სამხრეთ კავკასიის ამბები

დიტერ ბოდენი: აფხაზები ევროპელები არიან

14 ოქტომბერი, 2016 • 2769
დიტერ ბოდენი: აფხაზები ევროპელები არიან

გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი საგანგებო წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში, ამჟამად პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი დიტერ ბოდენი სოხუმში გერმანული ფონდის, “ბერგჰოფის” მიწვევით ჩავიდა.

დიტერ ბოდენმა 2001 წელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გეგმა წარმოადგინა, რომელიც “ბოდენის გეგმით” არის ცნობილი.  მაშინ ქართულმა მხარემ მასზე კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთი საქართველოს “ფედერალურ სახელმწიფოში” სუვერენულ წარმონაქმნად ” მოიაზრებოდა.

სოხუმში მყოფმა ბოდენმა ეხოკავკაზასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აფხაზეთმა ევროპასთან უფრო  ცოცხალი ურთიერთობები იქონიოს.

“სიამოვნებით ჩამოვედი აქ. წინა წელსაც ვიყავი და საინტერესოა დაკვირვება, როგორ ვითარდება ქალაქი, როგორ შენდება, როგორ ნორმალიზდება ცხოვრება აფხაზეთში. რა თქმა უნდა, მიყვარს ეს ქვეყანა”, – ამბობს ბოდენი.

მისივე განცხადებით, ყოველ ვიზიტის დროს აფხაზეთში პოლიტიკოსებს ხვდება. ამჯერადაც იგივე მიზანი აქვს.

“სახლში, გერმანიაში აფხაზეთის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა მაქვს. დაბრუნების შემდეგ ვცდილობ ამის შესახებ ვისაუბრო და ინფორმაცია მივაწოდო იქ.

90-იან წლებში იყო მწვავე კონფლიქტი, ომი.  დღეს არ არის სამხედრო მოქმედებები, არ არის დიდი ინციდენტები კონფლიქტის ზონაში, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. სიტუაცია მთლად ნორმალური არ არის. როდესაც ენგურს ვკვეთ, ვხედავ, რომ რაღაც არანორმალური სიტუაციაა. ეს მოითხოვს მთელი საერთაშორისო საზოგადოების შემდგომ ძალისხმევას, რათა როგორმე აღვადგინოთ ნორმალურად. აფხაზეთი რაღაც იზოლაციაშია. ვფიქრობ, რომ აფხაზები ჩვენთვის ახლობელი ერია, ევროპელები არიან, ევროპას მიეკუთვნებიან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობები აღდგეს.  ვიცით, რომ ეს პოლიტიკური პრობლემაა. აქ ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი, რათა უფრო ნორმალურ სიტუაციამდე მივიდეთ. ევროპა დაკავებულია ამ საკითხით, სხვადასხვა ასპექტში იქ ტექნიკური პრობლემები თამაშობს როლს – სავიზო ტიპის. საჭიროა გზის გახსნა. მგონია, რომ ევროპელებიც გრძნობენ ვალდებულებას, ძალისხმევა გამოიჩინონ”.

 

 

დიტერ ბოდენი; ფოტო: ekhokavkaza

დიტერ ბოდენი; ფოტო: ekhokavkaza

 

მასალების გადაბეჭდვის წესი