კომენტარი

DRCA-ს განცხადება იმედის “სპეციალური რეპორტაჟის” გამო

18 თებერვალი, 2011 • • 1213
DRCA-ს განცხადება იმედის “სპეციალური რეპორტაჟის” გამო

“2011 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში 20:30 საათზე გადაცემა ,,სპეციალური რეპორტაჟი” გავიდა. იგი ძირითადად ჰომოსექსუალ მამაკაცებს დაეთმო, რომლებიც ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ჯგუფს წარმოადგენენ (ლგბტ). პირველ სიუჟეტში სტეფან კოჰენის გახმაურებული მკვლელობა გაშუქდა. მკვლელობის მოტივად მსხვერპლის სექსუალური ორიენტაცია დასახელდა. გადაცემაში ასევე აჩვენეს ინტერვიუ ჟურნალისტ მადონა სიხარულიძესთან. მან 1994 წელს ლგბტ თემის სამ წარმომადგენელთან ჩაწერილ სატელევიზიო ინტერვიუზე ისაუბრა. ეს კადრები 17 წლის განმავლობაში ცენზურის გამო ეთერში ვერ მოხვდა. ვიდეოჩანაწერში სიხარულიძის რესპონდენტები ღიად საუბრობენ თავიანთ სექსუალური ორიენტაციისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ, გამოხატავენ დამოკიდებულებას საკუთარი სექსუალური იდენტობის მიმართ. ,,იმედის” რეპორტაჟში ჟურნალისტ მადონა სიხარულიძის მომზადებული კადრები მისი კომენტარების თანხლებით იყო ნაჩვენები.

 ,,ეს არის არა იმდენად გადახრა, ბიოლოგიური გადახრა მაქვს მხედველობაში, არამედ პირველი, რომ არასწორი აღზრდის ბრალია. მეორე, ვფიქრობ, რომ ასევე უყურადღებობიდან გამომდინარე ბავშვური თავგადასავლები, და მესამეც, ვფიქრობ, რომ ადამიანები უბრალოდ რაღაც თავგადასავლებს ეძებენ ცხოვრებაში.”- აცხადებს სიხარულიძე “იმედთან” საუბარში.

 ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფისაკენ.”

 2009 წლის 12 მარტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე” #2 დადგენილების 32-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.

 სიუჟეტის შინაარსიდან ირკვევა, რომ 1994 წელს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი უნდა ყოფილიყო უპრეცედენტო, ვინაიდან ჯგუფის წევრები ღიად ისაუბრებდნენ მათი სექსუალური იდენტობის შესახებ. ჟურნალისტი საუბრობდა პროგრამის ჩაწერის პროცესზე, ასევე პროგრამის ეთერში არგაშვების მიზეზებზე. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ მიზნებთან სრულიად აცდენილია მადონა სიხარულიძის პერსონალური მოსაზრებები სექსუალური ორიენტაციის მიზეზებთან დაკავშირებით. რესპონდენტი აკეთებს არასწორ განცხადებას, როდესაც ჰომოსექსუალური ორიენტაციის წარმოშობის მიზეზად “არა იმდენად ბიოლოგიურ გადახრას, არამედ არასწორ აღზრდას” ასახელებს.  ფრაზა ,,არა იმდენად” გულისხმობს, რომ ესა თუ ის მოვლენა არის შედეგის არაარსებითი, მაგრამ ერთ-ერთი პირობა მაინც. მოცემულ შემთხვევაში, ,,ბიოლოგიური გადახრა” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის იდენტიფიცირების არა არსებით, მაგრამ ერთ-ერთ პირობად არის დასახელებული. ჰომოსექსუალური იდენტიფიკაციის მთავარ მიზეზად კი მადონა სიხარულძე ადამიანის არასწორ აღზრდას და თავგადასავლების სურვილს მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, იგი საზოგადოების შეცდომაში შემყვან არასწორ განცხადებებს აკეთებს, რაც გვაძლევს საფუძვლს შემდგომი განმარტებებისთვის:

●     მადონა სიხარულიძე არ ფლობს კვალიფიკაციას იმასთან დაკავშირებით, რომ განსაჯოს ის, თუ რეალურად რას წარმოადგენს ,,ბიოლოგიური გადახრა.” მეტიც, სოციალურ და ბიოლოგიურ მეცნიერებებში ადამიანის სექსუალური არჩევანისა და ორიენტაციის აღსანიშნად მსგავსი ჰომოფობური და დაუსაბუთებელი შეფასებების გამოყენება დაუშვებლად არის მიჩნეული.

●     სექსუალური იდენტიფიკაციის მიზეზების დასახელებისას ტერმინები ,,გადახრა,” ისევე როგორც ,,არასწორი აღზრდა”, მაყურებლის მიერ  შეიძლება აღქმული იყოს პათოლოგიურ და ნეგატიური მოვლენად.  ჰომოსექსუალობის პათოლოგიურად წარმოჩენა უარყოფით გავლენას ახდენს ლგბტ თემის წარმომადგენლებზე და მათ მიმართ მიმღებლობას ამცირებს, რაც საზოგადოების მრავალი ჯგუფის მხრიდან მათ მიმართ აგრესიულ ქცევასა და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს იწვევს.

●     ჰომოსექსუალობის მიზეზების ძიება და განსაკუთრებით მათი დაკავშირება პათოლოგიასთან (ე.წ. “ბიოლოგიური გადახრა”), ისიც არამეგობრულ, ნეგატიურ კონტექსტში, შეურაცხმყოფელია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელი პირებისთვის და მათ ადამიანურ ღირსებას ლახავს.  საქართველოს კონსტიტუცია ყველა ადამიანის ღირსებას უპირატესად  აღიარებს და არ გამოარჩევს ნაკლებად ღირსეულ ან მეტად ღირსეულ სოციალურ ჯგუფებსა თუ ინვიდიდებს.

●     მორალური შეურაცხყოფის გარდა, ეთერში შეუფერხებლად გაშვებული განცხადებით, თითქოს ჰომოსექსუალობის მიზეზი მართლაც არასწორი აღზრდა და თავგადასავლების ძიების სურვილია, მაუწყებელი ხელს უწყობს სტერეოტიპების (წინასწარ ჩამოყალიბებული, ცრუ და არასწორი შეხედულების) დამკვიდრებას.  

 არასწორი განცხადებებით სტერეოტიპების ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა წარმოადგენს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 33-ე მუხლის მეორე პუნქტის დარღვევას, ისევე როგორც ნებისმიერი სოციალური ჯგუფის, მათ შორის ლგბტ ჯგუფის, შეურაცხყოფა იკრძალება ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 32-ე მუხლით და ,,მაუწყებელთა შესახებ” კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

 ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახსენებს ტერმინს ,,ხელი არ უნდა შეუწყოს.” ეს უკანასკნელი გულისმობს იმას, რომ მაუწყებლის ვალდებულება, თავი შეიკავოს რომელიმე სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფისგან და მათთან მიმართებაში სტერეოტიპების ჩამოყალიბებისაგან არ შემოიფარგლება მხოლოდ მაუწყებლის სარედაქციო პოზიციით ან მაუწყებლის თანამშრომელთა მიერ გაკეთებული განცხადებებით. ეს ვალდებულება ასევე შეეხება რესპონდენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მსგავსი შემთხვევის დადგომისას, მაუწყებელს ეკისრება აქტიური  პასუხისმგებლობა, არ დაუშვას ეთერში სოციალური ჯგუფის მიმართ შურაცხმყოფელი გამონათქვამების განთავსება.  დაუშვებელია, მედია წარმოადგენდეს სოციალური ჯგუფების მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფის გაუფილტრავ გამტარს. ეს განსაკუთრებით ეხება ვიდეოჩანაწერს, რაც ექვემდებარებოდა მაუწყებლის მხრიდან სათანადო რედაქტირებას. მადონა სიხარულიძის განცხადებების შემთხვევაში სწორედაც რომ ვიდეოჩანაწერთან გვქონდა საქმე და არა პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შ.პ.ს. ,,ტელეკომპანია იმედის” პასუხისმგებლობას; ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს გადაცემის რესპოდენტ მადონა სიხარულიძის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სათანადო რედაქტირების გარეშე ეთერში განთავსებაში.

 

,,მუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. 

,,მუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. 

,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელს უფლება აქვს, აირჩიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ამ კოდექსის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს, ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

 ასევე, ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი.

 მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის’’ შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თვითრეგულირების მექანიზმი 2011 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემა ,,სპეციალურ რეპორტაჟში” ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნათა დარღვევასთან დაკავშირებით”.

განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია 

მასალების გადაბეჭდვის წესი