აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებიან, რათა შეხვედრა გამართნ.
ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათთან შეხვედრისას საუბრისას მთავარი განსახილველი საკითხი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ შეხვედრა წარმატებული იქნება და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა განიხილეს და ხაზი გაუსვეს მის როლს, რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიმართულებით.
აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგების ვიზიტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილიც. მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის შედეგს გამოიღებს.
„ძალიან მეამაყება, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის შედეგს გამოიღებს,” – აცხადებს ილია დარჩიაშვილი.
ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე საუბრობენ. მხარეებს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს რუსეთი, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამ როლის შესრულება აშშ-ის პრეზიდენტსაც სთხოვა. მხარეებს შორის თბილისში მოლაპარაკებები ამ დრომდე დღის წესრიგში არ დამდგარა, თუმცა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ როლის შეთავსებაზე საუბრობდა.