ამერიკული კულტურა და საზოგადოება კონტრკულტურულმა რევოლუციებმა ჩამოაყალიბეს. გასულ საუკუნეში არაერთი მოძრაობა გაჩნდა; მათი მიზანი სოციალურ საკითხებში ფართო საზოგადოებისთვის მისაღები გარდატეხის შეტანა იყო.
ყველა მოძრაობას უეჭველი წარმატება როდი მოსდევდა, მაგრამ სწორედ ამ მოძრაობების დამსახურებაა ამერიკული საზოგადოებისა და კულტურის განვითარება და ის ფაქტი, რომ უმცირესობის ხმა დღეს სახალხო ფორუმებსა და განხილვებზე უკვე ისმის. ამავე მოძრაობებმა ჩრდილში მყოფი არაერთი საკითხი წამოსწია და ცხოვრების განსხვავებული სტილი საზოგადოებისათვის მისაღები გახადა… თუმცა საზოგადოებრივი აზრის გარდაქმნა ნელი ტემპით მიმდინარეობდა, შეერთებული შტატების საზოგადოებას დროის ფუფუნება ნამდვილად ჰქონდა.
შედარებისათვის ახლა საქართველო მოვიყვანოთ. 1922 წელს, როცა მთელი მსოფლიო საკუთარ საზოგადოებაში მკვეთრი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცვლილებების შეტანისთვის ემზადებოდა, საბჭოელებმა ოფიციალურად დაამყარეს საკუთარი რეჟიმი საქართველოში.
საბჭოთა რეჟიმის ბრჭყალებიდან თავის დაღწევის შემდეგ, საქართველო არაერთი განსაცდელის წინაშე იდგა: სამოქალაქო ომები, სამოქალაქო მღელვარება, დიქტატორები, სადავო ტერიტორიები და თვით რუსეთის სამხედრო შემოტევები. ჩემმა ერთ-ერთმა ქართველმა მეგობარმა 90-იან წლებს „უარაფრობის დროც“ კი უწოდა. ქვეყანა მიგდებულ-მივიწყებულ ადგილად იქცა, წინ ვერ მიიწევდა.
საბჭოთა რეჟიმის გადაგდების შემდეგ (საერთაშორისო თავისუფლების სახლი კი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა), გარეშე პირის თვალს უკვე შეუძლია სწრაფად აღიქვას და განმარტოს, თუ რას ნიშნავს ქართველობა.
საზოგადოების გარდაქმნაზე ზეგავლენას ახდენს ერთმანეთისგან სრულებით საპირისპირო, მოზღვავებული მოსაზრებები. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური ეკლესია დიდ როლს ასრულებს, ის კვლავაც მნიშვნელოვანი ფენომენია ბევრ ქართულ ოჯახში, მაგრამ მეორე მხრივ, აქვე დასავლეთის როლიც უნდა აღინიშნოს.
საქართველოს სურს ევროპულ ქვეყნად მიიჩნეოდეს (მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად საქართველო, განსაკუთრებით კი აჭარა, უმეტესად აზიაში მდებარეობს), მაგრამ სატელევიზიო გადაცემების ყურებით დავრწმუნდი, რა დიდ გავლენას ახდენს ამერიკული კულტურა და საზოგადოება ამ ქვეყანაზე.
ჩემს სტუდენტებს თავიანთ ფავორიტ მუსიკოსებს შორის მაიქლ ჯექსონი, ლედი გაგა, შაკირა და ემინემი ჰყავთ. თუ ჩვენს ქვეყანაში მაიქლ ჯექსონისადმი კეთილგანწყობა არსებობს, შაკირა და ლედი გაგა მკვეთრად გამოხატულ სექსსიმბოლოებს წარმოადგენენ. ამასთან, ლედი გაგა ფემინიზმის ახალ ტალღასთან ასოცირდება, სადაც მთელი აქცენტი სექსუალურობაზეა გადატანილი. ემინემი კი, როგორც ცნობილია, გამუდმებით ცდილობს აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს და საამისოდ შეურაცხმყოფელ გამოთქმებსაც არ ერიდება, თან სამიზნედ ნებისმიერს გამოიყენებს, არც მთავრობას დაინდობს და არც სხვა ვარსკვლავებს.
საქართველოში კი საჩოთირო თემებზე, განსაკუთრებით სექსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, საუბარი გამორიცხულია. მსგავს თემებზე სიტყვის ჩამოგდებას პასუხად გაბრაზება ან ზიზღი მოჰყვება… ან აკვიატებული ფრაზა _ „ეს საქართველოა“, რომელსაც თან მხრების აჩეჩვა მოსდევს. ასეთ დროს შიში მიპყრობს, რადგან ასეთ პასუხს ისეთ თემებზეც მომიგებენ ხოლმე, როგორებიცაა: ძალადობა, ძალმომრეობა და არატოლერანტულობა.
„ეს საქართველოას“ სიტუაციური ნიმუში ჩემთვის ბრიტანელი მასწავლებლის ჰომოსექსუალიზმში დადანაშაულება გახლდათ. ერთ-ერთი ქართული გაზეთი წერდა, რომ მასწავლებელს „ბრალი დასდეს ჰომოსექსუალობაში“, რამაც სკანდალი გამოიწვია. სკანდალში კი იგი რამდენიმე ადამიანის მიერ შემჩნეულმა, ფეისბუქზე ატვირთულმა ფოტოებმა გაახვია. არ ვიცოდი, რომ მხოლოდ სურათებს შეეძლო სექსუალური სკანდალი გამოეწვია. მეტიც: არც ის ვიცოდი, რომ ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაული ყოფილა.
შემდეგი და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბრალდება ინგლისური ენის მასწავლებლებისადმი გახლავთ ის, რომ „სხვადასხვა სექტას“ მივეკუთვნებით. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, ეს რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ მითხრეს, თურმე, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ მივეკუთვნებით.
როგორც ჩემი ერთ-ერთი მეგობარი აღნიშნავს ხოლმე, ხანდახან სისხლის სამართლის დანაშაულს გედავებიან, ხანდახან კი _ სოციალურს.
აი, აქ კი ჩემთვის სიტუაცია იხლართება. სწრაფი მოდერნიზების სურვილი კი არსებობს, მაგრამ არსებობს ისეთ საზოგადოებაში, რომელიც საამისოდ მზად არაა. საზოგადოებას ევროპისკენ კი უჭირავს გეზი, მაგრამ გზად თავისი წარსულის წაღებაც უნდა. წარსულისა, რომელიც დიდი ხანია უარყვეს. „წარსულის თან წაღებაში“ ვგულისხმობ იმ პრაქტიკას, როცა უმცირესობაში მყოფი ხალხის აზრი საქართველოში იხშობოდა.
ჩემი ქართველი მეგობრები არ დაახანებენ და აღნიშნავენ, რომ ეს მენტალობა უფრო სოფლებშია ფესვგადგმული. მათ აქვე შევახსენებდი: ქართველთა უმრავლესობა სოფლებში ცხოვრობს. ამით არ მინდა სოფელში ცხოვრება დავუწუნო ვინმეს. თავად მე სოფელში ვცხოვრობ, ფანტასტიკურ ოჯახში, განათლებულ, მშრომელ, კეთილსა და გულგახსნილ ხალხში. მათ, უბრალოდ, მოსწონთ თავისთვის წყნარად ცხოვრება და საკუთარი საკვების მოწევა. თუმცა, მგონია, რომ ეს ოჯახი გამონაკლისია.
ეს ჩემი აზრია, მაგრამ შევეცდები ხალხს შევახსენო, რომ სოფელში უფრო მკვეთრად შეიგრძნობა, რას ნიშნავს ქართველობა, რომელსაც უმცირესობის აზრი არ აინტერესებს.
შეიძლება ეს პრობლემა არც იყოს, მაგრამ ხშირად, დაბრკოლებების ძალმომრეობით გადალახვაში სწორედ ქართული ფენომენი ჩანს.
მაგრამ, როდესაც ქვეყანა იწვევს ინგლისური ენის ათასობით მასწავლებელს, იგულისხმება, რომ ეს მასწავლებლები, ანუ ჩვენ, სრულიად განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები ვართ. რასაკვირველია, ვცდილობ ადაპტაციას, ვცდილობ სხვების გაგებას, მაგრამ გაგება ხომ ორმხრივი უნდა იყოს, განსაკუთრებით, თუ უნდათ თავიანთ ბავშვებს ინგლისური ენა ასწავლონ. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ სამი თვის გატარების მერე ვერ დავიჩემებ, რომ სრულებით აღვიქვი სიტუაცია და მისი რთული მხარეები. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ეს ჩემი, გარეშე პირის თვალით დანახული რეალობაა იმ ქვეყნისა, რომელიც თავისი ისტორიის განმავლობაში ხანგრძლივი დროით იყო ოკუპირებული, რომელიც იბრძვის თვითგამორკვევისთვის და რომელიც ეძებს საკუთარ ადგილს თანამედროვე ეპოქაში.
დანიელ სელვი არის პროგრამა “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” მონაწილე აშშ–ს დან, რომელიც ინგლისურ ენას ბათუმში ასწავლის. |