კომენტარი

რას ამბობენ ტელევიზორში და რას – ბრიუსელში

6 დეკემბერი, 2010 • 1676
რას ამბობენ ტელევიზორში და რას – ბრიუსელში

დისკუსია ბათუმის პრეს კაფეში
დისკუსია ბათუმის პრეს კაფეში

 ევროკავშირი და საქართველო _ ასეთი იყო 27 ნოემბერს ბათუმში, “პრესკაფეში”, გამართული დისკუსიის მთავარი თემა. მომხსენებელი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ფრანსუა მასულიე იყო. დისკუსია, რომელსაც ჟურნალისტები, სტუდენტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ, ორ საათს გაგრძელდა. “ბათუმელები” დისკუსიის მოკლე ვერსიას გთავაზობთ.

ლადო მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი: 2009-2010 წლისთვის, საქართველო საბიუჯეტო დახმარების სახით, კანონის უზენაესობის გამტკიცებისთვის ევროკავშირისგან 12 მილიონ ევროს იღებს. ეს თანხა განკუთვნილია სამართალდამცავი სტრუქტურების, სასჯელაღსრულებითი და პრობაციის სისტემის რეფორმირებისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გაუმჯობესებისთვის. მაგრამ ის ვალდებულება, რაც აღებული გვაქვს ევროკავშირის წინაშე, ძირითადად, ტექნიკური სახით სრულდება. 2007 წლის შემდეგ ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მუდმივად მიუთითებს, რომ თუ არ განხორციელდა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზება, ვერანაირი ციხის მშენებლობის პროგრამა ვერ უშველის ამ საქმეს. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

 ფრანსუა მასულიე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი: ვერანაირი პოლიტიკური ცვლილება ვერ იქნება მიღწეული პოლიტიკური ნების გარეშე, ამაში გეთანხმებით. ამჟამად ყველაფერი არ არის სრულყოფილი, ეს მიმდინარე პროცესია. ამა წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა სისხლის სამართლის ახალი პროცესუალური კოდექსი. მართალია, ეს დოკუმენტი და ცვლილებები არ არის სრულყოფილი, მაგრამ ეს წინგადადგმული ნაბიჯია. დაგეთანხმებით იმაში, რომ საქართველოში არის სისტემური პრობლემა, საპატიმროებში 23 ათასი ადამიანია, ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის შეფარდებით საქართველო პატიმართა რაოდენობით მესამე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, მიდგომის საკითხია, ამ თვალსაზრისით წინ არის ამერიკა და რუსეთი, მაგრამ ეს არ არის ევროპული გზა.

ამჟამად გვაქვს დისკუსია საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორ გაგრძელდეს მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსის მიმართულებით. გადაწყვეტილება საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, იქნება თუ არა ეს ევროპული გზა. ჩვენ ძალად არავის ვახვევთ თავს ევროპულ გზას, საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

გიორგი მასალკინი, ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი: საქართველოში ევროკავშირის მესიჯების თარგმანი, ინტერპრეტაცია თავისებურად ხდება, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, ანუ თქვენი მესიჯები ჩვენამდე ხშირად დამახინჯებულად მოდის. მაგალითად, ლისაბონის სამიტის გაშუქებისას მედიაში ითქვა, რომ ევროკავშირმა მოიწონა ცვლილებები ჩვენს კონსტიტუციაში. მეორე ნაწილი ამ შეფასებისა, რომ ევროკავშირი მწუხარებას გამოხატავს, ვენეციის კომისიის შენიშვნების გაუზიარებლობის გამო, ტექსტიდან იქნა ამოღებული. ინფორმაციის 95 პროცენტი მოდის ტელეარხებიდან და ასე ხშირად თარგმნიან. აცნობიერებს თუ არა ევროკავშირი ამ პრობლემას? 

ფრანსუა მასულიე: დიახ, ჩვენ ვიცით ამის შესახებ. რასაკვირველია, თქვენზე კარგად არა, მაგრამ ჩვენ ვიცნობთ თქვენს პოზიციას, ისევე, როგორც სხვა ჯგუფის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მოვალეობაშია ორივე პოზიციის მოსმენა და დასკვნების გამოტანა. არის პრობლემა მედიასთან დაკავშირებით საქართველოში და მე არ ვეცდები სიტუაციის შერბილებას, მაგრამ არსებობს გარკვეული მეთოდოლოგიური საკითხი, ზოგადად. ჩემი ქვეყნის მაგალითი რომ მოვიყვანო, საფრანგეთში გარკვეული მედიასაშუალებების ხელში ხდება მაყურებლისა თუ მკითხველის გარკვეული ნაწილის კონცენტრაცია, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ გარკვეული ტენდენციურობა საფრანგეთშიც კი არის. თავისუფლება ყოველთვის როდია გარანტირებული, ეს მუდმივი ბრძოლის საგანია, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება მედიის თავისუფლებას.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაპატიჟეს პრეზიდენტი სააკაშვილი ორჯერ ევროპარლამენტში. მე მსურს ერთი რამის მკვეთრად განსაზღვრა, ჩვენ ადამიანებს პიროვნულად არ ვაფასებთ, უნდა გავმიჯნოთ, ერთი მხრივ, პიროვნებები და თუნდაც მათი პოლიტიკური პოზიციები და მეორე მხრივ, სახელმწიფო. როცა ჩვენ ვეპატიჟებით პრეზიდენტ სააკაშვილს, გამოვიდეს ევროპის პარლამენტში, ჩვენ ვეპატიჟებით პრეზიდენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს და ეს ასახავს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის.

ემზარ დიასამიძე, ჟურნალისტი: საქართველომ გადაუხვია თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს, დაკავებული არიან ბიზნესმენები, მათ შორის დაკავებულია ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის, სოზარ სუბარის ძმა იმ ბრალდებით, რომ მისმა კომპანიამ ორი თეთრით უფრო იაფად თუ ძვირად გაყიდა საქონელი, რისი უფლებაც, თუ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვართ, ყველას უნდა ჰქონდეს. უნდა გააკეთონ თუ არა ასეთ მოვლენებზე ევროკავშირმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა უფრო მკაცრი განცხადება?

ფრანსუა მასულიე: თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული კითხვა დასვით, რადგან ეს, ერთი მხრივ, დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან და ასევე თავისუფალი ვაჭრობის საკითხთან. მე არ ვაპირებ, გავაკეთო კომენტარი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, მაგრამ ჩვენ განვასხვავებთ ორ დონეს _ სისტემურ რეფორმებსა და კონკრეტულ შემთხვევებს. ჩვენი შეფასებით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ვაჭრობის სფეროში დაიწყო სისტემური რევოლუცია და ეს იყო პოზიტიური. თქვენ მიერ მოყვანილი მაგალითი კონკრეტულია. დიახ, არის სხვა მაგალითები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ინფორმირებულნი ასეთი შემთხვევების შესახებ. რიგი პოლიტიკოსებისა გვეუბნება, რომ არის ზეწოლა ბიზნესმენებზე, რომლებიც მათ უჭერენ მხარს. მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ გავაკეთო ამის შეფასება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჩვენ ძალიან დეტალურად ვადევნებთ თვალყურს რამდენიმე შემთხვევას. ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ დიპლომატიის საკითხებთანაც. როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოშიც, თუ ჩვენ გვექნება ეჭვი, რომ არის ბიზნესმენებზე ზეწოლის მაგალითი, შევეცდებით, ხელისუფლებასთან ამ საკითხზე საუბარს დიპლომატიურად. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, უპასუხებს თუ არა ის ჩვენს კითხვებს.

გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტი: ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ გვინდა გაწევრიანება ევროკავშირში. რამდენად რეალურია ეს სამი ფაქტორის გათვალისწინებით: პირველი _ ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, მეორე _ ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი ლიდერი დახმარების მიმღები ქვეყნების რიგებში, და მესამე _ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში არჩევნები არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი საზომი. ჩვენს ქვეყანაში კი, ჯერჯერობით, არც ერთი ხელისუფლება არ შეცვლილა არჩევნების გზით. ასეთი ქვეყანა რამდენად შესაძლებელია გახდეს ევროკავშირის წევრი?

ფრანსუა მასულიე: ბრიუსელში არავინ ამბობს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი (რეპლიკა დარბაზიდან: ამას ტელევიზორში ამბობენ). მაშინ ბრჭყალებს გავხსნი და მოვყვები მაგალითს, რომელიც ცოტა ანეგდოტურია. გასულ კვირას პრეზიდენტ ბაროზოსა და სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში, ორივე პრეზიდენტმა ჩაატარა პრესკონფერენცია.

ძალიან საინტერესო რამ მოხდა “რუსთავი 2-ზე”. წამყვანმა გამოაცხადა – პრეზიდენტმა ბაროზომ თქვა, რომ საქართველოს გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ამ წინადადებამ, როგორც მედიაში ხდება ხოლმე, თავისი ცხოვრება შეიძინა და გავრცელდა. ევროკავშირის წარმომადგენლობაში მოლოცვებიც კი მივიღეთ, ეს გადასცეს სხვა ქვეყნის სააგენტოებმაც. მოკლე პერიოდში ამ ინფორმაციამ საკმაოდ დიდი პანიკა გამოიწვია ბრიუსელში, ნუთუ პრეზიდენტმა ბაროზომ მართლა თქვა ეს?!

საბედნიეროდ, არსებობს ამ შეხვედრის სრული ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ბაროზომ შესთავაზა საქართველოს, გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებაზე. არ ვიცი, თუ გაასწორა შეცდომა “რუსთავი 2”-მა, იმედია გაასწორებს. შეცდომა შეიძლება პროფესიონალსაც მოუვიდეს, მაგრამ როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხს გადასცემ შეცდომით, მისი გასწორება აუცილებელია. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, რათა თქვენ მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ ყველაფრის გაკეთება თქვენ მაგივრად, მას არ შეუძლია.

ასე რომ, ევროკავშირი არ სთავაზობს საქართველოს წევრობას. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოა, ეს დაკავშირებულია ევროკავშირის გაფართოების დინამიკასთან. 2004-2007 წლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების რაოდენობა 15-დან 27-მდე გაიზარდა. გულწრფელად გეტყვით, ჩვენ, ჯერჯერობით, ვერც კი მოვინელეთ ეს გაფართოება.

რაც შეეხება კონფლიქტებს, თქვენ ძალიან სერიოზული პრობლემა გაქვთ, მაგრამ თუ ხელისუფლება და საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად, მე მივიჩნევ, რომ ის არ უნდა გახდეს სიტუაციის მძევალი. როცა ამას ვამბობ, მხედველობაში მაქვს კონკრეტული მაგალითი _ კვიპროსი არ არის გაერთიანებული, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ განახორციელოს რეფორმები, მოხდეს ეკონომიკური ზრდა, სოციალური განვითარება და ეს ყველაფერი მდგრადი იყოს. ჩვენ ევროკავშირში არა ვართ რევოლუციონერები, ჩვენ ვართ რეფორმისტები, ჩვენ ყველაფერს ვუყურებთ განვითარებაში, დინამიკაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი