სამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ცვლის რეალობას სამხრეთ კავკასიაში

7 თებერვალი, 2024 • 9190
ფაშინიანის თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ცვლის რეალობას სამხრეთ კავკასიაში

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ცვლის რეალობას სამხრეთ კავკასიაში.

სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა თქვა, რომ გლობალური სამყარო აღარ არის ისეთი, როგორიც იყო ხუთი-ექვსი წლის წინ.

„ჩვენი ურთიერთობა არც ერთ სუბიექტთან აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე. შეიცვალა ჩვენი რეგიონიც, შეიცვალა მნიშვნელოვანი რეალობები. ერთ-ერთი ასეთი რეალობაა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, რასაც ობიექტური გავლენა აქვს რეგიონზე. ჩვენს ორ მეზობელს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ადრე ჩვენ ვამბობდით, სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი, ახლა ევროკავშირი ფაქტობრივად ჩვენი რეგიონია“, — განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ამ მხრივ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას.

მან თქვა, რომ ძალიან მადლობელია ირაკლი ღარიბაშვილის და დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება ახალი მთავრობის პირობებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი