სამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო: ისლამისტები ბაქოში ტერაქტებს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას აპირებდნენ

26 ნოემბერი, 2015 • 1233
ბაქო: ისლამისტები ბაქოში ტერაქტებს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას აპირებდნენ

ოფიციალური ბაქოს ცნობით, საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, რომ ტალე ბაგირზადემ, ელმან აგაევმა, ზულფუგარ მიქაილოვმა და აბულფაზ ბუნიატოვმა შექმნეს მოძრაობა “მუსულმანების ერთობა”, რათა “დაემხოთ მოქმედი კონსტიტუციური წყობა, ხელში ჩაეგდოთ ხელისუფლება და შეექმნათ რელიგიური სახელმწიფო, რომელიც იმართებოდა შარიათის კანონებით. აღნიშული პირები აგროვებდნენ მომხრეებს ბაქოსა და აზერბაიჯანის რეგიონებში და აყალიბებდნენ დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი მოწყობილობებით”.

როგორც haqqin.az იუწყება, აზერბაიჯანის შსს-სა და გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით, ამ დაჯგუფების ლიდერები ატარებდნენ უკანონო შეკრებას ნარდარანის დასახლებაში, სადაც მოსახლეობის ამბოხების ორგანიზების გეგმებს ახმოვანებდნენ. ამ მიზნით, გამოძიების ცნობით, მათ შესაბამისი დავალებები მისცეს მომხრეებს და ავრცელებდნენ მოსახლეობაში საინფორმაციო ფურცლებს. გამოძიებისვე ინფორმაციით, კონკრეტულ პირებს ჰქონდათ დავალებული ტერაქტების ორგანიზება სახელმწიფო თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

26 ნოემბერს ნარდარანში ჩატარდა სპეცოპერაცია სწორედ ამ ჯგუფის წევრების დაკავების მიზნით, თუმცა, როგორც აზერბაიჯანის ოფიციალური ორგანოები იუწყებიან, მათ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას, რასაც მოჰყვა საპასუხო სროლა და შედეგად დაიღიპა ოთხი და დაიჭრა რამდენიმე მათგანი. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დიდძალი იარაღი. ტალე ბაგირზადეს გარდა, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 14 წევრი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

იმავდროულად, ექსტრემისტული ჯგუფის მომხრეები იკრიბებიან დასახლების ცენტრალურ მოედანზე, სადაც ამ დროისთვის 200-მდე ადამიანია თავმოყრილი. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოქალაქეები იქ მიდიან ქვებით და რკინის საგნებით და აგებენ ბარიკადებს. ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადებიან. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი