სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრი ვალტერ ბუთბა გახდა

6 დეკემბერი, 2021 • 1529
აფხაზეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრი ვალტერ ბუთბა გახდა

აფხაზეთს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვალტერ ბუთბა დანიშნა.

ბუთბამ ამ პოსტზე შეცვალა დიმიტრი დბარი, რომელიც 2 დეკემბერს გაათავისუფლეს აღნიშნული პოზიციიდან.

აფხაზური ოპოზიცია დბარის თანამდებობიდან გადაყენებას უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აქტიურად ითხოვდა.

გათავისუფლების შემდეგ, დიმიტრი დბარი ბჟანიამ სახელმწიფო დაცვის დე ფაქტო სამსახურის უფროსად დანიშნა და პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა.

ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ სწორედ დბარის ბრძანებით სცემეს „აფხაზურ საზოგადოებაში პატივსაცემი ადამიანები“, ომის სწრაფი რეაგირების დანაყოფის ვეტერანები.

30 სექტემბერს, როდესაც აფხაზეთში დე ფაქტო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ, ადგილობრივი პარლამენტის წევრმა გარი კოკაიამ სოხუმის ცენტრში ცეცხლასროლი იარაღიდან ჰაერში გასროლა დაიწყო. მილიცია შეეცადა, მისთვის იარაღი წაერთმია.

მას მალევე გამოესარჩლნენ სხვა პირები. საბოლოოდ, მილიციასა და მათ შორის ჩხუბი დაიწყო. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სწრაფი რეაგირების სპეციალური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე დადინ ჩაჩხალია კი საბოლოოდ სასამართლოს წინაშე აღმოჩნდნენ.

თავად დე ფაქტო მინისტრი მაშინ პასუხისმგებლობას გადაურჩა, რის გამოც ოპოზიცია საბოლოოდ დაუპირისპირდა ბჟანიას და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სახალხო ყრილობა დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი