სამხრეთ კავკასიის ამბები

გიუმრიში ოჯახის მკვლელობის საქმეზე რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესის ადგილი სადავოდ რჩება

20 იანვარი, 2016 • 1728
გიუმრიში ოჯახის მკვლელობის საქმეზე რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესის ადგილი სადავოდ რჩება

სომხეთში, ქალაქ გიუმრიში რუსი ჯარისკაცის მიერ ავეტისიანების ოჯახის მკვლელობის შესახებ სასამართლო პროცესი განახლდა.

ოფიციალური ვერსიით, 2015 წლის 12 იანვარს რიგითმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული სამხედრო ბაზა თვითნებურად დატოვა, ავეტისიანების სახლში შევიდა და ყველა, ვინც სახლში იმყოფებოდა, ავტომატით დახოცა, მათ შორის ორი ბავშვი, სულ კი, შვიდი ადამიანი.

102–ე რუსული სამხედრო ბაზის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ვალერი პერმიაკოვს ბრალად ედება “ორი და მეტი ადამიანის მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ბოროტი განზრახვით, შეკვეთით, აგრეთვე გამოძალვით, დარბევით ან ბანდიტიზმით”, “შენობაში, საცავში ან საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით დარბევა, იარაღის ან სხვა ნივთების გამოყენებით” და “სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა, შესაბამისი საბუთებისა და სათანადო ნებართვის გარეშე”. პერმიაკოვმა სამართალდამცავებს აღიარებით ჩვენება მისცა და ბრალდებები აღიარა.

2015 წლის 12 აგვისტოს ჩრდილოეთ კავკასიის სამხრეთ სამხედრო ოლქის რუსეთის სამხედრო სასამართლომ ვალერი პერმიაკოვს დეზერტირობისა და იარაღის გატაცების გამო, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდის ვადებულებით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობის საქმე კი მთლიან საქმეს გამოეყო და წარმოებისათვის სომხეთს გადასცეს. წაყენებული ბრალის მიხედვით, პერმიაკოვს სავარაუდოდ სასჯელის უმაღლეს ზომას, სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პერმიაკოვის საქმეს სომხეთის სასამართლო განიხილავს, პროცესი რუსეთის სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. თავად მსჯავრდებულიც სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება. ხალხი ფიქრობს, რომ შეუძლებელია ამან გავლენა არ იქონიოს სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე, ამით კი სომხეთის სუვერენული უფლებები ირღვევა.

მათი აზრით, სასამართლო პროცესი ქალაქ გიუმრის საქალაქო ან საოლქო სასამართლოში უნდა მიმდინარეობდეს.

დარბაზი, სადაც პროცესები იმართება, პატარაა და ორშაბათს, 18 იანვარს გადატვირთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში ახალი ხმოვანი სისტემა დაამონტაჟეს, ადვოკატებისა და ავეტისიანების ნათესავებისათვის სავარძლები და მაგიდები დაამატეს, იქ მაინც სივიწროვეა. ეზოში კვლავ გაშლილია ორი კარავი ჟურნალისტებისა და მოქალაქეებისათვის, რათა პროცესის მიმდინარეობას ეკრანზე თვალი ადევნონ.

როგორც “ნეტგაზეთს” ერევნის პრესკლუბის პრეზიდენტმა ბორის ნავასარდიანმა განუცხადა, ის ფაქტი, რომ სომხეთის სასამართლო გასვლით სასამართლო სხდომებს ატარებს რუსეთის 102–ე სამხედრო ბაზაზე და ბრალდებულიც მუდმივად იქ იმყოფება, კარგი არ არის. მისი აზრით, წარმოუდგენელია, სასამართლო პროცესის მონაწილეებზე ამან გარკვეულ ფსიქოლოგიური ზემოქმედება არ მოახდინოს:

“მეორე მხრივ, ძნელი წარმოსადგენია, როგორ ჩატარდება აღნიშნული პროცესი ჩვეულებრივ სასამართლო დარბაზში ქალაქ გიუმრის მაცხოვრებელთა ემოციურ ფონზე”- ამბობს ნავასარდიანი და იხსენებს იმ ფაქტს, როდესაც ავეტისიანების ოჯახის განადგურების შემდეგ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც მოსახლეობა დამნაშავის სომხეთის მართლმსაჯულებისთვის გადაცემას ითხოვდა და ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა სიტუაციის გასაკონტროლებლად.

“რისკი, რომ სომხეთის მოსახლეობა უნდობლობით არის გამსჭვალული სასამართლო განხილვის მიმართ, არსებობს, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანოებს, ავეტესიანის და მისი ნათესავების ინტერესების დამცველებს გამოძიებასთან და თავად ბრალდებულთან სრულფასოვანი წვდომა არ აქვთ”,- ამბობს ნავასარდიანი.

ჰელსინკის კომიტეტის ხელმძღვანელი სომხეთში არტურ საკუნცი, რომელიც სასამართლო განხილვაში ჩართულია, მიიჩნევს, რომ ეს პროცესი სომხეთის დამოუკიდებელი სასამართლოს შეურაცხყოფაა.

“რა ისეთი საჭიროება არსებობს, რისი შესრულებაც სომხეთის სასამართლოს და პოლიციას არ შეუძლია? სად არის გარანტია, რომ ჩვენი მოსამართლე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზაზე გარემოებებით შებოჭილი არ იქნება? ვინ მოგვცმს გარანტიას, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზაზე ჩატარებული სასამართლო ობიექტური იქნება?”

მისი შეფასებით, ეს სომხეთის დამოუკიდებელი სასამართლოს შეურაცხყოფა. ავეტესიანის ოჯახის ადვოკატების და ახლობლების მსგავსად, საკუნციც გამოვიდა მოთხოვნით, რომ სასამართლო შირაქის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოში ჩატარდეს. მსჯავრდებული პერმიაკოვი ამბობს, რომ მისთვის სულერთია, პროცესი სად ჩატარდება.

გიუმრის მერიის უხუცესთა საბჭოს წევრმა ლევონ ბარსეგიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ისინი აუცილებლად ეცდებიან, პროცესი გაიმართოს არა სამხედრო ბაზაზე, სადაც სომხეთის იურისდიქცია შეზღუდულია, არამედ სომხეთის სასამართლოში.

“ხალხს არ სჯერა სასამართლოსი, მათ არ ჯერათ, რომ ასეთი საშინელი დანაშაულის უკან არავინ დგას და ყველაფერი ეს მარტომ ჩაიდინა’. ბარსეგიანს არც სასამართლოს ობიეტურობის მოლოდინი აქვს, იმდენად რამდენადაც “არ შეიძლება სასამართლო თავისუფალი იყოს ზეწოლისაგან, როდესაც სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზაზე მუშაობს”

ლევონ ბარსეგიანი ამბობს, რომ მას არც პროკურორის, არც მოსამართლის და არც მთლიანად სომხეთის სასამართლო სისტემის იმედი არ აქვს და  მხოლოდ დაზარალებული მხარის ადვოკატებზე ამყარებს იმედს, რამდენადაც მხოლოდ ეს საშუალებაა დარჩენილი:

“ეს იმედი მაინც ძალიან სუსტია, რადგან მსჯავრდებული უბრალოდ შეიძლება აიძულონ გაჩუმდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი