კომენტარი

30 ორგანიზაციის განცხადება გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ

14 თებერვალი, 2011 • 1311
30 ორგანიზაციის განცხადება გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით

 

მიმდინარე წლის 8 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ნიკა გილაურმა მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდება, ხოლო მისი ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცემა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს ბაზაზე ჩამოყალიბდება; დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შევა. …

გასული წლის 17 დეკემბერს სათაფლიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას გარემოსდაცვითი უწყების რეორგანიზაცია, აქ გამეფებული სისტემური კორუფციის აღმოფხვრისა და გარემოსდაცვითი კონტროლის გაუმჯობესების მიზნით. სამწუხაროდ, დაინტერესებული საზოგადოებისთვის უცნობია, რა არის მთავრობის მიერ გახმოვანებული ცვლილებების რეალური მიზეზი – პრეზიდენტის მიერ დასახელებული ხარვეზების აღმოფხვრის სურვილი, თუ ბოლო წლებში არსებული ტენდენციის გაგრძელება, რომელიც მიმართულია გარემოსდაცვითი მოთხოვნების კიდევ უფრო უგულვებელყოფისაკენ. ასევე უცნობია, ცვლილებების დაგეგმვისას რამდენად იყო გაანალიზებული გარემოს დაცვის სფეროში არსებული ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ინტერესთა კონფლიქტები, ნეპოტიზმი, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის/რეგულაციების სისუსტე, პროფესიონალიზმის დეფიციტი, ბუნებრივ რესურსებთან ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის არარსებობა და ა.შ.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში გარემოსდაცვით სექტორში ხშირად ხორციელებოდა ცვლილებები, საზოგადოების ინფორმირებისა და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. როგორც პრაქტიკამ არაერთხელ ცხადყო, ამგვარად მიღებული გადაწყვეტილებები არ არის დაზღვეული შეცდომებისგან, რომელთა აღმოფხვრა ბევრად უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოსა და საზოგადოებას, ვიდრე დაჩქარებული და ბოლომდე გაუთვლელი გადაწყვეტილებით მიღებული ხანმოკლე და ერთჯერადი სარგებელი.

მთავრობის მიერ “სამინისტროს რეორგანიზაციის პროექტის” სახელით წარმოდგენილი…სქემა მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს. გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ რამდენიმე საკითხი:

  • ძალზე მნიშვნელოვანია, თუ რომელი უწყება იქნება პასუხისმგებელი გარემოსდაცვითი მოთხოვნების დადგენაზე და მათი შესრულების კონტროლზე;

 

  • მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მოხმარებას შორის. დაუშვებელია, რომ, ერთის მხრივ, ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლების გაცემისა (ლიცენზირება) და, მეორეს მხრივ, მოსაპოვებელი რესურსების ოდენობისა და  მოპოვების პირობების დადგენის და სალიცენზიო/სანებართვო პირობების კონტროლის ფუნქციები ერთ უწყებში მოექცეს, მით უმეტეს, რესურსების მაქსიმალურად მოხმარებაზე ორიენტირებულ სამინისტროში (ენერგეტიკის სამინისტრო);
  • არსებობს საშიშროება, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებით შეილახება დაცული ტერტორიების ძირითადი ფუნქცია _ ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების კონსერვაცია – დაცვა და შენარჩუნება. მთავრობის წევრთა განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ დაცული ტერიტორიები მხოლოდ ტურიზმის განვითარების ერთ–ერთ საშუალებად მიაჩნიათ. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ რეფორმის შედეგად გარემოს დაცვის სამინისტროს მხოლოდ “წმინდა გარემოსდაცვითი ფუნქციები დარჩება” – ვინაიდან ეს ფორმულირება შეიძლება გაგებული იყოს ისე, თითქოს დაცული ტერიტორიების მართვა და ტყეების დაცვა  გარემოს დაცვის ღონისძიებებს არ წარმოადგენენ;   
  • არსებოს საშიშროება, რომ საქართველოს ტყეები განხილული იქნება როგორც მხოლოდ ეკონომიკური რესურსი და უგულვებელყოგილი იქნება მათი ეკოლოგიური და სოციალური ფუნქცია, რაც მოკლე ხანში გამოუსწორებელ შედეგებს გამოიღებს.

 

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეორგანიზაცია მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს  საქართველოს გარემოს მდგომარეობაზე. ამიტომ, ორჰუსის კონვენციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების  პროცესში საზოგადოების მონაწილეობა იმ ეტაპზე, სანამ არჩევანის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია (კონვენციის დედანში – while options are still open).

ჩვენ, საქართველოს  არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაუმჭვირვალე პრაქტიკა, გარემოსდაცვითი სექტორისადმი ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არ შეეფერება ქვეყანას, რომელიც  ისწრაფვის ევრო–ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ. 

გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ “საქართველო გახდება მდგრადი განვითარების სამოდელო ქვეყანა”.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოვითხოვთ:

  • შეჩერებულ იქნას გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის სქემის წარდგენა პარლამენტში განსახილვევლად;
  • უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების სრული ინფორმირება სამინისტროოს რეორგანიზაციის შემოთავაზებული სქემის დეტალების თაობაზე (პასუხისმგებლობათა გადანაწილება, გარემოს დაცვის ინსპექციის და გარემოს ეროვნული სააგენტოს მომავალი დაქვემდებარება და ფუნქციები, დაცული ტერიტორიის სააგენტოს მომავალი ფუნქციები და მიზნები, სატყეო სექტორის განვითარების გეგმა );

 

  • ორჰუსის კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნას  სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხის ფართო საჯარო განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

 

—————————————————————————————————————————————————-

1.      „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები-საქართველო“

2.      „ასოციაცია მწვანე ალტერნატივა“

3.      კავშირი “ტყის მკვლევარები”

4.      არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყარო“

5.      კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

6.      საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

7.      საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი  

8.      კავშირი “თემი და თვითმმართველობა”

9.      ასოციაცია “ეკოპულსი”

10.  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

11.  დემოკრატიის განვითარების ახალგაზრდული ცენტრი

12.  საქართველოს ეკოლოგიურ მიწადმოქმედთა ასოციაცია „სემა“

13.  „გარემოს დაცვის ლიგა“

14.  „ჟურნალისტები და საზოგადოება“

15.  ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი

16.  ასოციაცია “არგომედია” (ArgoMedia)

17.  სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი (CDIC)

18.  ასოციაცია “მედია და საზოგადოება”

19.  ასოციაცია “საზოგადოება განვითარებისათვის” (CDA)

20.  კავშირი „სვანეთის ტურიზმის ცენტრი“;

21.  ნაბადის სამეზობლო განვითარების ასოციაცია;

22.  პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“;

23.  ასოციაცია „ბეთლემი“;

24.  ახალგაზრდა კონსერვაციონისტთა ჯგუფი;

25.  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია;

26.  ასოციაცია „დეა“;

27.  ELIDG-ევროპული კვლევები საქართველოს საინოვაციო განვითარებისათვის

28.  „სამცხე ჯავახეთის მომხმარებელთა კავშირი“ 

29.  კონფლიქტებისა  და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი ICCN

30. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი