სამხრეთ კავკასიის ამბები

ზაქარეიშვილი პატიმრების გაცვლის საკითხში ხაჯიმბას როლზე საუბრობს

10 მარტი, 2016 • 1833
ზაქარეიშვილი პატიმრების გაცვლის საკითხში ხაჯიმბას როლზე საუბრობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პატიმრების შეწყალების გამო სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს მადლობა გადაუხადა.

“მოხარული ვარ, რომ შესაძლებელი გახდა გრძელვადიანი პატიმრების გათავისუფლება. მადლობელი ვარ ოსური და განსაკუთრებულად აფხაზური მხარის თანამშრომლობის. აფხაზებმა ძალიან კარგად იმუშავეს, განსაკუთრებით- რაულ ხაჯიმბამ. მინდა ხაზი გავუსვა მის პრინციპულ მიდგომას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესში. ჩვენ გვსურს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში ახალი ეტაპი დავიწყოთ, ჰუმანიტარული საკითხები ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე პროცესებით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პროცესები დიდხანს, რამდენიმე თვეს გაგრძლდა”- განაცხადა Sputnik-abkhazia-სთან საუბარში ზაქარეიშვილმა. ზაქარეიშვილის აღნიშნული კომენტარის სისწორე ნეტგაზეთს მინისტრის აპარატის პრესსამსახურის წარმომადგენელმაც დაუდასტურა.

დღეს, 10 მარტს, ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გათავისუფლდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა.

“ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში შედგა პატიმრების გათავისუფლება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა”, – წერია განცხადებაში.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი