სამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვას წერილი და მიმართვა ობამას

1 აპრილი, 2016 • 1635
ხადიჯა ისმაილოვას წერილი და მიმართვა ობამას

The Washington Post-ში აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას მიერ ციხეში დაწერილი ვრცელი წერილი გამოქვეყნდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან დაკავშირებით მიმართავს – “არ მისცეთ მას საშუალება, რომ პოლიტპატიმრები სავაჭროდ გამოიყენოს”.

“ამ კვირაში ალიევი მონაწილეობს ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ სამიტში. ეს მიწვევა ალიევს ძალიან ძვირი დაუჯდა. ბარაკ ობამასგან მოსაწვევის მიღების მიზნით, იგი იძულებული გახდა რამდენიმე პოლიტპატიმარი გაეთავისუფლებინა ციხიდან. ისინი გამოვიდნენ თავისუფლებაზე, მაგრამ ქვეყნიდან ვერ გადიან. ამგვარად, სამართლიანობა არ აღმდგარა.

ალიევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება იმისთვის დასჭირდა, რომ ობამას ხელი ჩამოართვას და მსოფლიო ბანკისგან ნავთობზე ფასის შემცირების შემდეგ კრედიტი მიიღოს. ალიევი ურცხვად იყენებს პოლიტპატიმრებს სავაჭროდ. ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთი მათგანი გამოუშვეს ციხიდან, თუმცა არც მათი და არც ჩემი ბრძოლა დასრულებული არ არის. მე არ ვარ სათამაშო ბაქოსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიურ გარიგებებში. ციხეშიც კი თავისუფალი ვარ და ჩემი თავისუფლება არ იყიდება.

პრეზიდენტო ობამა, სთხოვე ალიევს, შეწყვიტოს თავისუფალ პრესასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა. კითხე ნავთობიდან შემოსული მილიარდების შესახებ, რომელიც რამდენიმე პირის ინტერესებისთვის ძვირადღირებულ პროექტებზე დაიხარჯა; კითხე, როდის ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს; კითხე, როდის გაათავისუფლებს ყველა პოლიტპატიმარს; კითხე,  როდის შეწყდება ფუნდამენტური თავისუფლებების საჩუქრის სახით არსებობა მის ხელში და უფლებად გადაქცევა”,- წერს წერილში ხადიჯა ისმაილოვა.

ხადიჯა ისმაილოვას აღნიშნული წერილის ავთენტურობას ნეტგაზეთთან ჟურნალისტის დედა, ელმირა ისმაილოვაც ადასტურებს.

ისმაილოვა რადიო თავისუფალი ევროპის გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელსაც 2015 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მან ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას ადვოკატირების ინიციატივით ადვოკატი ამალ კლუნი 2016 წლის იანვარში გამოვიდა. უფლებადამცველი, იურისტი ამალ კლუნი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას უფლებების დაცვისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი