კომენტარი

მამაკაცთა გონებაში ,,მოდელირებული’’ მარადქალური ხატი

19 მაისი, 2011 • 2535
მამაკაცთა გონებაში ,,მოდელირებული’’ მარადქალური ხატი

(ნაწილი პირველი)

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში  შემთხვევით გადავაწყდი ბაკურ სვანიძის სტატია-მარგალიტებს ფემინიზმის შესახებ. გაოცებული დავრჩი: მისი ბლოგებიდან  თითქმის ყველა ფემინიზმს ეხება: ოღონდ, რა თქმა უნდა, უარყოფითად. ამ სტატია-ბრილიანტების  ავტორის ნაწერს უცვლელ რეფრენად გასდევს კივილი, -ოღონდ არა ედუარდ მუნქისეული,- აღშფოთება, შიში,  სასოწარკვეთა, ყვირილი. ნაწერიდან უხვად ,,მოსჩქეფს’’ ისეთი  ფრაზები, როგორებიცაა:

,, ფემინიზმი” ეს არის ყოვლად მახინჯი მოვლენა’’, ,,ავადმყოფი ფემინისტები’’ და ა.შ.

მსგავსი კივილი და ყვირილი ,,ისმის’’ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გამოცემულ ერიკ ზემურის ,,პირველი სქესის’’ და ალენ სორალის ,,ეფემინიზაციისაკენ?’’ კითხვისას. ეს ორი ანტიფემინისტი ავტორი გამუდმებით წუწუნებს იმის გამო, რომ ის სოციალური კონსტრუქცია ჩამოიშალა, რომელიც მათ სიმშვიდეს უქმნიდა  და აძლევდა იმ ფაქტით ტკბობის საშუალებას, რომ ქალზე უპირატესობას ფლობდნენ, რომ ისინი იყვნენ ,,პირველნი’’, დომინანტი წარმართველლნნი და ა.შ. ალენ სორალის ,,ეფემინიზაციისაკენ?’’ ამავე შინაარსისაა. ორივე ავტორი წუხს იმის გამო, რომ ქალმა მიატოვა თავისი ტრადიციული ,,პოსტი’’-სამზარეულო და ინტელექტუალური მოღვაწეობისაკენ სწრაფვა დაიწყო: ის უკვე მამაკაცს კონკურენციას უწევს, ტოლს აღარ უდებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ლიტერატურა, მხატვრობა, მეცნიერება, პოლიტიკა და ა.შ.

მათ შორის, ერიკ ზემურის ,,პირველი სქესი’’ კი იყო 1949 წელს გამოცემული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფემინისტური ნაწარმოების ,,მეორე სქესის’’ (ავტორი სიმონ დე ბოვუარი) ,,ანტი’’.  ავტორი ,,თავს ესხმის’’ სიმონ დე ბოვუარის ფემინისტურ ფილოსოფიას, გმობს მისეულ  იდეოლოგიას ქალის თავისუფლების შესახებ და ამტკიცებს, რომ ქალი ,,მეორეა’’, ,,სხვაა’’, და რომ ქალს პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს თანასწორობაზე. მისი აზრით, სწორედ ასეთია ,,ნამდვილი ქალის’’ ხატი: მეორე, დაქვემდებარებული, ობიექტი, რომელიც უყოყმანოდ იღებს მამაკაცის დომინაციას და ხდება მისი ვასალი.

სიმონ დე ბოვუარი ,,მეორე სქესში’’ ამბობს, რომ პატრიარქალურმა წყობამ  ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში დაამკვიდრა ქალის ,,მეორეობის’’ შესახებ მითი. ანუ ე.წ. ,,მარადქალურის ხატი’’. მამაკაცთა გონებაში ,,მოდელირებული’’ ეს მარადქალური კი ასე გამოიყურება:  ოჯახის მზრუნველი დიასახლისი: ის დილიდან საღამომდე არ ისვენებს, მას წამითაც კი არა აქვს მოცლა. სულ ოჯახში დაფუსფუსებს: რეცხავს, ალაგებს, ხვეტს, წმენდს, ხეხავს, საჭმელს ამზადებს, ბავშვებს უვლის, ქმარს ტანსაცმელს ურეცხავს, არის ძალიან მომჭირნე, ,,ყაირათიანი’’ ქალი, რომელიც არასოდეს ხარჯავს ფულს საკუთარი სიამოვნებისათვის: ტანსაცმელში, კოსმეტიკაში და სხვა ისეთ რამეებში, რაც მას სიამოვნებას მიანიჭებდა. იგი ფულს ხარჯავს მხოლოდ იმისათვის, რათა ქმარმა და შვილებმა თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნონ სახლში.  საკუთარ ბედნიერებას, სურვილებს, მისწრაფებებსა და ოცნებებს ქორწინების ღამესვე წირავს ცოლქმრული ცხოვრების სამსხვერპლოზე. მან ქუჩაში თმა და სახე არ უნდა გამოაჩინოს. იგი აღარ არის ხორციელი არსება,  მისტიფიცირებულია, საკრალიზებულია და წარმოუდგენელია, მას სექსუალური ლტოლვა გააჩნდეს. მას აღარც ახსოვს, თუ როგორ უნდა თქვას: ,,მე მსურს’’. მან მხოლოდ ის იცის, რომ უნდა თქვას: ,,ქმარს სურს’’. ამ ქალის სანთელი ღამით არ ქრება. მხოლოდ გამთენიისას ქრება ალი. ოღონდ, პარადოქსულად, გამთენიისთანავე დგება და შრომას იწყებს. არის სკის-ოჯახის მოფუსფუსე ფუტკარი-ცოლი.

აი, ასეთია მამაკაცის გონებაში ჩამოყალიბებული მარადქალურის ხატი. მართალია, ეს ანტიკურ სამყაროში იყო, მაგრამ ვნახოთ, ცოცხლობს, თუ არა ეს ,,ხატი’’ მამაკაცთა გონებაში დღესაც. ამის ნათელი მაგალითია:

 

,, დედაშენი რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენე მჭადზე ასვამს ჯვარებს.

დედაშენი შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენე ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი მერსედესით დადის, ჩემი ნენე მიუძღვება გუთანს,

დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია,  მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,

ბილბორდები გიშრიალებთ ქარში, ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა,

დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,

ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს…

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს,

თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს, ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის.

დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს, ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში’’….

,,იუთუბზე’’ სიტყვა ,,ჩემი ნენეს’’ ძიებაში ჩაშვებისთანავე, ეკრანზე ამოაგდებს პლაჟზე ჩამომსხდარ ახალგაზრდების ჯგუფს, რომელიც აღფრთოვანებული, ჯოგური აღტკინებით უკრავს ტაშს ამ ანტიქალურ ბოდვას.

ამ ლექსის ავტორის, როინ აბუსელიძის გონებაში არსებული მარადქალურის ხატი არაფრით განსხვავდება ანტიკურისაგან. ის ამგვარად ცოცხლობს ამ ავტორის გონებაში, რაც ამ პოეზიის ,,მარგალიტის’’ საშუალებით გამოვლინდა.

ალენ სორალის და ერიკ ზემურის იდეალიც ასეთია. ბაკურ სვანიძის ქალის ,,იდეალი’’ კი  მის სტატიებსა და ამ ფრაზაში გამოვლინდა:

,,ჰოდა, დაფიქრდით ძვირფასო ქალებო – მამაკაცმაც თქვენზე “სერიოზულად” რომ იფიქროს, ყველაფერ დანარჩენზე მეტად თქვენ “ქალები” უნდა იყოთ და არა ვინმე ახუნტრუცებული, აცუნდრუკებული და “აგენდერებული” არსებები.’’

 

ანუ ამ შემთხვევაშიც გვხვდება მარადქალურობის კონცეფცია, როგორც მეორეხარისხოვანი არსებისა, რომელსაც პრეტენზია არა აქვს, იყოს მამაკაცის თანასწორი. კონკურენცია გაუწიოს მას და მოითხოვოს თანაბარი უფლებები, იყოს საზოგადოებაში წარმატებული, რეალიზებული ქალი, ჰქონდეს კარიერა და ფინანსური დამოუკიდებლობა.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, ქალის როლის მისტიფიცირება-საკრალიზაციის დროს მისი სექსუალური ლტოლვებისაგან ,,გამოთავისუფლება’’ ხდება.: ,,ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს… თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავთ…. დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს, ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში’’… ამავე დროს ისმის სრულიად ბუნებრივი შეკითხვა: როგორ ხართ თორმეტნი სახლში, თუკი ,,თქვენთან’’ სექსი არ არის? პატრიარქალური ,,გონი’’ ამ შემთხვევაშიც ახერხებს ,,პასუხის’’ გაცემას: დედაა, მაგრამ ქალწულია. უმამოდ ჰყავს ბავშვები. (მაგრამ მთლად უმამოდაც ხომ არ შეიძლება? ქალურობამ ხომ არ უნდა გაიმარჯვოს?!) კი, ჰყავთ მამა ბავშვებს, მაგრამ ისინი მაინც ისე ჩაისახნენ, რომ მათ ჩასახვაში ,,სიბინძურე’’ არ გარევია; მამა დედას არ მიჰკარებია; ჰაერით დააორსულა. ქართლის დედის მისტიფიცირებული სახე სწორედ ამ ქალწული დედის  ფორმაა. ,,ალგეთის ლეკვების’’ ქანდაკებაც ამის ტიპური მაგალითია: დედა-ქალწული. პატიოსანი, გმირი ქალი. ლეკვებს უზრდის სამშობლოს: ქართლის დედას ცალ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში-თასი; ალგეთის ლეკვების დედა- ფალოსებგადმოყრილი  ბიჭების უკან დგას. კოჭამდე კაბა აცვია, თმა არ უჩანს, ზედაც ყელამდე სწვდება. ის აღიარებს მათ უპირატესობას. არც ერთს არ სცალია სექსისა და ,,უწმინდურობისათვის’’, ისე, როგორც ნენეს არ სცალია ,,მერსედესის’’ და ,,კენტისათვის’’, შარვლისათვის, მაგრამ იმისათვის კი მშვენივრად პოულობს დროს, რომ თორმეტი შვილი შვას, თანაც, თორმეტივე უბიწოდ, უსექსოდ. ,,გარყვნილ’’ ევროპელებს კი არ მიბაძავს და მოდაში შემოსული სექსით კი არ დაკავდება, არამედ- მამაკაცს არც კი მიეკარება, ისე  ჩაისახავს საშოში ბავშვებს, შემდეგ ,,ჭადებს’’ გამოაცხობს, გუთანს გასწევს და  თმას დაიბურავს.

 

ახლა კი ისევ ბაკურ სვანიძის სტატიებს მივუბრუნდები: აღარ გავაგრძელებ იმაზე წერას, რომ მის ,,ნაღვაწევში’’ ფემინიზმისადმი უსაზღვრო ზიზღი იგრძნობა. გამაოცა ერთმა ფაქტმაც: ამ ანტიფემინისტური მარაზმის შემდეგ ავტორი შემდეგ სტატიაში ამბობს: ,,მე, ნამდვილი ლიბერალი ვამბობ….’’ შეუძლებელია, ამ აშკარა შეუთავსებლობამ არ გაგაოცოს. ავტორს ავიწყდება, რომ ფემინიზმი სწორედ რომ ლიბერალური იდეოლოგიაა და ქალთა გათავისუფლებისა და მონობის უღლიდან გამოხსნისათვის, თანასწორობის დამყარებისათვის იბრძვის, მე არასოდეს მინახავს ისეთი ლიბერალი,- თუკი ის მართლაც ლიბერალია,- რომელიც ასე სიძულვილით აღსავსე ლაპარაკობდეს ფემინიზმზე, გენდერულ თანასწორობაზე. ბატონო ბაკურ, თქვენ გინახავთ?  მაშინ, დამისახელეთ ასეთი მოაზროვნე. მეტსაც გეტყვით: ჯონ სტიუარტ მილი, რომელიც ლიბერალური ფილოსოფიის ბრწყინვალე წარმომადგენელია, ყოველთვის ქალთა უფლებებისათვის იბრძოდა, მას სურდა გენდერული თანასწორობა და ქალთა მიერ სოციალური ასპარეზის შევსება. წაიკითხეთ მისი ნაშრომები– ,,ქალთა მონობის შესახებ’’ და ,,თავისუფლების შესახებ’’ და გაიგებთ  ამას.  მიკვირს, როგორი ლიბერალი ხართ მაშინ, როდესაც გენდერული თანასწორობის შესახებ მიღებულ კანონს სისულელეს უწოდებთ? როცა ქალის სექსუალურ თავისუფლებას ეწინააღმდეგებით? ადამიანის (ქალის) ფუნდამენტური უფლება სწორედ რომ თავისუფლება და თანასწორობაა. მათ შორის  სექსუალური თავისუფლებაც. მართალია ისიც, რომ თქვენი წინააღმდეგობით არაფერი იცვლება. ადამიანი, რომელსაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ,,ჭადის’’ გამოცხობასა და კრამიტის შეკეთებამდე დაჰყავს; ადამიანი, რომელიც გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში შეტანილი პუნქტის:- ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლება-მოვალეობებს, პასუხსიმგებლობასა და თანაბარ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში (მე-3 მუხლი, 1 ბ პუნქტი, 2010)-  წაკითხვის შემდეგ დასვამს ასეთ კითხვას: ,,იქნებ განმიმარტოთ, როგორ უნდა დაარეგულიროს კანონმა, ჭადის გამოცხობაში მე და ჩემი ცოლი თანაბარ მონაწილეობას მივიღებთ თუ არა?’’

ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება იმას, თუ რატომ იყვნენ ოჯახებში დაჩაგრულები ბარბარე ჯორჯაძე ან ეკატერინე გაბაშვილი. ადამიანი, რომელიც წაიკითხავს ეკატერინე გაბაშვილის ამ წინადადებებს: „დღიდან გათხოვებისა, დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთილშობილური ზრახვანი, ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა.“…„რომელსაც ოჯახის  დიასახლისობას ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებობას.“ … და დასვამს კითხვას: ,,შვილები უკვდებოდა და იმიტომ იყო დაჩაგრული გენდერულადო?’’ ან კიდევ ამას:

 

ბაკურ სვანიძე (შეუმოწმებელი) – 21 აპრილი, 2011 – 21:25

ჰო, თქვენი ლგიკა ჭამე რა. ”სექსისტრი” ”რეტროგადი” და ათასი უბედურება თქვენ მიწოდეთ, დედას თქვენ მაგინებთ და აგრესიული მე ვარ?:))))))))) სხვათა შორის, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ცოტა ტვინი აქვს, იოლად მიხვდებოდა, რომ ის ჩემი ბლოგტექსტი არის პასუხი ჩემს მიმართ გამოქვეყნმებუილი შეურაცხმყოფელი და აგრესიული წერილისა. მაგრამ თქვენ დემაგოგფიაში ვინ შეგეჯიბრებათ თქვე მართლა ავადმყოფებო:)))) თქვენივე ლოგიკით, მართლა შეშინებულები, გამწარებულები და ”მიუსექსავები” გამოდიხართ:))))))))))) ძაან მაცინებთ, ძაან:)))) თქვე მართლა ტუტუცურად გამწარებულებო:)))) თუ მოკეტავთ თქვენთვისვე იქნება კარგი და მსგავს უსუსურობებს რაც ნაკლებად დაწერთ, მით ნაკლებად დანახებთ საზოგადოებას თქვენს დაავადებულ ტვინებს:) მარტივია – ნებისმიერმა წაიკითხოს ჩემი ბლოგტექსტი, და მერე ეს სისულელე:)))) ამ კრეტინობასაც ვუპასუხო???? ვითომ? კაი, ვნახოთ, მოვიფიქრებ:))))))))))))))))))) ჰო, მართლა, როგორმე აღმოფხვერიოთ საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა – უსექსობა! – დაანებეთ აქ სულელურ ტლიკინს თავი და ატ…ურდით ყველა მიდი, დროს ნუ კარგავთ აბა ჰე უსექსობაა საქართველოში დროზე ატ…ნაურდით, ატ…ნაურდით ყველააააააა:)))))))))))))) აბა, მე საცოდავს აღარავინ ”მაძლევს” (აი, ეს თქვენგანვე ნათქვამი სიტყვა ხო მაგარი ”თანასწორი სიტყვაა რა) :)))))))))))))))))))) ვახ, ნეტა თქვენს გაჭედილ ტვინებში ჩამახედა და…. :))))))))))))))))’’……….

 

 

ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანი ვერასოდეს მიხვდება იმას, თუ რატომაა სიყვარული ვერტიკალური და თან, ბრუნვადი. აქვე, ,,უსექსობასთან’’ დაკავშირებით  დავძენ იმასაც, რომ სიმონ დე ბოვუარი, ჯუდით ბატლერი, ჟულია კრისტევა, ელისაბედ ბადინტერი, ჟიზელ ჰალიმი და სხვა ფემინისტები სრულიად რეალიზებული ქალები იყვნენ და არა- ავადმყოფები, როგორც თქვენ ამბობთ, ბატონო ბაკურ. სექსთან დაკავშირებითაც მშვიდად იყავით: გარწმუნებთ, სრული სიმძაფრით განიცდიდნენ სექსუალურ ნეტარებას: როგორც  ვაგინალურ, ასევე  კლიტორულ ორგაზმსაც  და ა.შ. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ეკატერინე გაბაშვილი და სასთუმალთან გიდევთ მისი წიგნები. გირჩევთ, ხანდახან ჩაიხედოთ კიდეც შიგ.  ამბობთ, რომ ეკატერინე გაბაშვილია  მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიბერალი, ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი ქალი. ქალი, რომელიც სახლში დაბრუნებისას ქმარს ,,ჭადის’’ გამოცხობას არ ავალებს და თავად არ მიძვრება კრამიტის შესაკეთებლად. შეუძლებელია, თვალი არ მოგჭრას სიბრიყვემ: უკვე მოგახსენეთ, როგორც გამოიყურებოდა ეკატერინეს ოჯახური იდილია. თუ მის წიგნებში ჩაგიხედავთ მაინც, ისიც გეცოდინებათ, რომ მან ნაწარმოები ,,ფრთებდაგლეჯილი’’ ქალთა უუფლებო მდგომარეობის შესახებ დაწერა და გათხოვილი ქალი შეადარა ფრთებდაგლეჯილ ფრინველს, რომელმაც დაკარგა ფრთები-თავისუფლება. ცნობილია ისიც, რომ ეკატერინეს ქმრის ოჯახში ამრეზით უყურებდნენ ქალთა  სამწერლო მოღვაწეობას. ეკატერინე ამ პიესით ხაზს უსვამს იმას, რომ გათხოვილი ქალი აღარ არის საკუთარი ცხოვრების, არსებობისათვის აზრის მიმცემი. არამედ… რა დარჩა ქალს? ვის უპყრია მისი ბედი ხელთ? ქმრებს, მამებს, ძმებს, ბიძებს, ბაბუებს, -დიდ პატრიარქებს, რომელთაც ჯინივით ბოთლში დაუმწყვდევიათ ქალი და ისიც მთელი ძალით ცდილობს თავის დახსნას. იბრძვის საბრალო. ,,ფრთებდაგლეჯილში’’ ის წერს:

,,ქეთო (სავარძელში ჩაჯდება და გაზეთს კითხულობს) ხვალ ბეჟან ნარიმანიშვილი წაიკითხავს  ლექცის… ქალთა პოლიტიკურ… (შემოდის ქეთოს ქმარი ნიკო).

ნიკო (გაჯავრებულია) რა დროს კითხვაა? აგერ ათი საათია. სამსახურში მიგვიანდება, ჩაი თავის დროზედ არ არის, ყელსახვევი ვერ მიპოვნია, არც ჯოხი სჩანს!

ქეთო (ღიმილით) ჯერაც არ გამიგონია შენი ჯოხის და ყელსახვევის დაკარგვა! (კითხულობს).

ნიკო (ხმას აიმაღლებს) არ გესმის, სამსახურში მიგვიანდება-მეთქი? მომინახე ჩქარა!

ქეთო დედაკაცს უთხარი, ძალიან საინტერესო სტატიას ვკითხულობ. აი გაიგონე: “ქალთაგანათლება და გათანასწორება პოლიტიკურს ასპარეზზედ…”

ნიკო (გააწყვეტინებს) რას როტავ, რასა? რა დროს პოლიტიკური ასპარეზებია! გეუბნები, ათი საათია-მეთქი, მიგვიანდება… ადექი! …..

ნიკო აი, გააბა ბაასი: მთელს ქალთა კითხვას აღძრავს ახლა… გეუბნები, ჩქარაყელსახვევი-მეთქი, ჯოხი, თორემ აქაურობას დავამტვრევ. (მაგიდას, სკამს ხელს წამოჰკრავს დაბრახაბრუხს ააყენებს)…..

ნიკო (მუშტმოღერებული) წყეული იყვეს, ვინც განათლებული ქალი ცოლად შეირთოს! (ძლიერ ახლო მივა ცოლთან და თვალებშიჩაჰყურებს) ყველა მაგეებს დაგავიწყებ!

ქეთო შენი დაპირება, შენი აღთქმა სადღაა? ვეცდები ავაყვავო შენი ნიჭიო, ყოველდაბრკოლებას გადავეღობო, ხელი შეგიწყოო…

ნიკო მაშინ შენ ვარდი იყავ და მე ბულბული. მე ვჭიკჭიკობდი… ეხლა ცოლი ხარ, ცოლი, რით ვერ გაიგე?…

რედაქტორი საზოგადოდ როგორ შეუძლია ვისმე ხელიახლოს თქვენს ნაწერებს, თქვენს სამუშაო მაგიდას?!

ქეთო (მწარის ღიმილით) როგორ შეუძლია ხელი ახლოს ვინმემ თქვენს ნაწერებსო! თქვენსმაგიდასო! ხა, ხა, ხა! ჩემს მაგიდას, ჩემს ნაწერებს! სად არის ჩემი მაგიდა, ვინ დაეძებს ჩემს ნაწერებს, ვინ სცემს პატივს ქალის ნაჯღაბნებს! პირიქით, დამცინიან, მაყვედრიან, წუთისოფელს მიშხამებენ, რომ ვბედავ და მაგ გვარს შრომაზედ დროს ვკარგავ (აღელვებულია).

რედაქტორი (შემკრთალი) ოხ! სწორედ რომ შესაბრალისი ხართ! დიდი გმირობაა თქვენგნითარა თუ წერა – სუნთქვა, სიცოცხლე! (დადის და თავისთვის ლაპარაკობს) დედაკაცი მართლარომ მონაა, მონა ხელ-ფეხშეკრული! უგზო, უკვალო, უმწეო…

 

როცა ამას ადამიანი წაიკითხავს და ამის შემდეგ ალაპარაკდება ეკატერინეს ოჯახურ ,,იდილიაზე’’, მან სულ მცირე, ანბანი მაინც უნდა ისწავლოს და შემდეგ მიუბრუნდეს ამ პიესის კითხვას.

 

პატრიარქალურ წყობას რომ ქალი ტოტალური კონტროლის ქვეშ ჰყავს, ეს ახალი რამ არაა. ასეთ საზოგადოებაში ქალი მარწუხებში ექცევა. ეს მარწუხები ისევ ქმრებს, მამებს, ძმებს და სხვა პატრიარქებს უპყრიათ ხელთ. მათაც, როცა სურთ, მაშინ გააფრთხობინებენ ქალს სულს, ან ფრთებს დააგლეჯენ. ქალი ემსგავსება თოჯინას, რობოტს. ის გადაგდებულია იმგვარ არსებობაში, როგორიც მას არ სურს და რომელიც ხშირად შთანთქავს მის არსებას, პიროვნებას, მის სურვილებს, მისწრაფებებს, ოცნებებს. რა სურს ქალს? რა მდგომარეობაშია ის?  ეს კითხვა პატრიარქებს არ აინტერესებთ. მათ სურს, მტკიცედ ეპყრათ ხელთ მარწუხები.

ასევე, გამაოცა ამ ფრაზამაც:

,,ქართული ოჯახების დანგრევის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი ნამდვილად არის ქართველი გოგონებისა და ქალებისთვის “ტვინის ამოტრიალების” მცდელობები “გენდერული თანასწორობის” მახინჯი პროპაგანდის გზით.’’

საოცარია, გენდერული თანასწორობა როგორ ანგრევს ოჯახებს? ნამდვილად მაინტერესებს.  ნუთუ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სადღაც, მეოცე საუკუნის დასაწყისში თუ შუა წლებში  მცხოვრები  სალომეს, ნინოს, ქეთევანის, თამარის და სხვა და სხვა ქალების გაუბედურების მიზეზი გენდერული თანასწორობა გახდა? დავიჯერო, გენდერული თანასწორობის პროპაგანდის გამო მოისურვეს ამ ქალებმა თავიანთ ოჯახებში თანასწორობის დამყარება? ქალებს, რომელთაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ხვეტვის, წმენდის, ლაგების, ცოცხის, შვაბრისა და ცემის მეტი არაფერი უნახავთ, ჯუდით ბატლერი და სიმონ დე ბოვუარი შეხვდენენ და გენდერული თანასწობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარეს, შემდეგ, სახლში მიბრუნებულებმა ამაყად განუცხადეს ქმრებს, აბა, თქვენი თანასწორები ვართ და ისეთივე უფლებები გვაქვს, როგორც თქვენო და ამიტომ სცემეს ქმრებმა, თუ როგორ იყო საქმე? ამ საბრალო ქალებმა არც კი იცოდნენ, რას ნიშნავდა გენდერული თანასწორობა. ძილის წინ ვირჯინია ვულფს და სიმონ დე ბოვუარს კი არ უკითხავდნენ, მამისეულ ბიბლიოთეკაში ბატლერის, სტიუარტ მილის, ან ლედი უინჩილსის ტომეულებს კი არ წაწყდომიან და არ მიუღიათ ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ფემინიზმი, არამედ ბავშვობიდანვე აგუებდნენ იმ აზრთან, რომ ის ქალია, რომ ის სხვაზე დამოკიდებული და სუსტია, რომ ის საკუთარ თავს მარტო ვერ ,,გაიტანს’’, რომ უსუსურია და ,,პატრონი’’ სჭირდება.  ძილის წინაც ისეთ ზღაპრებს უკითხავნენ, რომლებშიც კონკია, ფიფქია, თუ სხვა მზეთუნახავი მშვიდად მოელის პრინცს. მალე გამოჩნდება ისიც, მხსნელი, გმირი და ცოლად ირთავს პრინცესას. ზღაპარი ყოველთვის აქ სრულდებოდა. არასოდეს იყო გაგრძელება იმის შესახებ, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც ისინი დაქორწინდნენ. ყველა-მშობლებიდან დაწყებული,-ნათესავებითა და მეზობლებით დამთავრებული ჩასჩიჩინებდა: ,,გოგო უნდა გათხოვდეს!  გოგო უნდა გახდეს ცოლი და დედა! ქალი უნდა გავდეს ქალს!’’ თუ გოგონამ უარი თქვა გათხობებაზე და კარიერის აწყობის სურვილი გამოთქვა, მას სასწრაფოდ წაესევა ნათესავებისა და სხვა პატრიარქების ჯოგი და დაუწყებენ გაკილვას: ,,დროზე გათხოვდი! რატომ არ თხოვდები?! ღმერთმა ნუ ქნას, გაუთხოვარი დარჩე და შვილები არ გააჩინო!’’ და ა.შ. (ამ თემაზე ვრცლად იხილეთ სტატიები:  მარიკა ქოჩიაშვილის ,,რა სურთ ქალებს’’ და ია მერიკვილაძის: ,,ღამე პირველი და …უკანასკნელი’’.)

ბაკურ სვანიძეც იმ მასის ნაწილია, რომლისთვისაც მისაღებია სიტყვები: ,,ქალი უტვინოა’’, ,,ქალის ტვინი თხამ შეჭამა’’, ,,ბედნიერს ცოლი მოუკვდა, უბედურს ცოლიო’’, ,,უზნეო ქალს თავგასული ყანა ჯობიაო’’, ,,ქალი ხარ და რაზე უნდა გეკამათო ახლა’’, ,,ქალს რა უნდა საჭესთან, ქალი უნდა იჯდეს ,,კუხნაში’’, ,,ქმარი ორი ცოლის ლაგამია’’, ,,კაი კაცს ცოლი არ გაუბოზდება’’, ,,ქალს ხშირად უნდა გაულაწუნო’’, ,,ქალის ტვინი თხილის ნაჭუჭში ჩაეტევა’’ და ა.შ.  საქართველოში, მამები ოდითგანვე დიდი სიხარულით, ზეიმითა და თოფის გასროლით ხვდებოდნენ ბიჭის დაბადებას, მაშინ, როდესაც გოგონას დაბადებისას მათ სახეზე დაუფარავი წყენა, ,,მარცხის’’ შეგრძნება, პანაშვიდის გადახდის სურვილი იკითხებოდა. ახლაც ასეა. მამას თუ ბიჭი ,,გამოუვიდა’’, ის გმირად, მაგარ კაცად ითვლება, რომელმაც ,,ივაჟკაცა’’ და გმირი ,,გააკეთა’’, ნამდვილი კაცი და ა.შ.  თუ მოხდა საშინელება და დაიბადა გოგო, მას ,,ძმა-ბიჭები’’ თანაგრძნობით უყურებენ, მან ხომ ,,ვერ იყოჩაღა’’, ,,შეცდა’’, სადღაც ,, შეცდომა’’ დაუშვა? მათთვის მთავარია, ანტი-ქალი, ანტი-ფემინა იშვას, ანუ ბიჭი, ,,ოჯახის სიამაყე’’, ნამდვილი გმირი, კაცი, მასკულინურობის განსახიერება.  კაცი თუ დაიბადა, მამა ბედნიერია. „საკალელი“. ,,გოგოს რად უნდა სწავლა? გოგო უნდა გათხოვდეს!’’-ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზებს.

ამ ნაწილს ამით დავასრულებ და შემდეგ ნაწილში განვაგრძობ იმაზე საუბარს, თუ როგორ მიჯნავს ბაკურ სვანიძე ერთმანეთისაგან  ქალისა და მამაკაცის ფუნქციებს და რა პასუხი მაქვს ამაზე მე, ბოვუარს, ბატლერს და ა.შ.

გიორგი ძნელაძე
გიორგი ძნელაძე

ავტორის შესახებ

გიორგი ძნელაძე არის ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი, ფემინისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი