სამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის ხიდს გაარემონტებენ

15 მარტი, 2016 • 2884
ენგურის ხიდს გაარემონტებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთის კითხვაზე, როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები ენგურის ხიდზე, რომლის ამჟამინდელი მდგომარეობა მოქალაქეების გადაადგილებას აფერხებს, ამბობს, რომ ხიდის რემონტი უკვე დაგეგმილია.

“ენგურის ხიდის რემონტი, იმედია, ამ გაზაფხულზე დაიწყება. ვფიქრობ, რომ ზაფხულში უკვე დასრულდება. სხვადასხვა დონეზე განიხილება ეს და მსგავსი საკითხები, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.
ტექნიკური და არა პოლიტიკური საკითხების გამო ხდებოდა აქამდე შეფერხება – რა ფულით გარემონტდება, ვინ განახორციელებს, რა კონსტრუქციით მოხდება და ა.შ.”, – ამბობს მინისტრი.

ენგურის ხიდის რემონტის საკითხს რესპონდენტები კვლევაშიც “ქალთა მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში – პრობლემები, წარმატებები, პერსპექტივები”, შეეხნენ. მათი განმარტებით, ხიდის გარემონტება ბევრად გაამარტივებდა მასზე გადაადგილების პროცესს.

«რახანია, ვერ გადაწყდა ენგურის ხიდის რემონტის საკითხი – 22 წელია, ადამიანები გადადიან ხიდზე ურმებით, ან მიათრევენ ტომრებსა და ზურგჩანთებს. ადამიანები, მეტწილად ხანდაზმულები და ქალები, თავიანთი ჯანმრთელობის საზიანოდ იძულებულები არიან, ტვირთაკიდებულებმა იარონ ზაფხულის ხვატში თუ ყინვიან ზამთარში, ქარსა თუ წვიმაში გალიდან ზუგდიდში და პირიქით“, – ამბობს კვლევაში მონაწილე ქალი.

ენგურის ხიდი; ფოტო: თამარ ზანთარაია

ენგურის ხიდი; ფოტო: თამარ ზანთარაია

მასალების გადაბეჭდვის წესი