სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს პენსია გაეზარდათ

28 იანვარი, 2016 • 1446
აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს პენსია გაეზარდათ

რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმება, რომლის თანახმადაც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ, 27 იანვარს ძალაში შევიდა.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის 14 აპრილს სოჭში მოაწერეს. აღნიშნული შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის და პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა, რომელიც  2015 წლის მარტიდან ძალაშია.

გამოცემის ცნობით, ხელშეკრულების ტექსტის მე-15 მუხლის მიხედვით, რუსეთი თავისი ქვეყნის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, 3 წლის მანძილზე პენსიის გაზრდას უზრუნველყოფს. პენსიის რაოდენობა რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში არსებული პენსიის ოდენობის ტოლი იქნება.

26 იანვარს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბამ რატიფიცირებული სიგელები გაცვალეს და შეთანხმება ძალაში შევიდა.

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქის პასპორტით 32 154 ადამიანი ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი