ამალ კლუნი: ხადიჯა ისმაილოვას უფლებების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უფლებადამცველი, იურისტი ამალ კლუნი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას უფლებების დაცვისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

“მე მანამდე ვიბრძოლებ ბრალდებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის, სანამ ის თავისუფალი არ იქნება. აუცილებელია ჟურნალისტების უფლებების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ გაიგებს, რა ხდება მათ ქვეყნებში”, -განაცხადა იურისტმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას ადვოკატირების ინიციატივით ადვოკატი ამალ კლუნი 2016 წლის იანვარში გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივის შემდეგ ამალ კლუნი აზერბაიჯანის მედიის თავდასხმის ობიექტი გახდა.

ისმაილოვა რადიო თავისუფალი ევროპის გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელსაც 2015 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მან ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოთხი თვე მისცა აზერბაიჯანის ხელისუფლებას იმისთვის, რომ ხადიჯა ისმაილოვას საქმეზე სასამართლოს კითხვებს უპასუხოს. სტრასბურგის სასამართლომ აზერბაჯანელი ჟურნალისტის საჩივარი 8 სექტემბერს მიიღო და ოფიციალური ბაქოს პასუხს 2016 წლის 15 იანვრამდე ელოდებოდა. 14 მარტს სტრასბურგში პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა.

ამალ კლუნი ლონდონში ბაზირებული ცნობილი ადვოკატი, აქტივისტი და მწერალია. ის სპეციალიზირებულია საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებების სფეროებში. მისი კლიენტების სიაში შედიან ვიკილიქსის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი და უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო.

ბიოლი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com