ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გასული წლის დეკემბერში გამოძევებული თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, თუმცა ამბობს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მასთან შეხვედრას ამ დრომდე არ თანხმდება. მეარაყიშვილის თქმით, 14 აგვისტოდან მინისტრთან პირად შეხვედრას ითხოვს, სამინისტროში კი ეუბნებიან, რომ ახვლედიანი „დაკავებულია“.

თამარ მეარაყიშვილს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორიდან იძულებით გამოაძევა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნის შემდეგ საქართველოს არცერთი სახელმწიფო უწყება არ შეხვედრია და არც რაიმე დახმარება შეუთავაზებიათ მისთვის.

პირველადი მოხმარების ნივთების გარეშე დარჩენილმა, ცხინვალის მიერ გამოძევებული მეარაყიშვილმა საცხოვრებელი ბინა მოქალაქეების დახმარებით იქირავა, თუმცა ამბობს, რომ ქირის გადახდას მხოლოდ მიმდინარე თვის ბოლომდე შეძლებს და მომდევნო თვიდან საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება.

ამ ფონზე ის 14 აგვისტოს შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან პირად შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით უწყებაში განცხადება შეიტანა, თუმცა განცხადების ჩაბარებაზეც თავიდან უარი უთხრეს.

მეარაყიშვილის თქმით, იმ დღეს ის უწყებიდან არ წასულა და საბოლოოდ განცხადების ჩაბარება შეძლო. ამის შემდეგ კი, როგორც ამბობს, სახელმწიფო მინისტრის აპარატში არაერთხელ დარეკა და კითხულობდა, როდის მიიღებდა მას თეა ახვლედიანი.

თამარ მეარაყიშვილის 14 აგვისტოს განცხადება

მისივე თქმით, პასუხად აპარატის თანამშრომლები მინისტრის მოუცლელობაზე ესაუბრებიან.

„მეუბნებიან, რომ მინისტრი დაკავებულია. მიკვირს, რით შეიძლება იყოს მინისტრი იმდენად დაკავებული, რომ 20 წუთი ვერ გამონახოს ჩემთვის“, – ამბობს მეარაყიშვილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას უთხრეს, რომ მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, რათა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვედროდა, თუმცა მეარაყიშვილი ამბობს, რომ ამ ზარს არ უპასუხა.

მეარაყიშვილი ამბობს, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორედ სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან შეხვედრა, საკუთარი პრობლემების პირადად განხილვა და მისგან კონკრეტული დაპირების მიღება, რომ სანამ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, სახელმწიფო მას საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

„მე არ ვითხოვ საჩუქრად ბინას. მინდა, სანამ აქ ვარ და სანამ დაბრუნების შესაძლებლობა არ მაქვს, სახელმწიფომ უზრუნველყოს ჩემი საცხოვრებლით“, – ამბობს ის.

მეარაყიშვილის თქმით, მისთვის განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ არ ინტერესდება სახელმწიფო მისი მდგომარეობით.

„ცხინვალმა გამომაძევა როგორც საქართველოს მოქალაქე და ახლა თბილისში ჩემს პრობლემას უგულებელყოფენ. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, – ამბობს მეარაყიშვილი.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრებში მინისტრის აპარატის თანამშრომლები მას ხმამაღალი ტონითაც ესაუბრებიან და სახელმწიფო ინსტიტუტის პატივისცემის ვალდებულებაზე მიუთითებენ.

“დღეს შერიგების სამინისტროში ისიც მითხრეს, რომ არ არიან ვალდებული თავშესაფრით უზრუნველმყონ”.

მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ორშაბათიდან თეა ახვლედიანთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას დაიწყებს.

„ჩემთვის ომი 2008 წელს არ დასრულებულა“

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ბევრმა ახალგორი დატოვა, თამარ იქ დარჩენა გადაწყვიტა. წლების განმავლობაში მას დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან დევნა, სისხლის სამართლის საქმეები, გადაადგილების შეზღუდვა და სასამართლო პროცესები ჰქონდა.

2017 წელს მეარაყიშვილი პირველად დააკავეს და ბრალი წაუყენეს პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. ეს საქმეები 2023 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

2025 წლის დეკემბერში ის კვლავ დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ამჯერად მას „ჯაშუშობა“ დასდო ბრალად და განაცხადა, რომ ის საქართველოს სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ უცხოურ მედიასაშუალებებს ინფორმაციას გადასცემდა. მეარაყიშვილი ბრალდებას უარყოფდა. მოგვიანებით ის საოკუპაციო ტერიტორიიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იძულებით გამოაძევეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო უწყებები მისი არც ჯანმრთელობის მდგომარეობით და არც საცხოვრებლით დაინტერესებულან. მისი მიმართვის შემდეგ, მეარაყიშვილს მხოლოდ დევნილის სტატუსის აღება შეთავაზეს, თუმცა, ვერ იმას შეპირდნენ, რომ ეს მის მდგომარეობას შეამსუბუქებდა.

2026 წლის ივნისში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მისი საქმე გაეროშიც წარადგინა. DRI-ის განცხადებით, დაკავებიდან და გაძევებიდან ხუთი თვის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებას მეარაყიშვილთან შეხვედრა არ ჰქონდა გამართული და სახელმწიფოს მისთვის არც ჯანდაცვის და არც სოციალური მხარდაჭერის სერვისები ჰქონდა შეთავაზებული.

ახლა კი თავად მეარაყიშვილი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა – მოქალაქეების დახმარებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და არ იცის, სად იცხოვრებს მომდევნო თვიდან.

მეარაყიშვილი ამბობს, რომ მას ქართული სახელმწიფოსგან ბინის ჩუქება არასდროს მოუთხოვია.

„საჩუქრადაც კი არ მინდოდა ბინა ქართული სახელმწიფოსგან, მხოლოდ დროებით მაინც, სანამ დაბრუნების საშუალება მექნებოდა ახალგორში. მე თავის დროზე იმ თანხით, რა თანხითაც იქ ვიყიდე ბინა, აქაც შემეძლო მეყიდა, მაგრამ მე იქ ცხოვრება ავირჩიე, რადგან მიყვარს ახალგორი. იქ დავიბადე, იქ ვცხოვრობდი, ყველა ჩემი მოგონება იქაურობას უკავშირდება და ბუნებრივია, იქ მინდა ცხოვრება. აქ დევნილთა სააგენტოში დევნილის სტატუსის აღება მირჩიეს, თუმცა, მეუბნებიან რომ უამრავი ადამიანია რიგში და მე ვერ მექნება რაიმე გარანტია, საცხოვრებლით დამაკმაყოფილონ. მაშინ რად მინდა ცარიელი ფურცელი, მითუმეტეს მე სახელმწიფოსგან მხოლოდ დროებით თავშესაფარს ვითხოვ “.

„რატომ მიმატოვეს უპატრონოდ?“

მეარაყიშვილის თქმით, ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ წლების განმავლობაში, როდესაც ახალგორში დევნის პირობებში ცხოვრობდა, საქართველოს სახელმწიფოსგან პრაქტიკული მხარდაჭერა ვერ მიიღო და იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ახლა, როდესაც იძულებით გამოაძევეს.

„რატომ მიმატოვეს უპატრონოდ, რატომ არავინ მომიკითხა, სულ ეს კითხვა მიტრიალებს და გული მწყდება. ის, რომ ამდენი წელი იქ თითქოს ყოჩაღად ვიყავი, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს განცდა არ ჰქონოდა, რომ ცუდად ვარ. რატომ არ იფიქრეს, რომ თუნდაც ფსიქოლოგი მჭირდება, ექიმი მჭირდება“, – ამბობდა ის ნეტგაზეთთან ინტერვიუში აგვისტოში.

მისი თქმით, ის საკუთარ სახლს დღესაც ახალგორში ხედავს.

„მგონია, რომ ომში ვარ. ომიც ხომ მიწისთვის, სახლების ბრძოლაა. მე ვიბრძვი საკუთარი სახლისთვის. ვიბრძოდი ჯერ იქ, სადაც დავიბადე, იქიდან გამოძევებული ისევ იმ ბინისთვის ვიბრძვი. აქ უცხოდ ვგრძნობ თავს. არავინ მყავს ჩემიანი, არაფერი გამაჩნია ჩემი. სტუმარივით ვარ აქ“.

მეარაყიშვილის თქმით, სახელმწიფოსთან მისი ურთიერთობა 31 დეკემბერს დასრულდა, იმ დღეს, როდესაც ის საოკუპაციო ტერიტორიიდან გამოაძევეს და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.

„ყველაზე გულსატკენი კი ისაა, რომ თბილისამდეც არ ჩამომიყვანა სახელმწიფომ. არ ვიცი, რატომ არ გაასაჯაროვეს დღემდე ჩემი გამოძევების კადრები. ორი კამერით მიღებდნენ“, – ამბობს ის.

თამარ მეარაყიშვილი ცხინვალიდან გამოძევების დროს

 

მისი თქმით, ამჟამად კი მთავარი მოთხოვნა ერთი მარტივია, შეხვდეს ადამიანს, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებზე სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე.

„წარმოიდგინონ, რომ მოვკვდი და ისე დამელაპარაკონ მაშინ“, – ამბობს მეარაყიშვილი.

თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ორშაბათიდან თეა ახვლედიანთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას დაიწყებს.

თამარ მარაყიშვილთან საუბრის შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატს მივმართეთ მეარაყიშვილისა და მინისტრის შეხვედრის შესახებ კითხვით, თუმცა, ამ ეტაპზე კომენტარი უწყებას არ გაუკეთებია.