელეკომის” მფლობელებმა ეს არ დაუშვეს.

პარლამენტის რამდენიმე დღის წინ გამართულ სხდომაზე, თავმჯდომარემ, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ თუ არ გაუმჯობესდება ეს ვითარება, პარლამენტი მოსმენებს მოაწყობს “ოსტელკომის” საკითხის თაობაზე.

ერთ-ერთი ყოფილი ჩინოვნიკის თქმით, რომელსაც ასევე ჰქონდა შეხება “ოსტელეკომთან” და ანონიმად დარჩენა ისურვა, “ოსტელეკომი ძმებ კოკოითებს, ყოფილ პრეზიდენტსა და მის ძმას ეკუთვნის და თუკი ანატოლი ბიბილოვი რეალურად მოინდომებს მათზე ზეწოლას, არაფერი გამოუვა, რამდენადაც მფლობელებს თავადვე შეუძლიათ პარლამენტიდან ვინმეს დათხოვნა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი