რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღევანდელი, 18 იანვრის პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ნდობის გამყარების მიზნით, მოსკოვი მიესალმება ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროექტს.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები დაალაგონ, ასეთი დიალოგის მექანიზმები არსებობს, სადაც ჩვენც ვმონაწილეობთ. დასავლეთი, თავისი კაპრიზებით, ხელს უშლის საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიალოგს”.
“ე.წ. ჟენევის დისკუსიების დასავლელი მონაწილეები არიან ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ, რომლებიც ცდილობენ, დიალოგის ეს ფორმატი გადააკეთონ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მძევლად. ეს უხერხული და არაპროფესიონალურია და ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ამოცანებს კონკრეტულ რეგიონში ახორციელებენ საკუთარი პოლიტიკური წყენებისა და კაპრიზების შესაბამისად”.
2008 წლის ომზე საუბრისას კი თქვა, რომ იმ მოვლენებში NATO-მ საკუთარი როლი შეასრულა.
“აპრილში NATO-ს სამიტზე ბუქარესტში მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა იქნებიან NATO-ში. სააკაშვილმა [არ მინდა ჟარგონი გამოვიყენო], მაგრამ “აუშვა” და გადაწყვიტა, რომ ეს ინდულგენციაა. უკრაინელებს ცოტა მეტი დრო დასჭირდათ, რომ ეს “ბუქარესტის იმპულსი” იმ ადამიანების გონებამდე მისულიყო, ვინც საკუთარი ტერიტორიებიდან ყოველივე რუსულის განდევნა გადაწყვიტა”.