ნეტგაზეთი | გალის სკოლებში სწავლება რუსულ ენაზე იგეგმება გალის სკოლებში სწავლება რუსულ ენაზე იგეგმება – Netgazeti
RU | GE  

გალის სკოლებში სწავლება რუსულ ენაზე იგეგმება

აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილის, დიმიტრი გვარამიას განცხადებით, მომავალი 2-3 წლის განმავლობაში გალის რაიონის ქვედა ზონის ყველა სკოლა აფხაზურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადავა, სწავლება კი რუსულ ენაზე იქნება. ამის შესახებ გვარამია Sputnik-თან საუბარში ამბობს.

“2015 წლის სექტემბერში, საზაფხულო კურსების გავლის შემდეგ, საგანმანათლებლო პროგრამები მთლიანად რუსულ ენაზე იყო გადაყვანილი. ჩვენი გეგმით მომავალ 2-3 წლის განმავლობაში ყველა კლასი რუსულ ენაზე დაიწყებს სწავლებას. ბავშვები უკვე არც ისე ცუდ დონეზე ფლობენ რუსულ ენას. ეს სერიოზული პროგრესია ამ მოკლე პერიოდში”.

მისი თქმით, პედაგოგების გადამზადებაც გაგრძელდება.

“იმის გათვალისწინებით, რომ ქართული პროგრამით მიმდინარეობდა სწავლება, ეს ბავშვები ვერ ხედავდნენ თავიანთი განათლების მომავალს რესპუბლიკის ფარგლებში. ისინი მკვეთრად ორიენტირებული იყვნენ საქართველოში სწავლის გაგრძელებით. დღეს ბავშვებს, რომლებიც ამ სკოლებს ამთავრებენ, ქვეყანაში სხვა ბავშვების მსგავსად აქვთ პერსპექტივები ჩვენს უნივერსიტეტში ან გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში ისწავლონ”, – ამბობს გვარამია.

გალის სკოლებში სწავლება არაერთხელ გამხდარა აფხაზეთის მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტის განცხადების თემა. გალის რაიონის ადამინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ “შეუძლებელია მომავალში გალის რაიონის სკოლებში ქართული სახელმძღვანელოებით სწავლება, სადაც წერია, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია”.

გალის რაიონის სკოლებში სწავლებისა და სახელმძღვანელოების საკთხებს ქართული მხარე ჟენევის დისკუსიების ფორმატში მუდმივად აყენებს. გარდა ამისა, დროდადრო განცხადებები ამ თემაზე მთავრობის წევრებისა და ცალკეული პოლიტიკოსებისგანაც კეთდება. რამდენიმე თვის წინ გალში სწავლების საკითხს ომბუდსმენიც შეეხო და რეკომენდაციებიც წარმოადგინა. მისი თქმით, “6 წელიწადში სასწავლო პროცესიდან სრულიად განიდევნება ქართული ენა და სასკოლო განათლება რუსულ ენაზე გადავა.

“გალის რაიონის მოსახლეობის, მათ შორის სკოლის მოსწავლეების დიდი უმრავლესობა თვითიდენტიფიცირებას ახდენს, როგორც ეროვნებით ქართველი. ეს ეროვნება აქვთ ასევე მითითებული ე.წ. აფხაზურ პასპორტებშიც. ის ფაქტი, რომ ბავშვებს ეზღუდებათ მშობლიურ ენაზე სასკოლო განათლების მიღების უფლება, ქმნის ხარისხიანი განათლების მიღებისა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

40412

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი