სამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისი უარყოფს ცხინვალის ცნობას, რომ ე.წ. საზღვარზე ISIS პროვოკაციას გეგმავს

17 დეკემბერი, 2015 • 1451
თბილისი უარყოფს ცხინვალის ცნობას, რომ ე.წ. საზღვარზე ISIS პროვოკაციას გეგმავს

ახალი წლის დღესასწაულამდე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა შესაძლოა შეიარაღებული პროვოკაცია მოაწყონ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, – ეს განცხადება “სპუტნიკ ოსეტიას” ცნობით გუშინ, 16 დეკემბერს გააკეთა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დავიდ სანაკოევმა, სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

“პანკისის ხეობაში ხდება ბოევიკების კონცენტრაცია, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული ტერორისტული ორგანიზცია ISIS-ის მხარეს. ისინი სირიიდან შემოვიდნენ და ახლა საქართველოში იმყოფებიან,” – განაცხადა სანაკოევმა.

მისი თქმით, რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, პროვოკაცია იგეგმება საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე:

“ბოევიკების სამიზნე შესაძლოა გახდნენ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, ევროკავშირის მონიტორები და საქართველოს პოლიცია, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ საზღვარზე. ამას გარდა, განიხილება სამოქალაქო პირების შესაძლო გატაცება ან არასასურველი პირობების შექმნა სამოქალაქო მოსახლეობისთვის სასაზღვრო სოფლებში,” – განმარტა სანაკოევმა.

ქართული მხარე უარყოფს სანაკოევის განცხადებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო სრულად აკონტროლებს ვითარებას პანკისის ხეობაში, ხოლო პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ეს განცხადება პროვოკაციულია და საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ტერორიზმით არ არის დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი