კომენტარისაზოგადოება

ახალი წელი გიოსთვის

31 დეკემბერი, 2015 • 3955
ახალი წელი გიოსთვის

დიანა ანფიმიადი

ახალი წელი მხოლოდ საჩუქრები და ფერადი ნათურები არ არის, არც რაღაც უცნაურისა და გამოუცნობის მოლოდინია, არც ბალიშის ქვეშ შენახული შოკოლადის ფილა და არც ფოიერვერკი, რომელიც თან მოგწონს, თან გაშინებს.

როდესაც ჩემი 4 წლის შვილის თვალით ვუყურებ დღესასწაულს, შვილის, რომელიც ისედაც ცოტას ლაპარაკობს, ხოლო გრძნობებისა და ემოციის გამოსახატავად უფრო ღიმილს, აღტაცებას, ჩახუტებას იყენებს, ვხვდები, რომ ახალი წელი 4 წლის პატარა ბიჭისთვის პირველ რიგში – შეგრძნებებია.

სუნი – ვანილის, თაფლის, შემწვარი ხორცის, ცხელი ღვინის, სანელებლების, ოდნავ დამწვარი ნიგვზის, დარიჩინის; ხმა – საახალწლო სიმღერების, ქვაბის თუხთუხის, კოვზებისა და დანების წკარაწკურის, კიდევ მინის სათამაშოების მსუბუქი, ოდნავ გასაგონი შარიშური; გემო – შოკოლადის, რომელიც ამ ერთ დღეს გამოზომილი კი არა, იმდენია, რამდენსაც ინებებ, გემრიელი, ოდნავ ცხარე საჭმელები, რომელთაც სხვა დროს არ გიკეთებენ; ნაღების კრემი, რომლის გალოკვის პერსონალური უფლება გაქვს – იცი, ეს რა არის? მგონია, ბავშვობა მაშინ მთავრდება, როდესაც ამ კრემისკენ გული აღარ მიგიწევს. შეხება? – რამდენი რამეა ახალი, ცომით თამაშის უფლება გაქვს, ნაძვის ხის წიწვების ჩხვლეტა, დედის თბილზე თბილი ხელი, გაყინული ფანჯრის მინები – დაორთქლილი, მოხატული, სველი…

მხედველობა? ამას არ იკითხავთ? რამდენი ფერი და რამდენი ღიმილი საყვარელ სახეზე – დღეს ხომ არც დედა გარბის სამსახურში, არც მამა, არც კომპიუტერის ეკრანებს ვართ ჩაჩერებული, დღეს ყველაფერი რიგზეა. ჰოდა, ვცდილობ, ამ დღესასწაულს ჩემი 4 წლის და 364 დღის ბიჭის თვალით ვუყურო, რომელიც პირველ იანვარს 5 წლის ხდება, ვცდილობ, არაფერი დამეზაროს, არ მოვიწყინო, არ დავდარდიანდე, რომ კიდევ ერთი წელი გავიდა, რომელმაც ამდენი რამე წაიღო, ამდენი რამე მოიტანა… რომ ამდენი ადამიანი ვეღარ შეხვდა ამ წელს, ნაცნობები, უცნობები, რომ შიშით, ომით, გაჭირვებით, გაუგებრობით, ტკივილით აღსავსე წელი იყო…. რომ ღამის 12-ზე აგუგუნებული ფოიერვერკი იმდენ აფეთქებას, მსხვერპლს გაგვახსენებს…. ეს დღესასწაული გიორგისია, პატარა უცნაური ბიჭის, რომელმაც მეტყველება კი დააგვიანა, მაგრამ თავის პატარა გულსა და თავში ბევრი, ძალიან ბევრი საოცრება აქვს გამოკეტილი…

თვალებს ვხუჭავ და მახსენდება:

პირველი იანვარია, სამშობიაროში ვწევარ, ნარკოზიდან თანდათან გამოვდივარ და ექთანს ჩემი ბიჭი მოჰყავს – პირველ იანვარს დაბადებული, ახალი წლის საჩუქარი.

მას მოყვითალო კანი, შეჭმუხნული წარბები, დიდი, შავი თვალები აქვს. სხვა ბავშვებისგან უცებ გამოარჩევ – უზარმაზარ თვალებს არასდროს ხუჭავს და დიდი კაცივით იყურება.

– სამშობიაროში შუქი ჩაქრა, ცივა და გაათბე შენი პატარა – მეუბნება ექთანი.
თან ფრთხილად, თან ძალიან მაგრად ვიხუტებ და ჩემი სხეულის სითბოს ვუნაწილებ.
ის ყუჩდება, თვალებს ლულავს და ბედნიერია.

ამ დღის მერე ყველა ახალ წელს გიორგი ჰქვია.

მოკლედ, წელს კიდევ ერთხელ და, როგორც ყოველთვის, სიამოვნებით ვამზადებ დღესასწაულს გიოსთვის და ჩვენი პატარა ოჯახისთვის. ეს ყველაზე საყვარელი და მღელვარე ჩვეულებაა.

დფდ

ჩემს საახალწლო მზადებას რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი აქვს:

1. არავითარი ოცი სახეობის კერძი ან დიდი ქვაბებით მომზადებული საჭმელი, ვამზადებ მხოლოდ იმდენს, რამდენიც ჩვენ და ჩვენს სტუმრებს ეყოფათ, ისე, რომ ბედობას, 2 იანვარს, საჭმელი უკვე აღარ გვქონდეს. ჯერ ერთი, ზომიერება მნიშვნელოვანია, რესურსების სწორი გამოყენება _ ყველაზე მთავარი სტრატეგია. ალბათ ყველანი რომ მოზომილად ვსარგებლობდეთ მიწის მონიჭებული ნობათით, გაცილებით ნაკლები პრობლემა გვექნებოდა. თანაც მთელი კვირის დაძველების საჭმელი მარგებელი ნამდვილად არაა, პირიქით.

2. ერთი-ორი ტრადიციული კერძი, დანარჩენი ის, რაც ჩვენ გვიყვარს, ეს, პირველ რიგში, ჩვენი დღესასწაულია.

3. რაც შეიძლება ბევრი ახალი თუ მშრალი ხილი, ტრადიციული ტკბილეულობა, აუცილებლად ბაზარში და გლეხისგან ნაყიდი.

4. მზადებამ არ უნდა გადამქანცოს, განვსაზღვრავ საკუთარ შესაძლებლობებს და იმდენს მოვამზადებ, რომ სამზარეულოში ფუსფუსი სიამოვნება იყოს და არა წელის მომწყვეტი რუტინა.

5. გიოს დაბადების დღეზე ბავშვები მოვლენ, ამიტომ საბავშვო გემოვნების გათვალისწინება პრიორიტეტია.

6. ვცდილობთ არ გამოვიყენოთ სახიფათო ასაფეთქებლები, არაფრისგან ვართ დაზღვეული.

7. ამ დღისთვის მთავარი ბედნიერებაა, ამიტომ თუ რამეს ვერ ვასწრებ, არ გამომდის, გადავიფიქრე ან მეზარება – მერე რა! ისედაც ამდენი ხანია შვებულებას და დასვენების დღეებს ველოდი, ყველაფერი მაინც კარგად იქნება.

ესეც ჩემი მენიუ:

1. ვარსკვლავიანი თაფლაკვერები მერი პოპინსიდან
2. პაწაწუნა ღვეზელები ხორცით, თევზით, ოთხნაირი ყველით, ისპანახითა და გოგრით
3. უბრალოდ, ჯემიანი ნამცხვარი
4. რამე ცხელი, მიწიერი და გემრიელი, ბოსტნეულის რაგუ ქათმით, ან თუნდაც თევზით.
5. შოკოლადიანი გოზინაყები როალდ დალის რეცეპტით
6. ჟოლოს დესერტი
7. ორი ფერის ფელამუში სიურპრიზით
8. ქადები ფორთოხლისა და ლიმონის ცედრითა და დარიჩინით
9. გამომცხვარი ბეზეს თოვლის დესერტი შიგთავსით
10. კომშისა და ფეიხოას კომპოტი გაზიან სასმელთან ერთად

კიდევ, რა თქმა უნდა, საცივი, ჩემი გადასარევი დედის რეცეპტით.

ყველაფერს თანდათან, დაგემოვნებითა და სიამოვნებით ვაკეთებთ – ყველანი! გიორგი ფეხებში მედება, ხან ცომისგან ძერწავს ათასგვარ სასაცილო ცხოველს, ხან – კრემიან კოვზს ლოკავს, ხან თითქოს სახანძრო მანქანაა და ცდილობს გაზქურა ჩამიქროს, ეს არაფრით არ უნდა დავუშვა – ღუმელში იმდენი გემრიელი რამე მზადდება.

მე საახალწლო სიმღერებს ვუსმენ, თან გემრიელ ვარდისფერ ღვინოს ვწრუპავ, თან ვამზადებ, თან იმ გირლიანდებზე ვფიქრობ, სუპერმარკეტში რომ ვნახე და ყიდვა რომ დამავიწყდა.

– დი, კარტოფილი შევწვათ რა! – წუწუნებს ზაზა. როგორი ნაცნობი გრძნობაა, როცა შინ ამდენი რამე მზადდება და შენ მაინც მშიერი ხარ.

თითქმის ყველაფერი მზადაა, იმის გარდა, რასაც სპეციალურად სტუმრების მოსვლის დროს დავამთხვევ – ზოგიერთ ცხელ კერძს გაცხელება აფუჭებს, სჯობს, პირდაპირ ღუმელიდან სუფრაზე მიაბრძანო.

სახლისა და ეზოს გალამაზება – ჩვენი პაწუკა ხეები ფერად-ფერადი ნათურებით აჩახჩახდა. ნაძვის ხე, საჩუქრების შეფუთვა… საქმე ბევრია, ჩემი პატარა და დიდი ბიჭები მეხმარებიან.

როცა 12-ს თხუთმეტი დააკლდება, სახლიდან გავალთ, აქ, ჩვენ ახლოს გორაკია, საიდანაც თბილისის არაჩვეულებრივი ხედი იშლება – ვაკვასელების (ვარსკვლავების) ზღვა, როგორც ერთხელ გიომ აღწერა. ჰოდა, თოვლი ალბათ არც წელს იქნება, მაგრამ არაფერია, საახალწლო სიმღერები, სუსხიანი საღამო, ნისლი და თბილზე თბილი ჩახუტება საუკეთესო ახალი წლის შეხვედრაა.

ხოლო როცა შინ დავბრუნდებით, ნაძვის ხესთან ლამაზად შეფუთული საჩუქრები დაგხვდება. რა ყოჩაღი ბიჭია ეს თოვლის ბაბუა, როგორც ყოველთვის, ზუსტად ასწრებს ყველაფერს!

ახალი წელი

ახალი წელი

მომზადებულია ჟურნალისთვის “საახალწლო საკითხავი”, რომელიც გამოიცა კომპანია “ანაგის” მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი