კომენტარი

ღია წერილი მამა დავით ისაკაძეს

11 აპრილი, 2011 • 1291
ღია წერილი მამა დავით ისაკაძეს

მინდა გამოვხატო პატივისცემა თქვენ მიმართ და ასევე იმ ადამიანებისადმი, ვინც თქვენს ქადაგებებს იზიარებს…

როცა გისმენდით, ჩემი დიდი ბებია გამახსენდა. ბრძენი ქალი იყო. მისგან ვისწავლე, რა არის რწმენა და, ზოგადად, როგორი უნდა იყოს ადამიანი. მოგეხსენებათ, იმ დროში ყველა მორწმუნეს ებრძოდნენ, ბებია მაინც ჯიუტად ინახავდა მარხვას. ვერც კი ვხვდებოდი, რა იყო მარხვა, ძალიან პატარა ვიყავი მაშინ, თუმცა ვხედავდი, როგორი სიმშვიდე იღვრებოდა მისგან, ეს ჩანდა მის ხმაში, გამოხედვაში, მოძრაობაში, სახეზე მუდამ კეთილი და თან სევდიანი  ღიმილი დასთამაშებდა. არასოდეს მახსოვს წყობიდან გამოსული, თუ ჩემთვის რაიმე შენიშვნის მოცემა უნდოდა, ხელს ხელზე მომკიდებდა, თვალებში ჩამხედავდა და ისე მეტყოდა, რომ  გულს არასოდეს მტკენდა, ჭეშმარიტად ვგრძნობდი მის სიყვარულს, თანადგომასა და მხარდაჭერას. სამყაროს მაშინ ბებიაჩემის სახე ჰქონდა – მშვიდი, კეთილი, მომღიმარი, კეთილგანწყობილი. მე მჯეროდა ბებიაჩემის გულწრფელობის. გამოგიტყდებით,  მარხვა არასოდეს შემინახავს, რადგან ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასვლელი იქამდე, სანამ ამას ჭეშმარიტად შევძლებ და თან ისე სუფთად და ლამაზად, როგორც  ამას ბებია აკეთებდა.

მადლობა იმისთვის, რომ ბებია გამახსენეთ!

ქადაგების მოსმენის შემდეგ რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა და ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გკითხოთ:

1. რატომ ფიქრობთ, რომ ბავშვებმა უნდა იცხოვრონ გულუბრყვილო მითებით, რომ ”წვიმას ჩამოყვნენ” ან ”წეროებმა მოუყვანეს მშობლებს”?  როცა ჩემმა 5 წლის გოგონამ მკითხა, ადამიანები როგორ მრავლდებიანო, ყვავილებზე ვუამბე…. რომ არსებობენ შეყვარებული ყვავილები, რომ მათ შორის ერთი მამრობითი სქესისაა და მეორე– მდედრობითის, რომ ”მამა” ყვავილს აქვს ორგანოები, რომლებითაც ის დამტვერავს ”დედა” ყვავილს, რომ მერე ხდება განაყოფიერება და ჩნდება ნაყოფი, მათი შვილი.  მეტაფორა გამოვიყენე, რადგან ვფიქრობდი, რომ ამ ასაკში ასე უფრო მიხვდებოდა სინამდვილეს. ფიქრობთ, რომ ასე არ უნდა მეთქვა? უნდა მომეტყუებინა?

2. როგორ ფიქრობთ, მოზარდმა არ უნდა გაიგოს მშობლებისგან, უფროსი ადამიანებისგან, რას ნიშნავს მეორადი სასქესო ნიშნები მის სხეულზე, რას ნიშნავს უჩვეულო სიზმრები, რომლებსაც ყოველ ღამით ხედავს ან  რას ნიშნავს სწრაფვა საპირისპირო სქესისკენ? ფიქრობთ, რომ როცა ბავშვი ამ შეკითხვით მოგმართავს, უნდა გაუბრაზდე, შეაშინო და უთხრა, რომ ის ”გარყვნილია”, რადგან სექსულაური შინაარსის სიზმრები და ფანტაზიები აქვს? უნდა უთხრა, რომ საკუთარ თავში ჩაიკლას სურვილები? და რა მოხდება მერე?

3. ფიქრობთ თუ არა, რომ პერვერსიას, ანუ გაუკუღმართებას, გაუნათლებლობა და ხელოვნური ტაბუ იწვევს და არა განათლება და ცოდნა? ფიქრობთ, რომ ამ დროს ბავშვები მარტო უნდა დატოვო საკუთარ სხეულთან და სულთან?

4. რამდენიმე წლის წინათ ჩემთან ერთი გოგონა მოიყვანეს, ის უკვე 15 წლის იყო და არანაირი ნიშნები იმისა, რომ ქალია, არ ჰქონდა. არ ჰქონდა ე. წ. ქალის წესი. გოგონა თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, თითქმის არ ჰყავდა მეგობრები, პანიკურად ეშინოდა საპირისპირო სქესის ადამიანების. ჯერ კიდევ თოჯინებით თამაშობდა და ოდესღაც წარმატებული მოსწავლე სწავლაშიც ჩამორჩებოდა. აღმოჩნდა, რომ გოგონას ასეთი მდგომარეობის მიზეზი ტრავმირებული დედაა, რომელიც საომარი მოქმედებების დროს რამდენიმე გაუპატიურების სცენას შეესწრო, ამიტომ გოგონას ზრდიდა მითებით, რომ მამაკაცები საშიშები არიან, რომ მათ ქალისგან მხოლოდ ”ერთი რამ” უნდათ და ა. შ. დედა  გულწრფელი იყო გოგონასთან, რადგან ეუბნებოდა იმას, რასაც გრძნობდა, თუმცა ამან გოგონაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ფიქრობთ, რომ არ უნდა დავხმარებოდით 15 წლის გოგონას და ბოლომდე ტრავმული მითების ტყვეობაში უნდა დაგვეტოვებინა?

5. რამდენიმე წლის წინათ რუსთავი 2-ზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვების ”სექსულაური თამაში”, (ფარული კამერით იყო გადაღებული, ბავშვების იდენტიფიკაცია საბედნიეროდ შეუძლებელი იყო, თუმცა ჩანდა, რომ დაახლოებით  4–5 წლის გოგონა და ბიჭი თამაშობდნენ). ეს ამბავი დღის მთავარ  თემად იქცა. ჟურნალისტები, პედაგოგები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ცდილობდნენ აეხსნათ საზოგადოებისათვის, რა საშინელ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. სინამდვილეში კი ეს (დავესესხები ჩემს ერთ-ერთ კოლეგას) ”გაფუჭებული” უფროსების ხედვა იყო. ამ ასაკში ბავშვებს აქვთ ბუნებრივი ინტერესი, შეისწავლონ საკუთარი  სასქესო ორგანოები, ეს შემეცნებითი პროცესის ნაწილია და არანაირი კავშირი არა აქვს გარყვნილებასთან. ფიქრობთ თუ არა, რომ სწორედ უფროსების არასწორი ჩარევა და ხშირ შემთხვევაში არასწორი ინტერპრეტაცია უქმნით ბავშვებს პრობლემებს და არა მათი ბუნებრივი ინტერესები, რაც აუცილებლად თავისთავად გაივლის, ისევე, როგორც გაივლის ინტერესი საგანგებოდ  დამტვრეული სათამაშოს მიმართ – ”ნეტა, რა ნაწილებისგან შედგებაო” ”მეცნიერი” პატარა რომ ფიქრობს.

6. ჩვენ ხშირად ვხვდებით ფაქტებს, როცა დედები შვილებს ტოვებენ, მეტიც,  ახლადგაჩენილ შვილებს საკუთარი ხელით კლავენ. მე დარწმუნებული ვარ, ვის თუ არა და თქვენ, შეგიძლიათ იგრძნოთ და დაინახოთ რა მგომარეობაშია ადამიანი, როცა ასეთ ნაბიჯზე მიდის, რა მდგომარეობაშია მისი გონება, ფსიქიკა, სული… ფიქრობთ, რომ ამას აქვს გარკვეული კავშირი იმასთან, რომ ადამიანებს არა აქვთ ელემენტარული განათლება სქესობრივი ცხოვრების შესახებ? და  რომ ”უკანონოდ” ბაშვის გაჩენა ისეთ ”უზნეობად” აღიქმება საზოგადოების მხრიდან, რომ შეიძლება საკუთარმა მამამ ან ოჯახმა, ნათესავებმა სასიკვდილოდ გაგიმეტონ, მოგიკვეთონ და ამის გამო ასეთ სისასტიკეზე მიდიხარ. მე მწამს და მჯერა, რომ ნორმალურ სულიერ მდგომარეობაში ადამიანს არ შეუძლია იყოს ასეთი სასტიკი. ფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ?

7. გადაცემაში ”წითელი ზონა” საუბარი იყო იმაზე, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ  გარკვეული ინფორმაცია უფროსების მხიდან საიმისოდ, რომ გათავისუფლდნენ პერვერსიებისგან, სქესობრივი  გაუკუღმართებისგან, რომ დამალვას, იგნორირებას უკუეფექტი მოჰყვება და  რომ უფროსი ადამიანების პასუხისმგებლობაა ბავშვების სქესობრივი აღზრდა.  და რომ ეს უნდა გაკეთდეს ფრთხილად, კორექტულად, არ გამოიწვიოს მათი ტრავმირება და ა.შ. შ. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დანაშაულია?

გული მტკივა, როცა  ადამიანები ცდილობენ  სხვა ადამიანების  ღმერთის სახელით დასჯას… თანაც   უსამართლოდ.

ამ დროს სულ ბებია მახსენდება, როგორც  სიყვარულის  სიმბოლო.

მახსენდება, ალბათ იმიტომაც, რომ  არ მინდა დავკარგო რწმენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი