სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი პოლიტიკური ცვლილებების წინაშე?

25 დეკემბერი, 2019 • 1039
აზერბაიჯანი პოლიტიკური ცვლილებების წინაშე?

ავტორი: გუნელ მევლუდი


ვადამდელი არჩევნები

თითქმის ერთი თვეა, აზერბაიჯანულმა მილი მეჯლისმა საკუთარი თავი დაითხოვა და ქვეყანა ფაქტიურად პარლამენტის გარეშე ცხოვრობს.

სოციალურ ქსელებში, თავის მხრივ, განიხილავენ ინფოგრაფიკას, რომლებზეც ნაჩვენებია უკვე ყოფილი დეპუტატების ასაკი: დაახლოებით ოცმა მათგანმა 75-ე იუბილე იზეიმა, ხუთეულმა 80 წელსაც გადააბიჯა. თითქმის, ყველა მათგანმა დეპუტატის რანგში 25-30 წელი იმუშავა.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 2020 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო, 2020 წლის თებერვლისთვის გადაიტანეს.

ყოფილი დეპუტატები სამშობლოს ტოვებენ

მსგავსი სწრაფი მოქმედებების მიზეზი არ დაუსახელებია არც ერთ დეპუტატს – ისინი უცნაურად დუმილს არჩევენ. მეტიც – რამდენიმე ყოფილი დეპუტატი საცხოვრებლად უკვე გადავიდა საზღვარგარეთ.

სსრკ-ის და დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახალხო არტისტი და [პარლამენტის] ბოლო ხუთი მოწვევის დეპუტატი ზეინაბ ხანლაროვა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამ უბიძგა 83 წლის ხალხის საყვარელ მომღერალს სამშობლო დაეტოვებინა, ხანლაროვამ მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა:

„მე ჩემს ხალხს ათეულობით წლის განმავლობაში ვემსახურებოდი. როგორც დეპუტატი, დღის წესრიგში ვაყენებდი მნიშვნელოვან საკითხებს და ჩემი ამომრჩევლების ინტერესებს ვიცავდი. თუმცა, არავინ დამაფასა ისე, როგორც ვიმსახურებდი”.

ხანლაროვას სიტყვებში წყენის ტონი საზოგადოებამ მესიჯად აღქვა:

“ყოფილ დეპუტატს გააგებინეს, რომ მილი მეჯლისში სავარძელს სამუდამოდ დაემშვიდობა”, – წერდნენ აზერბაიჯანელი მომხმარებლები სოციალურ ქსელებში.

მაღალჩინოსნებისა და მათი შვილების დაპატიმრება

სანამ ყოფილი დეპუტატები დღეებს პრესასთან დუმილში ატარებდნენ, ქვეყნის ხელისუფლება უსაქმოდ არ იჯდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში მაღალჩინოსნების დაპატიმრებები დაიწყო. აგსტაფინის რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელძღვანელი ნიზამედინ კულიევი დააპატიმრეს, მის შემდეგ კი ჯერი მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ რამიზ ტატაროვზე დადგა. დააპატიმრეს აგრეთვე ევხალასის რაიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელი გოჩა სამედოვი. თვითმმართველობის ორივე ხელმძღვანელს სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის მიღებას ედავებიან.

რამდენიმე პროვინციაში დააპატიმრეს ასევე, მაღალჩინოსნების შვილები – ძირითადად, ნარკოტიკული საშუალებების “აღმოჩენის” გამო.

მოვლენების ასეთი განვითარება საზოგადოებისთვის განმაცვიფრებელი იყო, რადგანაც ზემოთხსენებული ჩინოვნიკები პოსტს დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ. აღნიშნულ სავარძლებამდე, ისინი სხვა რაიონების ხელმძღვნელები იყვნენ და სხვა მაღალ პოსტებს იკავებდნენ.

ნიზამედინ კულიევი 2014 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირადად დააჯილდოვა ღირსების ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურების“ გამო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაათავისუფლეს თითქმის ყველა მინისტრი, რომლებიც პოსტებს ათეულობით წელი იკავებდა.

ფაშაევები მეხტიევის კლანს ამარცხებენ?

რა ხდება ქვეყანაში? ბევრმა აზერბაიჯანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანა კარდინალური ცვლილებების წინაშე დგას. კლანთაშორისი ომი, რომელიც უკვე წლებია გრძელდება პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევასა და პრეზიდენტის აპარატის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, რამიზ მეხტიევის [მას „რუხ კარდინალს“ უწოდებენ. ის ათეულობით წლები თითქმის მართავდა ქვეყანას და მამა-ალიევის ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი იყო], კლანებს შორის, კულმინაციას აღწევს.

შეიძლება ითქვას, რომ ყველა გათავისუფლებული მინისტრი, ადგილობრივი მთავრობების ხელმძღვანელი და დეპუტატთა დიდი ნაწილიც კი „მეხტიევის კადრი იყო“, რომელიც პოსტს ათეულობით წელი იკავებდა.

პარლამენტის „გაახალგაზრდავება“?

პრეზიდენტის ახლანდელი სიტყვები „გვსურს და იმედი გვაქვს, რომ მორიგი პარლამენტის შემადგენლობა ბევრად უფრო ახალგაზრდა იქნება, პარლამენტი გაახალგაზრდავებას დაიწყებს“ , იმედისმომცემად ჟღერს, რადგანაც არავისთვისაა საიდუმლო, რომ პირველ ლედის ახალგაზრდა და ევროცენტრული კადრები ურჩევნია.

მოვლენების ასეთმა განვითარებამ ახალგაზრდებს იმედის გაჩენის საფუძველი მისცა. თითქმის ყოველდღე ახალგაზრდა კადრების განცხადებები გვესმის, რომ ისინი პარლამენტში იყრიან კენჭს. თანაც, არა მარტო მმართველი პარტიიდან, არამედ ოპოზიციიდან. მაგალითად, ოპოზიციურმა პარტია “რეალმა”, რომელიც ახალგაზრდა შემადგენლობით და ევროცენტრული ღირებულებებით გამოირჩევა, უკვე გამოაცხადა რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ამჟამად, სოციალური ქსელები გადავსებულია გაღიმებული და იმედისმომცემი კანდიდატების ფოტოებით, რომლებიც აქამდე თითქმის უცნობი იყვნენ ფართო პუბლიკისთვის.

კანდიდატებს შორის არიან თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენლები – არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები, მწერლები, ბლოგერები, ბიზნესმენები. საზოგადოების იმედები იმისა, რომ ყველა თუ არა, მათი ნაწილი მაინც მოხვდება მეჯლისში, დიდია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი