სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ავტომობილების ბაზრის კრიზისია – მანქანების იმპორტი საქართველოდანაც შემცირდა

18 მარტი, 2016 • 3347
აზერბაიჯანში ავტომობილების ბაზრის კრიზისია – მანქანების იმპორტი საქართველოდანაც შემცირდა

აზერბაიჯანში ავტომობილების ბაზრის ბრუნვა ათჯერ შემცირდა.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2016 წლის იანვარში აზერბაიჯანში 11,9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი განხორციელდა, რაც 80%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში 53,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა.

2016 წლის პირველ თვეში აზერბაიჯანში იმპორტირებული იყო სულ 473 ავტომობილი, 2015 წლის იანვარში – 4090. 2014 წელს ეს ციფრი შეადგენდა 6477-ს, ხოლო 2013 წლის იანვარში – 7129-ს.

Capturedfg

თუკი ვარდნა 2014 და 2015 წლებში ძირითადად დაკავშირებული იყო 2014 წლის 1 აპრილიდან ევრო-4-ის საწვავზე გადასვლასთან, რის შემდეგაც ქვეყანაში ძველი ავტომობილების შეტანა აკრძალეს, 2016 წლის იანვარში იმპორტის ასეთი მკვეთრი ვარდნა ქვეყანაში მანათის დევალვაციითა და მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის შემცირებითაა გამოწვეული.

ავტომობილების ბაზრის სრული კრახი, რომელსაც ექსპერტების ნაწილი ვარაუდობდა, მაინც არ მოხდა. თუმცა იმპორტის 10-ჯერ შემცირებამ, ასევე, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების მკვეთრმა ვარდნამ, ავტომობილების ბაზრის ღრმა კრიზისი გამოიწვია.

ავტოსალონებში გაყიდვების შემცირების პარალელურად, მანათის ვარდნის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები. სტაგნაციის დროს მეორადი ბაზარიც გაჩნდა. ამის ნათელი მაგალითია საქართველოდან ავტომობილების იმპორტის შემცირება, საიდანაც წლების განმავლობაში შემოჰქონდათ მანქანები გასაყიდად.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში აზერბაიჯანში ექსპორტირებულია [577 ათასი დოლარის ღირებულების] მხოლოდ 24 ავტომობილი. 2015 წლის იანვარში – 647 ავტომობილი [13,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების].

აზერბაიჯანული მანათის დეკემბრის დევალვაციის შემდეგ, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 50%-ზე მეტით გაუფასურდა, სრულიად პროგნოზირებადი იყო იმპორტირებულ ავტომობილებზე ფასების ზრდა. თუმცა ავტომობილების სალონების ნაწილი გარკვეული პერიოდი მაინც ცდილობდა ფასების შეკავებას. საბოლოოდ კი იძულებული გახდა გაეზრდა ფასი. მარტივი ლოგიკაა. დოლარის ექვივალენტში ფასი იგივე დარჩა, მაგრამ მანათში ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

რისი გაკეთება შეუძლიათ მსგავს სიტუაციაში ავტოსალონებს? მანევრებისთვის ვარიანტები შეზღუდულია – გარანტიის ვადის გაზრდა და ავტომობილის მომსახურება, ან ავტოკრედიტები გაუმჯობესებული პირობებით.

ავტოკრედიტები ქვეყანაში დიდი ხანია პრობლემატურია. ჯერ კიდევ 2014 წელს მედიაში აქტიურად შუქდებოდა თემა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მიერ საბანკო სისტემის მონაწილეებთან ავტოკრედიტების შესახებ ხელმოწერილ გარკვეულ შეთანხმებაზე, რის შემდეგაც ბანკებმა ფაქტიურად უარი თქვეს ავტომობილების შესყიდვის დაფინანსებაზე.

მოგვიანებით თითქოს სიტუაციის გამოსწორება დაიწყო, მაგრამ ეროვნული ვალუტის ორმა დევალვაციამ ბანკებს ძლიერად დაარტყა. დღეს ბანკების დიდი ნაწილი ფიქრობს, როგორ გადარჩეს.

“ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ საკრედიტო პოლიტიკას წარმართავს აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი. გაყიდვების ძირითადი ნაწილი წლების განმავლობაში ავტოკრედიტების ხარჯზე ხორციელდებოდა. საავტომობილო დილერები და მოქალაქეები უკვე შეეგუვნენ ამ სქემას. ამიტომაც ავტოკრედიტები ძალიან პოპულარული იყო. მაგრამ ახლა ავტოკრედიტორთა სეგმენტი იზრდება და საერთო საბანკო კრედიტების ნაწილს შეადგენს” – ამბობს ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ნატიგ ჯაფარლი.

ავტოკრედიტების პრობლემაზე საუბრობს ეკონომიკური და საოციალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვუგარ ბაირამოვიც.

“აქამდე ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების 75% ავტოკრედიტების საშუალებით იყო ნაყიდი. ახლა ბანკები აღარ გასცემენ ასეთ კრედიტებს და მყიდველთა რაოდენობაც შემცირდა”.

შესაბამისად, საავტომობილო ბაზარი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან. ბანკების სტაბილურობა კი ავტომობილების ბაზრის კრიზისიდან გამოსვლის გარანტიაა.

სტაგნაციიდან გამოსასვლელად საჭიროა ბანკების მხარდაჭერა. სხვა საკითხია, ღირს თუ არა ამ მხარდაჭერის მოლოდინი.

“საბანკო სექტორში სერიოზული პროცესებია, რომლებიც ახლო მომავალშიც გაგრძელდება. როდესაც მოედანზე მხოლოდ მსხვილი მოთამაშეები დარჩებიან, შესაძლოა ავტომობილების ბაზარზეც მოხდეს ცვლილებები. ჯერჯერობით კი საავტომობილო ბაზარი ვარდნას განაგრძობს”, ამბობს ეკონომისტი, ნატიგ ჯაფარლი.

ნატიგ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ ავტომობილების ბაზარს სერიოზული დარტყმა ელოდება.

“ახალი მოდელები, რომლებიც ავტოსალონებს შემოაქვს, ახალი ფასებით გაიყიდება და ყიდვა მანათში საკმაოდ ძვირი გამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში რაიმე გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ. მეორადი ბაზრისგან განსხვავებით, პირველადი ავტომობილების ბაზარი კიდევ უფრო დაეცემა. მეორადი გაყიდვის დროს მფლობელები კიდევ უფრო აკლებენ ფასს”.

თუმცა მომხმარებლები მეორად ბაზარზე ფასების კიდევ უფრო დაწევას ელოდებიან.

“ისეთი ავტომობილები მაინტერესებს, რომელიც პურს მაჭმევს”, – ასეთია დევიზი იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში პატანდარტის საავტომობილო ბაზრობაზე მუშაობენ. ამ ხალხს აზერბაიჯანში “ალვერჩებს”, ანუ მოვაჭრეებს ეძახიან. “ალვერჩების” მიზანია, საავატომობილო ბაზრობაზე გატანამდე იყიდოს მოთხოვნადი ავოტომობილი და შემდეგ ბაზრობაზე უფრო ძვირად გაყიდოს.

ავტომობილების ბაზრობა ბაქოში; ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი

ავტომობილების ბაზრობა ბაქოში; ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი

ამისთვის მოვაჭრეები კვირას დილაადრიანადვე დგებიან ბაზრისკენ მიმავალ გზაზე და ცდილობენ “ტკბილი ლუკმის” ხელში ჩაგდება სხვებს დაასწრონ. ბოლო პერიოდში “ალვერჩებს” მანქანის ყიდვის დროს შეცდომის დაშვების უფლება შეეზღუდათ. მაქსიმალურად სწორად უნდა გათვალონ რისკები. სხვა შემთხვევაში ავტომობილი კიდევ დიდხანს დარჩებათ გასაყიდი.

ფარიდი 28 წლისაა, დაახლოებით იმავე ასაკის, როგორც ბაქოს სხვა “ალვერჩები” .

“ყველაზე დიდი მოთხოვნაა Mersedes – E-class-ზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ადამიანები სულ უფრო ინტერესდებიან ავტომობილებით, რომლებსაც დიზელის ძრავა აქვთ. ამიტომაც დღეს Mersedes ასეთი ძრავით ნამდვილი “ტკბილი ლუკმაა” საავტომობილო ბაზარზე”, – ამბობს ფარიდი.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის კრიზისი მის შემოსავალზეც საგრძნობლად აისახა:

“თუკი აქამდე 2-3 მანქანას ვყიდდი თვეში, ახლა მაქსიმუმ ერთი შეიძლება გავყიდო. მოთხოვნა აღარ არის”.

იანვრის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩინოვნიკებს რეკომენდაცია მისცა, ადგილობრივი წარმოების ავტომობილები შეიძინონ. ამის შემდეგ ნახჩევანის საავტომობილო ქარხნის NAZ-Lifan ავტომობილების მყიდველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ქარხანაში მრავალრიცხოვანი განაცხადები შევიდა ყიდვის მსურველი სამინისტროებისა და უწყებების ჩინოვნიკებისგან. თუმცა ამან სერიოზული გარდატეხა ავტომობილების კრიზისულ ბაზარზე მაინც ვერ მოახდინა.

” რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნია ადგილობრივი წარმოების განვითარება, მაგრამ ეს პროცესი დროს მოითხოვს. რაღაც დროის შემდეგ ჩვენ მომსწრე გავხდით იმისა, რომ ამ კომპანიამ ვეღარ დააკმაყოფილა დიდი მოთხოვნა ავტომობილებზე. ადგილობრივი წარმოება რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს ავტომობილების ბაზარზე,”- ამბობს ეკონომისტი ვუგარ ბაირამოვი.

ავტომობილების ბაზრობა ბაქოში; ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი

ავტომობილების ბაზრობა ბაქოში; ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი