“არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება 2018 წლამდე ამ პროექტის დასრულება იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი მოცულობითი სამუშაოები არის ჩასატარებელი”, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ თურქეთის პრემიერის განცხადებაზე, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობა დაჩქარდება და 2018 წლამდე დასრულდება.
მისივე თქმით, თუ ეს მოხდება და 2018 წლამდე საქართველო ბუნებრივი აირის მიღებას შეძლებს, გაზპრომისგან დამატებითი გაზის შესყიდვა აღარ გახდება საჭირო.
“თუმცა 10%-ს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გატარებაში, იმას აუცილებლად მივიღებთ”.
მანამდე კი, საჭიროების შემთხვევაში, როგორც მინისტრი ამბობს, გაზის შესყიდვა მოხდება.
მშენებლობის სწრაფად დასრულებაში ეჭვი არ ეპარება აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც თბილისში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციას ესწრებოდა.
“შაჰ დენიზი როგორც ევროპისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის მინშვნელოვანი პროექტია. უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე 16 კუბური მეტრი აირის გატარება იგეგმება თურქეთის მიმართულებით. საბოლოოდ კი, ევროპისთვის გაზის მიწოდება. საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარებს მშენებლობა და ვფიქრობ ის დაგეგმილზე ადრე დასრულდება”, – ამბობს ფარვიზ გარიბზადე.
ამავე კონფერენციის მონაწილე იანეს კოპაჩი, ევროკომიის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი აცხადებს, რომ “ევროკავშირი მუშაობს ევროპაში ენერგეტიკული დივერსიფიკაციის გეგმებზე. ბუნებრივი რესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება კარგი საქციელი არ არის. შესაბამისად, ჩვენ ყველა საშუალება უნდა მოვნახოთ იმისთვის, რომ ევროპისთვის ალტერნატიული საშუალებები არსებობდეს. სწორედ რუსეთი იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის მის რესურსებს. მინიმუმ, ცდილობს მაინც”.