კომენტარი

ლაშა ტუღუში: გაუგებარია, რატომ უნდა შევთანხმდეთ გაზპრომთან გაზის სანაცვლოდ ფულის მიღებაზე

12 იანვარი, 2016 • 1526
ლაშა ტუღუში: გაუგებარია, რატომ უნდა შევთანხმდეთ გაზპრომთან გაზის სანაცვლოდ ფულის მიღებაზე

ლიბერალური აკადემიის დირექტორი და გაზეთ რეზონანსის რედაქტორი ლაშა ტუღუში ნეტგაზეთს საქართველოსა და გაზპრომს შორის დადებული შესაძლო ხელშეკრულების საფრთხეებზე ესაუბრა.

ლაშა ტუღუში იმყოფებოდა იმ შეხვედრაზე, რომელიც  ენერგეტიკის მინისტრისა და ექსპერტებს შორის გაიმართა. ტუღუში აცხადებს, რომ საუბარი შეეხო გაზპრომისგან გაზის დამატებითი მოცულობის შეძენას, ასევე, საქართველოს მიერ გატარებული გაზპრომის გაზის 10%–ის დატოვების სანაცვლოდ თანხის გადახდას.

11 იანვარს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაზპრომის მოთხოვნაა, საქართველოს გატარებული გაზის 10%–ის დატოვების სანაცვლოდ შესაბამისი თანხა გადაუხადონ. მანვე განაცხადა, რომ ხელშეკრულების დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც შეთანხმება მიიღწევა.

ლაშა ტუღუშისთვის გაუგებარია,  თუ რატომ უნდა წავიდეს საქართველო რუსეთთან ამ დათმობაზე. მისი განცხადებით, საუბარია არგუმენტზე, რომ ეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) არის განსაზღვრული. მისი თქმით, ეს ხელშეკრულება მსგავსი საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს, თუმცა ეს არ არის სასწრაფო.

ლაშა ტუღუში ამბობს, რომ რუსული მხარისთვის მსგავსი გარიგება მომგებიანია:

“გარდა ამისა, მსგავსი მოთხოვნები ყოველთვის ჰქონდა რუსულ მხარეს, მათ აწყობთ, რომ ჩვენ გაზით არ გადაგვიხადონ და გადაგვიხადონ ფული. ახლა მათ შესაძლებლობა აქვთ,  თუ იმ ტარიფებით გადაიხდიან, რაც არის ფასების სტანდარტებით განსაზღვრული, მაშინ უფრო იაფი უნდა გადაგვიხადონ, ვიდრე გაზს ვიღებდით. შესაბამისად, ჩვენ ეს არ გვაწყიობს. რატომ უნდა დათანხმდეს წელს ჩვენი ხელისუფლება, მე არ მესმის, გულწრფელად  რომ გითხრათ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა დათახმდეს და ეს ძალიან პრინციპული საკითხია. საქართველოს უნდა ჰქონდეს ნათელი და მტკიცე პოზიცია, მან უნდა თქვას, რომ არ ცვლის ამ მიდგომებს და დამთავრდა. არა მგონია, რომ დღევანდელ რთულ ვითარებაში, რომელიც ჩვენს რეგიონშია ზოგადად, რუსეთი წავიდეს, რომ კავკასიაში ასეთი ტიპის პრობლემები შექმნას და პრობლემები შეუქმნას სომხეთსაც, რომელიც მისი მოკავშირეა,”– ამბობს ტუღუში.

რაც შეეხება რუსეთისგან დამატებითი მოცულობების შეძენის საკითხს იმ მოტივით, რომ საქართველოს დეფიციტი  აქვს და, ამავდროულად, საქართველოს მთავარი მომწოდებლისგან, აზერბაიჯანისგან დამატებითი გაზის შემოტანაზე ტექნიკური პრობლემებია, ლაშა ტუღუში ამბობს, რომ  ამასთან დაკავშირებითაც რამდენიმე კითხვა ჩნდება:

“მიკვირს, როდესაც ასე დგას საკითხი იმიტომ, რომ მოთხოვნილების ზრდის ტენდენციები ჩანდა 3 წლის წინაც, 4 წლის წინაც და მისი პროგნოზირება იყო ძალიან რეალური. თითქოსდა იმ მილსადენს, რომლითაც სოკარი გვაწვდის გაზს, რასაც ამბობენ, არ აქვს შესაძლებლობა გაატაროს 6 მილიონ კუბურ მეტრზე მეტიო. თუ ასეთი პრობლემა იდგა და ჩვენ დღეს გვაქვს 11 მილიონი დღიური მოხმარება, რაც ზამთარში მეტია და ზაფხულში ნაკლებია, შეგვეძლო ჩვენ ადრე დაგვენახა ეს პრობლემა და მიგვეღო ზომები. მილის სიმძლავრეების გაზრდას არ სჭირდება ახალი მილსადენის მშენებლობა. საჭირო იყო კომპრესორის დამონტაჟება, რომელიც ჯდება დაახლოებით, როგორც მე მითხრეს, 40 მლნ დოლარი. დაახლოებით 2 წელიწადი სჭირდება, რომ ამისთვის მოემზადო. მაგრამ 2 წლის წინ ნათელი იყო, რომ პრობლემა დადგებოდა და რატომ არ მივიღეთ ზომები, რატომ არ გადავდგით ნაბიჯები? აღმოჩნდა, რომ არაფერი არ არის და ახლა ფაქტის წინაშე დავდექით,”– აცხადებს ის.

გარდა ამისა, ლაშა ტუღუშის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროს აქვს ბუნდოვანი პოზიცია და არ გააჩნია პასუხები კითხვაზე, თუ რა იქნება 3 და 5 წლის შემდეგ. იგი რუსეთზე ენერგეტიკული გამოკიდებულების გაზრდაზე საუბრობს:

“თუ არ ვიფქირეთ, რომ შევქმნათ სხვა ტექნიკური შესაძლებლობები, შეიძლება აზერბაიჯანთან ერთად, ან რაღაც თადარიგი დავიჭიროთ და მოვაწესრიგოთ  ეს პრობლემები, რომელიც გაგვაჩნია, ასეთ სიტიუაციაში კი არა, კიდევ უარეს სიტუაციაში ვიქნებით ყოველთვის. მოვიყვანეთ საქმე იქამდე, რომ გავზარდოთ დამოკიდებულება საქართველოს ენერგეტიკის და, ზოგადად, საქართველოს პოლიტიკური დამოკიდებულებაც ამასთანავე რუსეთზე, იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს ჩვენი ურთიერთობებია და  რაც არის ჩვენს გარშემო, რეგიონალურ ჭრილში ვგულისხმობ, ძალიან რთულ კონფლიქტებს, რომელიც ყველგან მიმდინარებს ჩვენს გარშემო. არ მიმაჩნია ეს პოზიცია სწორად, როგორი ლოგიკაც უნდა იყოს, თითქოს რუსული გაზი უფრო იაფია, ვიდრე აზერბაიჯანული,”– ამბობს ლაშა ტუღუში.

მისივე თქმით, სამინისტროს ლოგიკა, რომელიც ეფუძნება გაზპრომთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას, გასაგებია, თუმცა გამოსავლის მოძებნის ის პოლიტიკა, რომლის გატარებაზეც საუბრობდნენ, მისთვის მისაღები არ არის:

“[შეხვედრაზეც] ითქვა, რომ თუ, დავუშვათ, რაღაც მოხდა, აგვიფეთქეს ეს ვითარება, 20% თითქოს არ არის დრამატული და კრიტიკული რისკის თვალსაზრისით და შეიძლება მოვძებნოთ ალტერნატიული წყაროები, მაგრამ თუ შეიძლება, მაინცდამაინც რაღაც უნდა მოხდეს, რომ მერე მოვძებნოთ? ბარემ ახლა მოვძებნოთ,”– თქვა ლაშა ტუღუშმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

ფოტოზე: ლაშა ტუღუში და სხვა ექსპერტები შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი