საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დე ფაქტო უწყებების მიერ გალში საქართველოს მოქალაქის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება არის „პროვოკაცია, რომელიც მიზნად საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს“.
ნეტგაზეთთან საუბრისას ნანუაშვილი ამბობს, რომ ქრისტინე თაკალანძის დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს ბიჭვინთაში რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიისა და საზღვაო აკვატორიის გადაცემის პარალელურად საზოგადოებაში გაჩენილ ვნებათაღელვას.
„ზოგადად ძალიან დაძაბული მდგომარეობაა აფხაზეთში, იგივე ბიჭვინთის მოვლენებთან დაკავშირებით, ეს ცოტა უფრო პროვოკაციული, ყურადღების გადატანის მცდელობად მიმაჩნია, ასეთი პროვოკაციებით ზოგადად ცნობილია რუსეთი. დაგეგმილ, შეიძლება ითქვას პროვოკაციებს, ადრეც ჰქონია ადგილი, მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სენსიტიური, განსაკუთრებული მოვლენები ხდება“, – აცხადებს ნანუაშვილი.
მისივე განცხადებით, საეჭვო და პროვოკაციულია ის „დოკუმენტიც“, რომელიც თითქოს ადასტურებს თაკალანძის „ჯაშუშობას“.
„ასეთი მტკიცებულებების გავრცელება მანამდე, სანამ კონკრეტული საკითხები გაირკვევა, პირიქით, მიანიშნებს, რომ გარკვეული ინტერესი არსებობს და ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის“, – აცხადებს იგი.
აფხაზურ მედიაში გავრცელდა საქართველოს მოქალაქის დაკავების კადრები, სადაც დე ფაქტო უწყებების წარმომადგენლებმა თითქოსდა აღმოაჩინეს წერილი, სადაც ქრისტინე თაკალანძე ქართული სპეცსამსახურებისგან დირექტივებს იღებს.
„წერილი“, რომელიც „სპეც-ოპერაციისას“ იპოვეს.
წერილში, რომელიც აფხაზურ მედიაში გავრცელდა, არ არის დაცული ქართული ანბანისთვის დამახასიათებელი ასოთა მოყვანილობა, ზომა და განლაგება.
ასევე, რიგ შემთხვევებში ასოები და, შესაბამისად, სიტყვები არასწორადაა დაწერილი, რაც აჩენს ეჭვს, რომ წერილი ყალბია.
ნანუაშვილის თანახმად, ქართულმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა დაკავებული მოქალაქე გათავისუფლდეს.
„ეს არის პროვოკაცია გარკვეული ძალების მხრიდან, რათა ყურადღება გადაიტანონ რეალური პრობლემებიდან, რომელთა მოგვარებასაც ითხოვს როგორც ქართული, ისე აფხაზური საზოგადოება. ეს არის მტრის ხატის წამოწევის მცდელობა.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ადამიანის გათავისუფლებისთვის. თუ რაიმე „გამოძიება“ მიმდინარეობს, ქართულ მხარეს ყველა დოკუმენტზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის საერთაშორისო დონეზე გახმაურება და მოქალაქის უფლებების მაქსიმალური დაცვა“, – აცხადებს იგი.
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე, რომელიც აფხაზური მხარის მტკიცებით, ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა.
ნეტგაზეთს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ დაკავება არის უკანონო და ამუშავებულია ცხელი ხაზი.