ნეტგაზეთი | ცხოვრებოვი: პატიმრების გაცვლის საკითხს ხაჯიმბა კონსტრუქციულად მიუდგა ცხოვრებოვი: პატიმრების გაცვლის საკითხს ხაჯიმბა კონსტრუქციულად მიუდგა – Netgazeti

ცხოვრებოვი: პატიმრების გაცვლის საკითხს ხაჯიმბა კონსტრუქციულად მიუდგა

სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კაზბულატ ცხოვრებოვის შეფასებით 10 მარტს ენგურზე პატიმრების გაცვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა.

“დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ ოსეთის ისტორიაში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების ისტორიაში. დღეს პატიმრების სამმხრივი გაცვლა მოხდა. სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეწყალებასთან დაკავშირებულ შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერეს და ეს ღონისძიებაც შედგა”- განაცხადა ცხოვრებოვმა sputnik abkhazia-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ეს საკითხი ჟენევის დისკუსიების ფორმატში წამოიჭრა და განსაკუთრებული როლი საკითხის გადაჭრაში აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ითამაშა.

“რაულ ხაჯიმბამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკიდურესად კონსტრუქციული მიდგომა გამოავლინა. მან მაშინვე დააკმაყოფილა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თხოვნა და მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ეს ღონისძიება შედგა. მადლობელი ვართ აფხაზი ხალხის და ქვეყნის ხელმძღვანელობის”,- ამბობს ცხოვრებოვი.

დღეს, 10 მარტს, ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გათავისუფლდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა.

“ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში შედგა პატიმრების გათავისუფლება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა”, – წერია განცხადებაში.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com